პუტინმა უკრაინას ახალი ძალით შეუტია - კვირის პალიტრა

პუტინმა უკრაინას ახალი ძალით შეუტია

დონეცკის აეროპორტის აღების შემდეგ პრორუსი სეპარატისტები და რუსი სამხედროები დებალცევოში უკრაინელების ალყაში მოქცევასა და მარიუპოლიზე შეტევას გეგმავენ

242-დღიანი ბრძოლის შემდეგ უკვე თითქმის მიწასთან გასწორებული დონეცკის აეროპორტის ორივე ტერმინალი პრორუსმა ტერორისტებმა დაიკავეს. მართალია, ახლა დონეცკის აეროპორტს თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა დაკარგული აქვს, რადგან მისი ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ფაქტობრივად, ფრონტის ხაზზეა და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, უკრაინელი "კიბორგების" მიერ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე მისმა დაცვამ დადებითი შედეგი მაინც გამოიღო - შარშან აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში ილოვაისკისთან "ტომარაში" მოყოლილი უკრაინული დანაყოფების განადგურების შემდეგ დონეცკის აეროპორტის დაცვა უკრაინის არმიისთვის პრესტიჟის საქმედ იქცა.

დღეს უკრაინის არმია ახალი დიდი საშიშროების წინაშე დგას - დებალცევოსთან ის შეიძლება ახალ "ტომარაში" აღმოჩნდეს და ილოვაისკის ტრაგედია გამეორდეს, რადგან დებალცევოსთან ფრონტის ხაზი გასწორებული არ არის და უკრაინელების საბრძოლო პოზიციებს მტერი სამი მხრიდან უტევს.

დებალცევოს გარდა, უკრაინელთა მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა სამხრეთით - ქ. მარიუპოლს რუსული არტილერია განუწყვეტლივ ბომბავს და სავარაუდოდ, მის ალყაში მოქცევასა და აღებას აპირებს.

მარიუპოლის დაკარგვა უკრაინელებისთვის უდიდესი დარტყმა იქნება, რადგან ამით მოწინააღმდეგეს საშუალება მიეცემა, აზოვის ზღვის სანაპიროს გასწვრივ სახმელეთო დერეფანი გაჭრას ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულამდე, რის შემდეგაც რუსეთი ნიკოლაევისა და ოდესის მიმართულებით იერიშის გაგრძელებას და სეპარატისტულ დნესტრისპირეთში გასვლას ეცდება.

მიუხედავად იმისა, რომ მინსკის მოლაპარაკებებმა ოფიციალურ კიევს სულის მოთქმის, ჯარების გადაჯგუფებისა და არმიის შედარებით გაძლიერების საშუალება მისცა, ახალი წლის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ პუტინის რეჟიმი უკან დახევას არ აპირებს და ვა-ბანკზე მიდის. მას სურს, უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, კატასტროფის წინაშე დააყენოს.

ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთიდან კვლავ დაუბრკოლებლად შედის საბრძოლო ტექნიკა, ტყვია-წამალი და ცოცხალი ძალა. თუ ამას არ აღკვეთს, ამ ომში უკრაინა დამარცხდება.

უკრაინისთვის ერთ-ერთ გამოსავლად შეიძლებოდა ქცეულიყო დასავლეთის სამხედრო-ტექნიკური დახმარება, მაგრამ როგორ შეიძლება "ჯაველინების" მიწოდებაზე ლაპარაკი, როდესაც აშშ-ის ხელისუფლებამ დღემდე ოფიციალურად არ გაავრცელა სადაზვერვო დოკუმენტური მასალები იმის შესახებ, თუ როგორ გზავნის მოსკოვი დონბასში ტანკებს თუ "გრადებს" და როგორ იბრძვის უკრაინის არმიის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების 8-9-ათასიანი საბრძოლო დაჯგუფება ადგილობრივი პრორუსი სეპარატისტების მხარდამხარ.

მიუხედავად ასეთი შეუპოვრობისა, უკრაინა თუ მარტო დარჩება, რუსეთთან ომში დამარცხდება, რადგან მოსკოვი, სხვა რომ არაფერი, კიევს მატერიალური რესურსით მოუგებს. უკრაინას სასწრაფოდ გვერდით დადგომა სჭირდება, რაც უპირველესად აშშ-ს შეუძლია. თუ პრეზიდენტ ბარაქ ობამას ხელისუფლება გააქტიურდება და უკრაინას დაეხმარება, ეს იქნება სიგნალი ევროკავშირის წევრი ბევრი ქვეყნისთვისაც, რომლებიც, სავარაუდოდ, თეთრ სახლს მიჰბაძავენ. სამწუხაროდ, პირველი ნაბიჯის გადადგმას ჯერჯერობით არავინ აპირებს, არადა, უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, ტერიტორიულ მთლიანობას (ანექსირებულ ყირიმზე ახლა საუბარიც აღარ ღირს) საფრთხე ემუქრება, თუმცა, რა გვიკვირს - ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, საქართველომ ხომ უკვე გამოსცადა თავის თავზე?!