საბედისწერო Ф-1 ხელყუმბარა - როგორ ააფეთქეს იური ვაზაგაშვილი
26-01-2015
საბედისწერო Ф-1 ხელყუმბარა - როგორ ააფეთქეს იური ვაზაგაშვილი
"ამ აფეთქების მომწყობი მაღალი დონის პროფესიონალი მენაღმე შეიძლება არც ყოფილიყო"

20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილის სასაფლაოზე მომხდარმა აფეთქებამ განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია, რადგან ამას შეეწირა იური ვაზაგაშვილი - 2006 წელს თბილისში, კორტებთან, მანქანაში პოლიციის მიერ ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა.

იური ვაზაგაშვილი შვილის დაღუპვის შემდეგ 8 წელზე მეტხანს ეძებდა დამნაშავეებს, უპირისპირდებოდა წინა ხელისუფლებას, ბოლო დროს კი არც დღევანდელი ხელისუფლების გაკრიტიკებას ერიდებოდა, რადგან მისი აზრით, 2006 წლის კორტების სპეცოპერაციაში მონაწილე რამდენიმე პოლიციელი
გასამართლების ნაცვლად დააწინაურეს კიდეც. იგი რამდენიმე დღეში უცნობ მოწმესთანაც აპირებდა შეხვედრას, რომლისგანაც კორტების ოპერაციაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ელოდა.

ზემოთქმულის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იური ვაზაგაშვილის ფიზიკური განადგურებით შეიძლება დაინტერესებული იყვნენ როგორც კორტების ოპერაციასთან დაკავშირებული პირები, ისე კონკრეტული პოლიტიკური ძალებიც, მაგრამ შვილის საფლავზე მამის აფეთქება მაინც განსაკუთრებული
სისასტიკეა.
აფეთქების დამკვეთებისა და შემსრულებლების გამოვლენა გამოძიების საქმეა, თუმცა, ჩვენ შევეცდებით, აღვადგინოთ აფეთქების სურათი და ვივარაუდოთ, რა სახის ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენეს 20 იანვარს ყარაფილის სასაფლაოზე.

მეზობლის დასაფლავებაზე ჩასული იური ვაზაგაშვილი, ბუნებრივია, შვილის საფლავზეც მივიდა. სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება.

ასეთ დროს ჩნდება ორი კითხვა: რა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა გამოიყენეს და როგორ ამოქმედდა იგი.
აფეთქების მეორე დღეს შემთხვევის ადგილზე მყოფი დამოუკიდებელი ექსპერტის (რომელიც დაზარალებულის ოჯახმა დაიქირავა) ტელეინტერვიუდან შევიტყვეთ, რომ აფეთქდა ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო ნაკეთობა, ამასთან, აფეთქების ადგილზე ვერ აღმოაჩინეს რადიოელექტრონული მოწყობილობის მცირე ფრაგმენტებიც კი, რაც გამორიცხავს ასაფეთქებელი მოწყობილობის რადიომართვადი პულტით დისტანციურად ამოქმედებას.

ამის მიხედვით შეიძლებოდა გამოგვეტანა დასკვნა, რომ საფლავზე აფეთქდა არცთუ დიდი სიმძლავრის ქარხნული წარმოების საბრძოლო ნაკეთობა - ხელყუმბარა, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, მცირეკალიბრიანი ჭურვი ან ნაღმსატყორცნის ნაღმი.

ასევე უნდა გამოირიცხოს საათის მექანიზმით აფეთქების ვერსიაც, რადგან რა დროს მივიდოდა სასაფლაოზე იური ვაზაგაშვილი, აფეთქების მომწყობმა კი არა, თვითონაც არ იცოდა.
რჩება ვერსია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის ინიცირება მექანიკურად, მასთან შეხების შედეგად მოხდა.
20 იანვარსვე, აფეთქებიდან რამდენიმე საათში, პირველი არხის გადამღებმა ჯგუფმა აფეთქების ვიდეოკადრები მომიტანა კომენტარის გასაკეთებლად. ძალიან ძნელია მხოლოდ ვიდეოკადრებით იმის გარკვევა, რა აფეთქდა, თუმცა, ჩემი ყურადღება მაშინვე მიიპყრო დაღუპული იური ვაზაგაშვილის შუბლზე რამდენიმე ერთმანეთის მსგავსმა ჭრილობამ, რომელთა ზომები შეესაბამებოდა საბჭოთა წარმოების Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებისას წარმოქმნილი ნამსხვრევებით  მიყენებულ ჭრილობებს. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ იური ვაზაგაშვილი Ф-1 ტიპის ხელყუმბარის აფეთქებას შეეწირა(!).
როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო აფეთქება? შვილის საფლავზე შესულმა იური ვაზაგაშვილმა შენიშნა, რომ ერთი ფილა მიწაზე არასწორად იდო, მისი გასწორება სცადა და ხელით წამოსწია, რასაც 3-4 წამის შემდეგ ამ ფილის ქვეშ ჩადებული Ф-1 ხელყუმბარის აფეთქება მოჰყვა.

ხელყუმბარაში ჩახრახნილ ფალიას მოხსნილი ჰქონდა დამცველი რგოლი (კრიმინალისტებმა კარგად რომ მოძებნონ, შეიძლება სასაფლაოს ტერიტორიაზე იპოვონ კიდევაც ეს რგოლი), სახელურს გახსნის საშუალებას კი ზემოდან დადებული ფილის სიმძიმე არ აძლევდა.
ხელყუმბარის აფეთქების ეს ხერხი ანუ "ბომბა-სიურპრიზი" ომებში (ვიეტნამის, ავღანეთის, ყარაბაღის, აფხაზეთის) დიდი ხანია, გამოიყენება. ბრძოლის ველზე ცხედრების ქვეშ დებენ ასაფეთქებლად შეყენებულ ხელყუმბარებს, რომლებიც ცხედრის აღებისთანავე ფეთქდება.

ზემოხსენებულით შეიძლება იმის მტკიცება, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე ასაფეთქებლად შეყენებული ხელყუმბარის დამდებს ან დამდებთ ჰქონდათ საბრძოლო მოქმედების გამოცდილება (ყოველ შემთხვევაში, ხელყუმბარები მაინც გამოუყენებიათ, რაც ფსიქოლოგიურ მომზადებას მოითხოვს, რადგან ბევრს ხელყუმბარის შორს გადაგდებისაც კი პანიკურად ეშინია), თუმცა, არამართებული იქნება ცალსახად იმის თქმა, რომ აფეთქების მომწყობები მაღალი დონის პროფესიონალებს შორის უნდა ეძებოს გამოძიებამ.
აფეთქების მომწყობებმა სწორი ფსიქოლოგიური გათვლა გააკეთეს - შვილმკვდარი მამა საფლავის თითოეულ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო  დეტალსაც კი კარგად იცნობს, ამიტომ უეჭველად მოხვდებოდა თვალში გადაადგილებული ფილა და მის ჩვეულ ადგილზე დაბრუნებას მოინდომებდა.

როგორ მოხდა აფეთქება


რგოლგამოცლილი და ასაფეთქებლად გამზადებული Ф-1 ტიპის ხელყუმბარა სასაფლაოს სწორედ ამ ადგილას იყო ჩადებული და ზემოდან ფილა ეფარა, რომლის სიმძიმე ხელყუმბარის სახელურს ბოლომდე გაშლის საშუალებას არ აძლევდა. როგორც კი იური ვაზაგაშვილმა ფილა ასწია, 3-4 წამის შემდეგ ამფეთქის ინიცირება მოხდა, რომელმაც ხელყუმბარაში განთავსებული 60 გრამი ტროტილი ააფეთქა და ხელყუმბარის კორპუსის ნამსხვრევებმა იქვე მდგარ იური ვაზაგაშვილს გადარჩენის შანსი არ დაუტოვა...

ჩვენი დოსიე

საბჭოთა წარმოების თავდაცვითი დანიშნულების Ф-1 ტიპის ხელყუმბარა 600 გრამამდე იწონის. ხელით მისი გადაგდება 25-40 მეტრზე შეიძლება, მაგრამ აუცილებლად სანგრიდან ან სხვა საფრიდან, რადგან იგი აფეთქებისას სხვადასხვა ზომისა და მასის (ძირითადად, 1-2 გრამის) 300-მდე ნამსხვრევს 700-720 მ/წმ საწყისი სიჩქარით (მაგალითად, "კალაშნიკოვის" 7,62 მმ კალიბრის ტყვიის საწყისი სიჩქარე 730მ/წმ-ია) გატყორცნის, რომლებიც ადამიანს 70-100 მ-ის რადიუსში აზიანებს. თუმცა, უსაფრთხო ზონად 200 მ-იანი რადიუსი ითვლება, რადგან ზოგიერთმა ნამსხვრევმა დამაზიანებელი ძალა შეიძლება 100-150 მეტრზეც შეინარჩუნოს.
გელა
27 თებერვალი 2015 18:40
mariam

საერთოდ წაიკითხე სტატია? ან თუ წაიკითხე თუ მიხვდი რა წერია? სად ერეკელე და სად შენი კომენტარი. ?
jemali
29 იანვარი 2015 12:59
საიდიდან დაადგინეს რომ ფილის ქვეშ იყო, ან კოლიცო რა იქნა? იქნება კოლიცო არ იყო გამოცლილი, უბრალოდ უსიკები ჰქონდა მოჭრილი, კოლიცო ძუით მიბმული იყო ყვავილებზე და ვინც ყვავილს აიღებდა აფეთქდებოდა, კოლიცოს გამოძრობას უკვე ძალა აღარ უნდოდა. აქ მარტო თეორეტიკოსები კი არა, ომგამოვლილი ექსპერტიც უნდა ჩაერთოს
gavazeli
27 იანვარი 2015 18:25
მაგის გამკეთებელს, რაგინდ ცივსისხლიანი მკვლელი ყოფილიყო, ხო უნდა ეფიქრა, რომ იური შესაძლოა მარტო არ მისულიყო საფლავზე? ხომ შეიძლება, ბავშვთან ერთად ყოფილიყო?

რედაქტორის რჩევით