როდის გაიხსნება NATO-ს ცენტრი საქართველოში - ინტერვიუ თავდაცვის მინისტრთან - კვირის პალიტრა

როდის გაიხსნება NATO-ს ცენტრი საქართველოში - ინტერვიუ თავდაცვის მინისტრთან

"ქართველი სამხედროები აანალიზებენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს..."

NATO-ს სასწავლო ცენტრის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე, თავდაცვის სფეროში განსახორციელებელ ტენდერებსა და რუსეთისგან მომავალ საფრთხეებზე გვესაუბრება საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე.

- რამდენად მნიშვნელოვანი იყო NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრ ვერშბოუს, ვიზიტი საქართველოში და ვაზიანი შეირჩა თუ არა NATO-ს სასწავლო ცენტრის აშენების ადგილად?

-  NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის, ალექსანდრ ვერშბოუს ვიზიტს ჰქონდა როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მნიშვნელობა. პოლიტიკური მნიშვნელობა გახლდათ ის, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ახალმა ხელმძღვანელობამ მკაფიო მესიჯი გამოუგზავნა საქართველოს მოსახლეობას იმასთან დაკავშირებით, რომ ალიანსი ჩვენს ქვეყანასთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის, პრაქტიკული მნიშვნელობა კი გახლავთ ის, რომ ჩვენ განვიხილეთ უელსის სამიტზე მიღებული პაკეტის იმპლემენტაციის საკითხები, მათ შორის - საქართველოში  NATO-ს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა.

ვერშბოუს დავათვალიერებინეთ თბილისის გარნიზონის რამდენიმე სამხედრო ნაწილი, მათ შორის, ვაზიანში დისლოცირებული მე-4 მექანიზებული ბრიგადაც. იგი დაესწრო ვაზიანის პოლიგონზე გამართული ქართული არმიის ასეულის საველე საჩვენებელ სწავლებას.

დღეს იმის მტკიცება, რომ ცენტრის დისლოკაციის ადგილად უკვე შერჩეულია ვაზიანი, მართებული არ იქნება,

რადგან თებერვალში საქართველოში ჩამოდის  NATO-ს შემფასებელთა ჯგუფი, რომელიც გვირჩევს, სად სჯობს ამ ცენტრის აშენება.

- რა ფუნქცია ექნება NATO-ს სასწავლო ცენტრს, როგორი იქნება მისი ინფრასტრუქტურა და რა ძირითადი განსხვავებაა ასეთ ცენტრსა და NATO-ს სამხედრო ბაზას შორის?

- ასეთი ცენტრის დაარსების უპირველესი მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების ამაღლება NATO-ს სტანდარტებამდე. ეს ხანგრძლივი პროცესი 2001 წელს, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით დაიწყო და მას შემდეგ გრძელდება, რათა ქართული არმიის შესაძლებლობები შეესაბამებოდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოთხოვნებს.

გარდა ამის, ცენტრის დანიშნულება იქნება არა მარტო ქართული საბრძოლო დანაყოფების, არამედ NAთO-ს სხვა წევრი და ასევე ალიანსის პარტნიორი ქვეყნების დანაყოფების ერთობლივი წვრთნების ჩატარება და მათი მზადყოფნის ობიექტური შეფასება.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის საბაზისო მომზადების ცენტრი, ანუ აქ სამხედროები მომზადებას ნულიდან კი არ დაიწყებენ, არამედ მოხდება უკვე არსებული დანაყოფების საბრძოლო გამოცდილების შერწყმა. ცენტრს შეეძლება ბატალიონის დონის დანაყოფის წვრთნისა და შეფასების პროცესის განხორციელება, რომლის დროსაც გამოვლინდება ამ დანაყოფის ნაკლოვანებები, გაანალიზდება მისი მონაცემები და დაისახება შეცდომების გამოსწორების გზები.

წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელიც საქართველოში უნდა ამოქმედდეს, იქნება უნიკალური, რადგან NATO-ს არაწევრ ქვეყანაში ასეთი ცენტრი პირველად იხსნება.

- ვისი სახსრებით უნდა აშენდეს ცენტრი, საქართველოს თუ ალიანსის?

- ჩვენმა სახელმწიფომ უელსის სამიტზე აიღო ვალდებულება, რომ ამ ცენტრს, ისევე, როგორც არსებითი პაკეტის სხვა ღონისძიებებს, დააფინანსებს საქართველოს ბიუჯეტი. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის მშენებლობის ხარჯები მიმდინარე წლის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის, სახელმწიფო ბიუჯეტი, სავარაუდოდ, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფს საჭირო თანხას. თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად გადაწყდება ცენტრის აშენება.

მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ  NATO-ს წვრთნისა და შეფასების ცენტრი არ არის NATO-ს სამხედრო ბაზა.

ამ ცენტრს ეყოლება შეზღუდული რაოდენობის (რამდენიმე ათეული) მაღალი დონის ქართველი და უცხოელი  სამხედრო ინსტრუქტორი, რომელთა მთავარი ამოცანა სწორედ წვრთნების ორგანიზება და შეფასება იქნება. სამხედრო ბაზის მთავარი ფუნქცია კი საბრძოლო მოქმედებების წარმოებაა, რაც ამ ცენტრს არავითარ შემთხვევაში არ ექნება.

მინდა დავაზუსტო, თუ რატომ არის რთული მომავალი ცენტრის ადგილის შერჩევა.

ჩვენ გვინდა, ამ ცენტრში წვრთნები გაიაროს შეიარაღებული ძალების თითქმის ყველა სახეობამ - როგორც ქვეითმა, ისე მექანიზებულმა დანაყოფებმა,

არტილერისტებმა, მენაღმეებმა, მზვერავებმა, ავიაციამ, ამიტომაც ცენტრის ადგილი ჩვენს პარტნიორებთან ერთად კარგად უნდა შევარჩიოთ.

- რა ინიციატივით წარდგება ქართული დელეგაცია  NATO-ს მინისტერიალზე და რას ელოდებით ამ მინისტერიალისგან?

- ბრიუსელის მინისტერიალზე მთავარი საკითხი იქნება უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესის განხილვა. ამ პროცესში საქართველოს გარდა ალიანსის წევრი ქვეყნების დელეგაციებიც მონაწილეობენ და მათგან ახალ შემოთავაზებებს ველოდებით. მინისტერიალზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ორმხრივ შეხვედრებს, რადგან ასეთ ურთიერთობებში ჯერ კიდევ ბევრი რესურსია აუთვისებელი, რომელთა მაქსიმალურად გამოყენება საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები, გავაღრმავოთ როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა.

- ახლა სხვა საკითხს შევეხოთ... თქვენი მინისტრობისას როგორ მიმდინარეობს ტენდერები შესყიდვებზე, არის თუ არა დარღვევები?

- ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენი გუნდის დიდ ყურადღებას იმსახურებს.  შესყიდვების პროცესი აუცილებლად წარიმართება კანონის  დაცვით და იქნება გამჭვირვალე. საიდუმლო გრიფით განხორციელებული შესყიდვების შესახებ, რა თქმა უნდა, მასმედიასა და საზოგადოებას ვერ ვაცნობებთ, მაგრამ მათ გაკონტროლებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ნდობის ჯგუფი შეძლებს.

შესყიდვების სისტემა, რომელიც აქ დაგვხვდა, არც ისე მოწესრიგებული იყო. შესყიდვებზე ტენდერების ჩატარებას ახლებურად ვგეგმავთ, რისთვისაც ვაყალიბებთ სტანდარტებისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტს, რათა განვსაზღვროთ, რა და როგორი ხარისხის უნდა შეიძინონ თავდაცვის სამინისტრომ და შეიარაღებულმა ძალებმა.

- სამხედრო ბიუჯეტის დიდი ნაწილი სამხედრო მოსამსახურეთა ხელფასებსა და სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე იხარჯება, დანაყოფების წვრთნის და მით უმეტეს, საბრძოლო ტექნიკის რემონტისა და ახლის შეძენისთვის კი ძალიან ცოტა თანხა რჩება. აპირებს თუ არა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ მხრივ რამის შეცვლას?

- სამწუხაროდ, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის დიდი ნაწილი მართლაც სახელფასო და სოციალურ განაკვეთზე იხარჯება და ეს უფრო დიდი პროცენტია, ვიდრე NATO-ს სტანდარტით არის გათვალისწინებული. ამ პრობლემის მოგვარების ორი გზა არსებობს: პირველი - გადავხედოთ თავდაცვის ბიუჯეტს, რომელიც წელს 640 მლნ ლარს შეადგენს და გარკვეული ეკონომიის შედეგად თანხების ნაწილის აკუმულირება შევძლოთ (თუმცა, ეს ბიუჯეტის გაზრდის გარეშე საკმარისი არ იქნება).

პრემიერ-მინისტრიც და მთავრობაც მზად არიან თავდაცვის ბიუჯეტის გასაზრდელად და არ არის გამორიცხული, წლის განმავლობაში არმიისთვის დამატებითი თანხა გამოიყოს.

- როგორც თავდაცვის მინისტრი, რამდენად რეალურად მიიჩნევთ რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განახლების საფრთხეს?

- ჩვენ ვაძლიერებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობას, რასაც ითვალისწინებს ერთობლივი წვრთნისა და შეფასებით ცენტრის ამოქმედებაც. ჩვენ თავს არავის ვესხმით და ამიტომაც რუსეთში არ უნდა უფრთხოდნენ იმას, რაც საქართველოში კეთდება.

ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ კორექტული, მხარს ვუჭერთ პრობლემების დიალოგით მოგვარებას, მაგრამ

სანამ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს საქართველოს 20% აქვთ ოკუპირებული და ახლა მოსკოვი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსირებასაც ცდილობს, მშვიდად ვერ ვიქნებით!

- როგორ ფიქრობთ, რუსეთ-უკრაინის ომის გაანალიზება დაგვეხმარება თუ არა, რომ ჩვენს ქვეყანას საფრთხე ავარიდოთ?

- ჩვენი სამხედროები, რა თქმა უნდა, აანალიზებენ უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. უკრაინას უნდა აღმოვუჩინოთ ყველანაირი დახმარება,  მაგრამ არა - ბრძოლებში ჩართვით, რომ შემდეგ ეს საქართველოს სახიფათოდ არ შემოუტრიალდეს.