შინდისის გმირები ძველმა რუკამ იმსხვერპლა? - კვირის პალიტრა

შინდისის გმირები ძველმა რუკამ იმსხვერპლა?

აგვისტოს ომში სოფელ შინდისთან ბრძოლაში დაღუპული 17 ქართველი სამხედრო შეიძლება დღესაც ცოცხალი ყოფილიყო, მათ თანამედროვე ტოპოგრაფიული რუკები რომ ჰქონოდათ...

2008 წლის 11 აგვისტოს, რამდენიმედღიანი ომის მიწურულს, სოფელ შინდისთან რუსეთის საბრძოლო დანაყოფთან შეტაკებისას ქართული არმიის სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის 17 სამხედრო დაიღუპა, რომლებიც საქართველოს უახლეს ისტორიაში "შინდისის გმირების" სახელით შევიდნენ - მათ შეუპოვრად იბრძოლეს და მტერს ცოცხლად არ ჩაბარდნენ.

რაც ახლა უნდა ვთქვათ, შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს შინდისში დაღუპული 17 ქართველი მებრძოლის ახლობლებისთვის. საქმე ის გახლავთ, რომ მათი გადარჩენა შესაძლებელი იყო, რომ არა რამდენიმე საბედისწერო გარემოების დამთხვევა.

პირველი და ძირითადი გარემოება გახლავთ ის, რომ ამ დანაყოფს, ისევე, როგორც მაშინდელი ქართული არმიის თითქმის ყველა საბრძოლო შენაერთს, არ ჰქონდა ახალი კოორდინატთა სისტემით შედგენილი თანამედროვე ტოპოგრაფიული რუკები. ჯერ კიდევ 1999 წლის 30 აპრილს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, საქართველოში ყველა სახელმწიფო სტრუქტურას და უპირველესად - შეიარაღებულ ძალებს უნდა დაეწყოთ ახალ კოორდინატთა სისტემა WGS84-ის მიხედვით შედგენილი ტოპოგრაფიული რუკების გამოყენება, მაგრამ ეს არც შევარდნაძისა და არც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არ გაკეთდა (ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, თითქოს ჯერ კიდევ 2007 წელს თავდაცვის სამინისტრომ გარკვეული თანხაც გადარიცხა ახალი რუკების შესაქმნელად, თუმცა, რუკები არმიას არ მიუღია) და 2008 წლის აგვისტოს ომს საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო დანაყოფები ძველი, საბჭოთა კავშირის გენშტაბის მიერ 1987 წელს შედგენილი ტოპოგრაფიული რუკებით შეხვდნენ.

შინდისის სარკინიგზო სადგურთან ბრძოლისას სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის საავტომობილო კოლონის მეთაურობა, სავარაუდოდ, სწორედ 1987 წლის ტოპოგრაფიულ რუკას იყენებდა, რომელზეც სოფელ  ყელქცეულიდან სოფელ შინდისამდე მიმავალი ერთი ასფალტირებული გზაა აღნიშნული, არადა, 2008 წლის აგვისტოში უკვე 10-ზე მეტი გრუნტის გზა არსებობდა, რომლებიც ყელქცეული-შინდისის ასფალტირებული გზიდან სამხრეთით, სოფელ საქაშეთისკენ ბაღებში გადის. იმ დროს წვიმები არ იყო და ჩვენი საინჟინრო ასეულის კოლონის მაღალი გამავლობის მანქანებს დაუბრკოლებლად შეეძლოთ სამხრეთით წასვლა ისე, რომ შინდისის რკინიგზის სადგურის გადასასვლელთან რუსულ ჯავშანჯგუფს არ შეჰფეთებოდნენ.

მეორე გარემოება თვითმხილველთა ნაამბობს ეყრდნობა. "კვირის პალიტრას" სოფელ ყელქცეულის ორი მკვიდრი - ალექსი ბეროზაშვილი და გიორგი წეველიძე - ესაუბრა, რომელთა მონაყოლით ნათელი ხდება, რაოდენ ადვილი იქნებოდა ტრაგედიის თავიდან აცილება.

ახალგაზრდები ჰყვებიან, რომ 2008 წლის 11 აგვისტოს, დღის 2 საათისთვის, სოფელ ყელქცეულში შეკრებილი მოსახლეობა ბჭობდა, გაეხიზნათ თუ არა ოჯახები, მით უმეტეს, რომ შორიახლოს უკვე სროლის ხმა ისმოდა და რუსულმა ბომბდამშენმა მიმდებარე ტერიტორიაც დაბომბა. სოფლის უკიდურეს მარჯვენა მხარეს მალე ჯავშანტექნიკა გამოჩნდა, რომელიც სოფელს ქვემო ხვითის მხრიდან მოუახლოვდა. სოფლის რამდენიმე ახალგაზრდას ისინი ქართველი სამხედროები ეგონა, რადგან ქართული ტელევიზიები ისევ დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ ცხინვალის დიდ ნაწილს ქართული არმია აკონტროლებდა. ჯავშანკოლონის პირველი ტანკი ცოტა ხანს შეჩერდა, შემდეგ მკვეთრად მიუხვია მარცხნივ და გეზი შინდისის სარკინიგზო სადგურისკენ აიღო. მკვეთრი მოხვევის შედეგად ტანკიდან ერთი ავტომატიანი სამხედრო ჩამოვარდა და კინაღამ მეორე ტანკმა გადაუარა. ქართველმა ახალგაზრდებმა წაქცეულის წამოყენება სცადეს, რადგან ქართველი ჯარისკაცი ეგონათ, მაგრამ მან დახმარების მსურველებს ავტომატი მოუღერა და კოლონის სხვა ჯავშანმანქანაზე ახტა, თუმცა, მიწაზე დარჩა ბუშლატი, რომელსაც სახელოზე ეწერა Россия. უდავო იყო, რომ ყელქცეულიდან შინდისის სარკინიგზო სადგურისკენ რუსეთის არმიის ჯავშანკოლონა გაემართა - ანუ მათ უკვე გამოიარეს ცხინვალიც, ზემო ნიქოზიც, ზემო და ქვემო ხვითიც.

რუსი ჯარისკაცის ბუშლატი სოფლის ცენტრში მიიტანეს იმის დასტურად, რომ  ქართული ტელევიზიების გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბრძოლები ჯერ კიდევ ცხინვალთან მიმდინარეობდა, სიცრუე იყო.

დაახლოებით ერთ საათში ქვემო ხვითიდან ყელქცეულში (სოფლის დასავლეთით) სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის კოლონა შევიდა. სოფლის ცენტრში კოლონის წინ მომავალი შავი "ტოიოტა ლენდ კრუიზერი" გაჩერდა. ახალგაზრდებს ჰკითხეს, როგორ მისულიყვნენ შინდისამდე.

გიორგი წეველიძემ მანქანაში მსხდომ ქართველ სამხედროებს აუხსნა, რომ ყელქცეულიდან შინდისისკენ მიმავალ ასფალტირებულ გზაზე მოძრაობა სახიფათო იქნებოდა, რადგან ერთი საათის წინ ამ მიმართულებით რუსული ჯავშანკოლონა წავიდა, ხოლო შემოვლითი გზებით სოფელ საქაშეთამდე ჩასვლა და მერე ცენტრალურ ავტომაგისტრალზე გასვლა უფრო უხიფათო იქნებოდა, თუმცა, მანქანაში მსხდომებმა გეზი მაინც რკინიგზის სადგურისაკენ აიღეს...

ცოტა ხანში შინდისის რკინიგზის სადგურის გადასასვლელთან ტრაგედია დატრიალდა - მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის ავტოკოლონა რუსულ მედესანტეთა საბრძოლო მანქანების პირისპირ აღმოჩნდა.

თუ რუსულ წყაროებს დავუჯერებთ, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 76-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიის საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი ვარიანისკენ მიდიოდა იქ არსებული ქართული არმიის ლოგისტიკური ბაზის ხელში ჩასაგდებად. შინდისის რკინიგზის სადგურთან რუსების ერთ მედესანტეთა საბრძოლო მანქანას БМД-1-ს მუხლუხო წასძვრა და გაჩერდა. რუსულმა ჯავშანკოლონამ გზა გააგრძელა, გაფუჭებულ ჯავშანმანქანასთან კი მეორე БМД-1 დატოვა. 15-ოდე წუთში ყელქცეულიდან შინდისისკენ მიმავალმა ქართულმა კოლონამ რკინიგზის გადასასვლელთან შეუხვია.

ქართული შენაერთის წინ მომავალი ჯიპების დანახვისთანავე რუსმა სამხედროებმა ჯერ ერთჯერადი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნიდან ისროლეს და შავ "ტოიოტას" მოარტყეს, შემდეგ კი БМД-1 -ის 73მმ-იანი კალიბრის ქვემეხებიდან მსხვრევად-ფუგასური ჭურვებით გაუხსნეს ცეცხლი ქართული კოლონის გაჩერებულ ავტომობილებს, რომლებიც მათთვის კარგი სამიზნე იყო.

მართალია, რუსი სამხედროები უფრო მცირერიცხოვანი იყვნენ (ზოგიერთი მონაცემის თანახმად, სულ ცხრა კაცი), მაგრამ მათ მხარეს იყო მოულოდნელობის ეფექტი და რაც მთავარია, ჰქონდათ ორი მედესანტეთა საბრძოლო მანქანა ორი 73მმ-იანი ნახევრად ავტომატური ქვემეხითა და მათთან შეწყვილებული ორი 7,62 მმ კალიბრის სატანკო ტყვიამფრქვევით, ასევე - ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნები, ქართული კოლონა კი შეუჯავშნავი "ტოიოტას" ჯიპის, "ტოიოტა ჰაი-ლუქსების" პიკაპების, საარმიო "ლენდ როვერსებისა" და სატვირთო "კრაზებისგან" შედგებოდა, რაც მათ გადარჩენის შანსს არ უტოვებდა.

ამასთან, რუსმა მედესანტეებმა რაციით დამხმარე ძალა გამოიძახეს და მალე ბრძოლის ადგილზე 693-ე მოტომსროლელი პოლკის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანებიც გამოჩნდა...

სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის კოლონას თანამედროვე ტოპოგრაფიული რუკები რომ ჰქონოდათ ან ყელქცეულის ახალგაზრდებისათვის დაეჯერებინათ და შინდისისკენ არ წასულიყვნენ, ამ ტრაგედიას თავიდან ავიცილებდით.

დავუშვათ, რომ კოლონის მეთაურს სარდლობის კატეგორიული ბრძანება ჰქონდა, სასწრაფოდ შინდისში და შემდეგ - ვარიანში მისულიყვნენ და ამიტომაც მათ, გაფრთხილების მიუხედავად, ყელქცეულიდან შინდისისკენ გასწიეს. მაშინ აუცილებელი იყო, კოლონის წინ დასაზვერად წასულიყო ერთი მანქანა, რომელიც შეიძლება პირველი სამიზნე აღმოჩენილიყო, მაგრამ სხვებს გააფრთხილებდა, ისინიც უკან დაიხევდნენ და სამშვიდობოს გავიდოდნენ...

P.S. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბმა შარშან დაამთავრა 2008 წლის აგვისტოს ომის დეტალების მოკვლევა, თუმცა, შედეგები საზოგადოებისთვის დღემდე არავის გაუცნია. საინტერესოა, გამოკვლეულია თუ არა შინდისთან ბრძოლის პერიპეტიები და რა დასკვნა დევს ამ საკითხზე.