აგვისტოს ომის საშიში დანატოვარი - სკრაში ურთულესი განაღმვითი ოპერაცია იწყება - კვირის პალიტრა

აგვისტოს ომის საშიში დანატოვარი - სკრაში ურთულესი განაღმვითი ოპერაცია იწყება

სკრაში ძალიან რთული განაღმვითი ოპერაცია იწყება, რომლის ანალოგი ისტორიაში არცთუ ბევრია

80 ათასი 82 და 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნის ნაღმი, 20 ათასამდე 122 მმ-იანი საარტილერიო ჭურვი, 2 ათასი 125 მმ-იანი სატანკო ჭურვი, 30 ათასზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარსატყორცნის მსხვრევად-ფუგასური რეაქტიული ჭურვი - სულ 170 ათასზე მეტი ერთეული საბრძოლო მასალა ქართულმა არმიამ რამდენიმე წამში დაკარგა, მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გორში შემოსულმა რუსმა სამხედროებმა სოფელ სკრასთან საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მასალების მიწისქვეშა საცავი ჯერ დაგვინაღმეს და მერე აგვიფეთქეს. აგვისტოს ომის დანაკარგებს შორის სკრის მიწისქვეშა საცავის აფეთქებას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, თუმცა, დამწვარი და ჯართად ქცეული ტანკებისა თუ ჯავშანმანქანებისგან განსხვავებით, სკრის უკვე ყოფილი საბრძოლო მასალების მიწისქვეშა საცავი აფეთქების შემდეგაც კვლავ დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ვფიქრობთ, მის ქვეშ ათიათასობით აუფეთქებელი ჭურვი და ნაღმი დარჩა, რომლებიც ადრე თუ გვიან შეიძლება მიწის ზემოთ გამოჩნდეს (წვიმებისა და ღვარცოფების შედეგად), ხოლო აფეთქებული საბრძოლო მასალის მავნე ქიმიურ ნარჩენებს დროთა განმავლობაში მიწისქვეშა წყლები მდ. მტკვარში ჩაიტანს, რომელიც აფეთქების ადგილიდან 900 მ-ში ჩაედინება.

ეს მიწისქვეშა ბეტონირებული საცავი, რომლის სიგრძე 150 მ იყო და რვა 70 მ-იანი განშტოება ჰქონდა, საბჭოთა პერიოდში ხილ-ბოსტნეულის შესანახად გამოიყენებოდა. 2006 წლიდან იგი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მასალის საცავად გადაკეთდა და დამონტაჟდა სპეციალური აპარატურა ტემპერატურისა და სინესტის დასარეგულირებლად, რაც ფეთქებადი მასალების შენახვისას აუცილებელია.

რუსმა სამხედროებმა გორში შემოსვლისთანავე დაიწყეს ქართული არმიის შეიარაღების ძირითადი საწყობების ძებნა, თუმცა, სკრის მიწისქვეშა საცავს, სავარაუდოდ, ზოგიერთი იქაურის მითითების შემდეგ მიაგნეს, შიგ შევიდნენ, დანაღმეს და საათისმექანიზმიანი ამფეთქით ააფეთქეს.

აფეთქების ძალა ძალიან ძლიერი გამოდგა, რასაც მთის ფერდობიდან დაახლოებით 250 ათასი კუბური მეტრი მოცულობის მიწის ქანების ჩამოშლა მოჰყვა (ალბათ, მიწისქვეშა ბიძგს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განთავსებული სეისმოლოგიური სადგურებიც დააფიქსირებდნენ). აფეთქებული და აუფეთქებელი ჭურვებისა და ნაღმების ნაწილი საცავიდან გარეთ გამოიტყორცნა და საცავის წინ დაახლოებით 200 ათას კვმ-ზე გაიფანტა.

2009 წლის ივლის-აგვისტოში თავდაცვის სამინისტროს მენაღმეებმა და "დელტას" სპეციალისტებმა აფეთქებული საცავის წინ მიმოფანტული საბრძოლო მასალები შეაგროვეს, პოლიგონზე გაიტანეს და გაანადგურეს, თუმცა, მთავარი საფრთხე სწორედ ჩამოშლილი მთის ქანების ქვეშ დარჩა, სადაც ათიათასობით აუფეთქებელი საბრძოლო მასალა უნდა იყოს მიწაში შერეული. განსაკუთრებით საშიშია 82 და 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნის ნაღმები, რომელთაც თავში ამფეთქები უკვე დაყენებული ჰქონდათ.

სკრის საბრძოლო მასალების უკვე ყოფილი მიწისქვეშა საცავის ნანგრევების ჰუმანიტარული განაღმვა (ანუ სრული გარანტია, რომ იქ ფეთქებადსაშიში მასალები აღარ დარჩება) ძალიან ძვირი და ტექნიკურად რთულად შესასრულებელი ამოცანაა. ეს საკუთარი ძალებით ვერ შეძლო საქართველოს ვერც ძველმა და ვერც ახალმა ხელისუფლებამ. საქართველოს დახმარება ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გადაწყვიტა, რისთვისაც შემუშავდა  NATO-ს  PfP-ის (პროგრამა "პარტნიორობა მშვიდობისათვის") სატრასტო ფონდის პროექტი "საქართველო IV", რომელიც  NATO-ს უზრუნველყოფისა და მომარაგების სააგენტოს (NSPA)  მიერ ლიტვისა და ჩეხეთის რესპუბლიკის დონორობით ფინანსდება (თანხა 1,6 მლნ ევროს შეადგენს), განაღმვით სამუშაოებს კი სამხედრო-ტექნიკური ცენტრის - "დელტას" სპეციალისტები და თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის 30-მდე გამოცდილი მენაღმე განახორციელებს.

"დელტამ" უკვე დაამზადა შეჯავშნული ექსკავატორი და ბულდოზერი, რომლებიც მძღოლების უსაფრთხოებას დაიცავს მოულოდნელი აფეთქების შემთხვევაში, აუფეთქებელი ჭურვების გამოსატანად კი გამოყენებული იქნება დისტანციურად მართვადი "ბობკატი" (ჯავშანტრანსპორტიორის ტიპი).

პროექტის პირველ ეტაპზე მოიხსნება მიწისქვეშა საცავის წინ ჩამოშლილი ქანების მასა, მას გამოიტანენ შეჯავშნული ექსკავატორითა და ბულდოზერით, რის შემდეგ თანამედროვე ლითონმძებნი აპარატურით აღჭურვილი მენაღმეები მათში აუფეთქებელ საბძოლო მასალასა და უკვე აფეთქებული ჭურვების ფრაგმენტებს აღმოაჩენენ, შეაგროვებენ და ვაზიანის პოლიგონზე გაიტანენ გასანადგურებლად, ის საბრძოლო მასალა კი, რომლის ტრანსპორტირება სახიფათო იქნება, ადგილზე განადგურდება.

მეორე ეტაპი მიწისქვეშა საცავის შიგნით შეღწევას ითვალისწინებს, მაგრამ იქნება თუ არა ეს შესაძლებელი, მხოლოდ ჩამოშლილი მთის მასის მოხსნის შემდეგ გამოჩნდება.

სკრაში ძალიან რთული განაღმვითი ოპერაცია იწყება, რომლის ანალოგი ისტორიაში არცთუ ბევრია. რა თქმა უნდა, ძნელია იმასთან შეგუება, რომ საქართველოს მოქალაქეთა გადასახადებით ნაყიდი თითქმის 1200 ტონა საერთო მასის ასიათასობით ჭური და ნაღმი ვერ გამოვიყენეთ შემოჭრილი მტრის წინააღმდეგ, მაგრამ მიწაში დარჩენილი აუფეთქებელი საბრძოლო მასალის გაუვნებლება უდავოდ საშური საქმეა.