პუტინმა კვლავ ყველა მოატყუა?!
16-02-2015
პუტინმა კვლავ ყველა მოატყუა?!
მინსკის მეორე სამშვიდობო ხელშეკრულებაც ფარატინა ქაღალდად დარჩება?

დებალცევოსთან უკრაინის არმიის 8-ათასიანი დაჯგუფების "ტომარაში" მოქცევა მთელი უკრაინის დემორალიზებას გამოიწვევს


16 თებერვალს, "კვირის პალიტრის" ამ ნომრის გამოსვლისას, უკვე ცხადი იქნება, ამუშავდა თუ არა მინსკში ხელმოწერილი შეთანხმება 15 თებერვლის 00:00 სთ-დან ცეცხლის შეწყვეტისა და დაპირისპირებული ძალების დაშორიშორების შესახებ.

14 თებერვალს კი, როდესაც ეს სტატია იწერება, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნიშნები არ ჩანს. უფრო მეტიც - ჩნდება ეჭვი, რომ კრემლი
დან პრორუსმა სეპარატისტებმა და რუსული რეგულარული არმიის საბრძოლო დანაყოფებმა მიიღეს განსაკუთრებული ბრძანება, რადაც უნდა დაუჯდეთ, დებალცევოსთან "ტომარაში" 15 თებერვლამდე მოაქციონ უკრაინის არმიის 8-ათასიანი დაჯგუფება და მეორე, უფრო მასშტაბური ილოვაისკის ტრაგედია მოაწყონ, რაც მთელი უკრაინის დემორალიზებას გამოიწვევს.
შარშან, აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში, როდესაც ილოვაისკთან (დონეცკის აღმოსავლეთით) "ტომარაში" რამდენიმე
ასეული უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ვწერდით, რომ უკრაინის გენშტაბს აუცილებლად უნდა გაესწორებინა ფრონტის ხაზი, ისე, რომ მისი დანაყოფები ახალ ალყაში არ მოქცეულიყვნენ. ამისთვის საჭირო იყო, დონეცკის აეროპორტის (რომელსაც დაზიანებების გამო უკვე დაკარგული ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა) დანგრეული შენობების დაცვისთვის კი არ შეეკლათ თავი, არამედ აეროდრომის ჩრდილო-დასავლეთით, სოფლებში გაემაგრებინათ პოზიციები.

რაც შეეხება დებალცევოს, იქ უკრაინის არმიის პოზიციები რამდენიმე ათეული კმ-ით იყო შეჭრილი პრორუსი სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე და რუს გენერლებს კვლავ ჰქონდათ დიდი სურვილი, "ტომარაში" მოექციათ უკრაინელები.

მინსკის პირველი სამშვიდობო ხელშეკრულების შედეგად ილოვაისკის ტრაგედიის შემდეგ უკრაინის არმიას ამოსუნთქვის, ჭრილობების მოშუშებისა და გადაჯგუფების საშუალება მიეცა. ამან კიევს გაუჩინა იმედი, რომ დონეცკის აეროპორტსაც შეინარჩუნებდნენ და დებალცევოს "აპენდიქსსაც".
სამწუხაროდ, უკრაინის გენშტაბმა არ გაასწორა ფრონტის ხაზი და შედეგმაც არ დააყოვნა - დღეს უკრაინელი სამხედროები ვეღარც დონეცკის აეროპორტის დანგრეულ შენობებს აკონტროლებენ (რაც დიდი ტრაგედია არ არის) და დებალცევოსთანაც დღე-დღეზე შეიძლება ალყაში მოექცნენ.

დებალცევოსკენ მიმავალი გზები პრორუს სეპარატისტებს გამოთოფილი აქვთ, რაც ძალზე ართულებს უკრაინული დანაყოფების მომარაგებას, ხოლო მათი სრული ჩაკეტვის შემთხვევაში უკრაინული არმიის თითქმის 8-ათასიანი დაჯგუფება უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

შეიძლება სწორედ ეს იყოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ვერაგული ჩანაფიქრიც - ერთი მხრივ, მინსკში უკრაინელ, გერმანელ და ფრანგ კოლეგებს დონბასში ცეცხლის შეწყვეტაზე შეუთანხმდა, ამავე დროს კი თავის გენერლებს დაავალა, ხელშეკრულების ამოქმედებამდე, ანუ 15 თებერვლამდე, მასირებულად შეეტიათ დებალცევოს "ტომარაში" მოსაქცევად.

პუტინის ორმაგ თამაშზე ისიც მეტყველებს, რომ როდესაც მინსკში ღამეული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რუსეთიდან დონეცკისკენ, საზღვარზე, 50-მდე რუსული ტანკი, ჯავშანმანქანა და "გრადი" გადავიდა.
ამ ურთულეს სიტუაციაში უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ჩვენც გვეხება - მან საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალშექმნილი "რეფორმების საკონსულტაციო საერთაშორისო საბჭოს" თავმჯდომარედ დანიშნა. სააკაშვილის განცხადების თანახმად, მას დაევალება დასავლური შეიარაღების უკრაინის არმიისთვის მიწოდების საკითხების კოორდინაცია. ამ საქმეში გამოცდილება მას, რა თქმა უნდა, აქვს, ოღონდ 2008 წლის აგვისტოს ომამდე, როდესაც მისი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით ქართული არმიისთვის საზღვარგარეთ - აშშ-ში, ისრაელში, უკრაინაში, ჩეხეთში, ბულგარეთში, პოლონეთში, თურქეთსა და სხვა ქვეყნებში ყიდულობდნენ იარაღს, აგვისტოს ომის შემდეგ კი რუსეთის ფაქტორისა და შეიძლება, სააკაშვილის ხელისუფლების არაორდინარული ქმედების გამოც, ძალიან ბევრმა ქვეყანამ საქართველოსთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

მართალია, რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებისას დასავლეთი უფრო აქტიური და ხისტია, ვიდრე რუსეთ-საქართველოს ომის დროს იყო, მაგრამ მაინც ძნელი სათქმელია, შეძლებს თუ არა საქართველოს ექსპრეზიდენტი, ხელი შეუწყოს დასავლური შეიარაღების უკრაინის არმიისთვის მიწოდებას.
qartveli
23 თებერვალი 2015 09:04
ბრავო უკრაინა,მათაც ხო გაიმარჯვეს,როგორც ჩვენ 2008-ში.ევროპა და ამერიკა ამ ომშიც ფულს აკეთებენ, ნუთუ ვერ ხვდებიან ამას უკრაინელები,დასავლეთს აწყობს ეს ომი,ნავთობის ფასის დაგდებით ძირითადად დასავლეთმა იხეირა.ეს ქვისთავიანი რუსები ამას ვერ ხვდებიან და კორიდას ხარივით დასდევენ დასავლეთის მიერ აფრიალებულ წითელ ნაჭერს,დასავლეთი კი ვითომ შეშფოთებული ხარხარებს.
რუსუდანი
20 თებერვალი 2015 10:30
როგორც ჩანს, მინსკის მოლაპარაკება რომ მიმდინარეობდა, დასავლეთმა ყურადღება მოადუნა და ამ დროს გადაისროლა დიდი ძალები რუსეთმა დებალცევოში. დასავლეთმა ვერაფრით ვერ გაიცნო ეს რუსეთი. მათთვის ხელშეკრულება იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიონ. მაგათ სანამ რუსეთი კარზე არ მიადგება, ვერ გამოფხიზლდებიან ბოჰემური ძილიდან.
იოცნებეთ
20 თებერვალი 2015 06:06
რუსეთი იარაღის ძალით ვინ და როდის დაამარცხა რო ამ დებილმა ბანდერელებმა დაამარცხონ?კარგად იციან დასავლეთში ვანიას ომში რომ ვერავინ ჯობნის,ათასი პროექტი განახორციელეს,ხან ნაპოლეონი აღაზევეს,ხან კაიზერ ხანაც გიტლერი მაგრამ ფეხებს ვერ მოსჭამენ ათასი წელი! თქვენ ელოდეთ რუსეთის დაშლას და იყავით,ოცნებას კაცი არ მოუკლავს.ილანძღეთ ეხლა რამდენიც გინდათ

რედაქტორის რჩევით