გაგრა - დებალცევოში - კვირის პალიტრა

გაგრა - დებალცევოში

უკრაინის არმიის წარუმატებლობა შეიარაღების სიმცირით კი არა, გენშტაბის სისუსტითაა განპირობებული

168 დაღუპული, 112 ტყვედ აყვანილი, 29 უგზო-უკვლოდ დაკარგული უკრაინელი მებრძოლი - აი, უკრაინის არმიის პირადი შემადგენლობის არასრული საბრძოლო დანაკარგი, რაც დებალცევოს ჯერ შენარჩუნებას, ხოლო შემდეგ ალყის გარღვევას მოჰყვა. სამწუხაროდ, ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან დებალცევოს რაიონში საბრძოლო მოქმედების ადგილზე ჯერ კიდევ პოულობენ უკრაინელი სამხედროების გვამებს...

პრორუსმა სეპარატისტებმა და რუსეთის რეგულარული არმიის საბრძოლო დანაყოფებმა მინსკში ხელმოწერილი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და დაპირისპირებული ძალების დაშორიშორების შესახებ იმავე დღეს დაარღვიეს და სამდღიანი გააფთრებული შეტევის შემდეგ დებალცევოს რაიონი დაიპყრეს.

როგორ ჰგავს ეს ყველაფერი 23 წლის წინანდელ გაგრის ტრაგედიას! მაშინაც, 1992 წლის 3 სექტემბერს, მოსკოვში ხელი მოეწერა შეთანხმებას აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ 1-ელ ოქტომბერს აფხაზმა სეპარატისტებმა, ჩრდილოკავკასიელ დაქირავებულებსა და რუსეთის არმიის სამხედრო ინსტრუქტორებთან ერთად შეუტიეს ისედაც ბლოკადაში მოქცეულ გაგრის რაიონს და აიღეს.

დონეცკის განადგურებული აეროპორტის დანგრეული ტერმინალებისა და დებალცევოს პოტენციური `ტომრის~ შესანარჩუნებლად უზარმაზარი რესურსების დახარჯვა და ასეულობით მებრძოლის გაწირვა უკრაინის ხელისუფლებისა და გენშტაბის დიდი შეცდომა იყო. დებალცევოს სარკინიგზო კვანძის აფეთქება ადრევე შეიძლებოდა, რის შემდეგაც უკრაინული დანაყოფები დატოვებდნენ დებალცევოს რაიონს და ფრონტის ხაზს გაასწორებდნენ. შედეგად უკრაინის არმიას დებალცევოში აღარც რამდენიმე ასეული დაღუპული, ტყვედ ჩავარდნილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული ეყოლებოდა და არც 200 ერთეულამდე საბრძოლო ტექნიკასა და ავტოტრანსპორტს (რომ აღარაფერი ვთქვათ ტყვია-წამლის დიდ მარაგზე) დაუტოვებდნენ მოწინააღმდეგეს...

უკრაინის არმიის მთავარი პრობლემა არა სათანადო შეიარაღების არქონა, არამედ სუსტი მართვაა. უკრაინული გენშტაბი ოპერაციების დაგეგმისთანავე მარცხდება მოწინააღმდეგესთან, რომელსაც, რა თქმა უნდა, არა დონბასელი მეშახტეები, არამედ რუსეთის გენშტაბი მართავს. შეიძლება არც კიევსა და არც დასავლეთში ამის აღიარება არ სურთ, მაგრამ რუსული სამხედრო ხელოვნება ჯერჯერობით კვლავ იმარჯვებს...