ავიაკატასტროფას გადარჩენილები... (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ავიაკატასტროფას გადარჩენილები... (ექსკლუზივი)

ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა პილოტმა ყველაფერი გააკეთა, რომ საჰაერო შემთხვევა კატასტროფად არ გადაქცეულიყო...

Bo-105-ის მაქსიმალური ასაფრენი მასაა 2,4 ტ და 270კმ/სთ სიჩქარით დაფრინავს. მას 5კმ სიმაღლის მთის თავზეც შეუძლია დაჯდომა

3000 მ-ის სიმაღლეზე, ხერგილის თავზე 30-ოდე მეტრის სიმაღლეზე Bო-105 ტიპის შვეულმფრენის პილოტი სიჩქარეს ანელებდა, რათა უცხოელი მოთხილამურეები სათხილამურო ტრასაზე გადაესვა, როდესაც მოულოდნელად მარჯვნიდან ქარმა შვეულმფრენს დიდი სიჩქარით დაარტყა და მკვეთრად მარჯვნივ მოატრიალა...

მანამდე ყველაფერი განრიგის მიხედვით ხდებოდა - ქარის სიჩქარე 3-5 მ/წმ იყო და შვეულმფრენების ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა პილოტმა შამილ ქორთოშიძემ მოასწრო ყაზბეგის რაიონში სათხილამურო ტრასაზე ტურისტების პირველი ჯგუფის გადასმა. 51 წლის თადარიგის პოლკოვნიკს საქართველოში (და არა მარტო საქართველოში) ბევრი იცნობს და მის პროფესიონალიზმს აფასებს. შამილ ქორთოშიძეს ჰაერში დაახლოებით 9 ათასი საათი აქვს გატარებული, სრულყოფილად აითვისა Ми-2, Ми-8МТВ, Ми-14,  ЕС-155 და Bo-105 ტიპის შვეულმფრენების პილოტირება და რთული მთაგორიანი რელიეფის პირობებში ფრენის ოსტატად ითვლება. ამ სტატიის ავტორს წლების განმავლობაში არაერთხელ უფრენია მასთან ერთად კავკასიონის ქედის გასწვრივ ძალიან დაბალ სიმაღლეზე (რუსულ რადიოლოკატორებს რომ არ აღმოვეჩინეთ) და საკუთარი თვალით აქვს ნანახი და განცდილი ის ხიფათი, რაც მთებში ქარის უეცარმა დაბერვამ შეიძლება შეუქმნას შვეულმფრენს.

24 თებერვლამდე შამილ ქორთოშიძეს ყაზბეგის რაიონის სწორედ ამ მონაკვეთში, 3 კმ-ის სიმაღლეზე, თითქმის 200-მდე დაჯდომა-აფრენა განუხორციელებია დაუბრკოლებლად, მაგრამ ამ დღეს გამოცდილი პილოტის პროფესიონალიზმს ბუნება დაუპირისპირდა.

მთის ხერგილზე დაფრენამდე პილოტმა დაჯდომის ადგილს დაბალ სიმაღლეზე შემოუფრინა და დაადგინა, რომელი მხრიდან უბერავდა ქარი. მონაცემების გათვალისწინებით, იგი მეორე წრეზე დასაშვებად გაემართა და შვეულმფრენის სიჩქარე 40კმ/სთ-მდე შეამცირა, მაგრამ მოულოდნელად ძლიერი ქარის დაბერვამ შვეულმფრენი მკვეთრად მარჯვნივ შემოატრიალა. პილოტი არ დაიბნა და შვეულმფრენის მართვის საჭე მკვეთრად მარცხნივ გადახარა, რათა მარცხენა დახრის ვირაჟით ხეობაში ჩაშვებულიყო და სიჩქარე აეკრიფა, თუმცა, ქარის წინაშე შვეულმფრენის მართვის ორგანოები უძლური აღმოჩნდა. შვეულმფრენმა თავისი ღერძის გარშემო მარჯვნივ უმართავი ბრუნვა დაიწყო, თუმცა, შამილმა მოახერხა, რომ საფრენი აპარატი კლდეს არ დასჯახებოდა...

მართვადაკარგული შვეულმფრენი მთის ფერდობს 30-ოდე მეტრის სიმაღლიდან დაენარცხა, თუმცა, თოვლის საფარმა დაცემის ძალა შეამცირა. დამტვრეულმა შვეულმფრენმა ციცაბო ფერდობზე სამი-ოთხი ბრუნი გააკეთა და გაჩერდა.

საბედნიეროდ, ყველა გადარჩა - პილოტი შამილ ქორთოშიძეც, სამი შვეიცარიელი მოთხილამურეც და მათი ასევე უცხოელი გიდი-ინსტრუქტორიც. უცხოელი ტურისტები, თითქოს არაფერი მომხდარაო, თხილამურებზე შედგნენ და ავარიის ადგილიდან ქვემოთ ჩასრიალდნენ. შედარებით მძიმე ტრავმა მიიღო პილოტმა, თუმცა, მან ჯერ შვეულმფრენზე იზრუნა -  თოვლით სავსე კაბინაში მოძებნა ტუმბლერები ელექტროკვების გასათიშად, გაცხელებული ძრავას ნაწილებს კი თოვლი  მიაყარა, რომ ავზიდან დაღვრილი საავიაციო ნავთი არ აალებულიყო.

შამილ ქორთოშიძისთვის, რომელიც 26 წელია შვეულმფრენით დაფრინავს, ეს პირველი ავარია იყო, რაც ადასტურებს, რომ ავიაცია რთული და საშიში სფეროა და კატასტროფისგან დაზღვეული არავინ არის...