არტილერია მართლაც გადავმალეთ, მაგრამ ყველა ვერ გადავარჩინეთ - კვირის პალიტრა

არტილერია მართლაც გადავმალეთ, მაგრამ ყველა ვერ გადავარჩინეთ

საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამ ბორჯომელი მოსწავლეების წინაშე ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტი გამოიწვია - შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს არ უნდა ეთქვა, რომ ბორჯომის ხეობაში მართლაც იყო გადამალული ქართული არტილერია, რადგან ამით "გაპრავდება" რუსეთის ავიაციის მიერ ბორჯომის ტყეების გადაწვაო.

ჩვენ პოლიტიკურ დებატებში არ ვერევით, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ამ გამოსვლით პრეზიდენტმა, ჩანს, მადლობის გადახდა სცადა იმ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლებმაც იცოდნენ, მაგრამ არ გასცეს ქართული არმიის გადამალული საბრძოლო ტექნიკის ადგილსამყოფელი. თუმცა ზოგიერთი დეტალი უთუოდ დასაზუსტებელია. ბორჯომისხეობელებს მართლაც ეკუთვნით დიდი მადლობა. ოღონდ ისინი ძირითადად ქართული არმიის სახმელეთო ჯარების ტექნიკას - ტანკებსა და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს მალავდნენ, ხოლო საარტილერიო ბრიგადის დანადგარების გადარჩენაზე მადლობა ქარელის რაიონში, ძამის ხეობის მოსახლეობას უნდა ვუთხრათ.

ბორჯომის ხეობაში მართლაც გადამალეს ქვეითი ბრიგადების Д-30 ტიპის ჰაუბიცები და ნაღმსატყორცნები, ძამის ხეობამ კი შეიფარა ქართული არტილერიის ძირითადი დამრტყმელი ძალა, მათ შორის "გრადები", "აკაციები" და RM-70-ები.

რუსული ავიაციის მუდმივი დაბომბვის მიუხედავად, საარტილერიო ბრიგადას საცეცხლე პოზიციებზე არც ერთი საარტილერიო დანადგარი არ დაუკარგავს (საცეცხლე პოზიციებზე, სამწუხაროდ, მთლიანად დავკარგეთ მე-4 ქვეითი ბრიგადის ყველა Д-30 და მე-5 ქვეითი ბრიგადის ერთი 152 მმ-იანი МСТА-Б ტიპის ჰაუბიცა).

თუმცა საარტილერიო ბრიგადის დანაკარგები მოგვიანებით მათი უკან დახევისა და ცუდად გადამალვის პროცესის შედეგია. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე გაფუჭდა და მიატოვეს ორი ცალი 152 მმ-იანი  თვითმავალი საარტილერიო დანადგარი DANA, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა მოგვიანებით გორის პოლიგონზე გადაიყვანეს და დაწვეს.

ყველაზე მეტი დაიკარგა 203 მმ კალიბრიანი Пион-ის ტიპის საარტილერიო დანადგარი. მათგან ერთი გორის საარტილერიო ბაზაში დარჩა და რუსმა ოკუპანტებმა ლულა აუფეთქეს, 5 მანქანა საბრძოლო მოქმედების რაიონიდან კი გაიყვანეს, მაგრამ მათი ჯეროვნად გადამალვა ვერ მოხერხდა - რუსმა აგრესორებმა აღმოაჩინეს და დაწვეს.

ერთადერთი სანუგეშო ის იყო, რომ ამ ხუთმა Пион-მა საერთო ჯამში 600-ზე მეტი ჭურვი გაისროლა და თავისი საბრძოლო დანიშნულება თითქმის ბოლომდე შეასრულა.

ბრძოლის წაგება, რა თქმა უნდა, ძნელი მოსანელებელია, მაგრამ როდესაც მტერი გჯობნის, შენი არმიის პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის უკან დახევა, გადამალვა და ამით მათი გადარჩენა ახალი ბრძოლისთვის, ყოველთვის გამართლებულია.

P.S. უსათუოდ აღსანიშნავია ერთი გარემოება: როდესაც ბორჯომისა და ქარელის რაიონების მოსახლეობა ყოველმხრივ ეხმარებოდა ტყეებში შეფარებულ ქართველ მებრძოლებს, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ქვეყნის გასაჭირზე ხელის მოთბობა მოინდომეს - აბა, რას უნდა მივაწეროთ ის, რომ გადამალული ქართული საარტილერიო დანადგარებიდან ზოგიერთმა ადგილობრივმა მოსახლემ ტონაზე მეტი დიზელის საწვავი და გადასატანი გენერატორები მოიპარა?!