პუტინის შიშით ობამა და მერკელი უკრაინას არ აიარაღებენ - კვირის პალიტრა

პუტინის შიშით ობამა და მერკელი უკრაინას არ აიარაღებენ

საქართველოს ექსპრეზიდენტის, ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის გუნდში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ოპტიმისტური მოლოდინი, რომ აშშ უკრაინას იარაღს გაუგზავნიდა, როგორც მოსალოდნელი იყო, არ გამართლდა. მიუხედავად სენატორთა და კონგრესმენთა მოთხოვნისა, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკრაინის არმიისთვის თავდაცვითი დანიშნულების შეიარაღების გაგზავნას არ ჩქარობს.

თეთრმა სახლმა მოულოდნელად შეაჩერა უკრაინელი სამხედროების გადამზადების პროგრამაც, რისთვისაც 300-მდე ამერიკელი მედესანტე უკვე ჩავიდა ლვოვში, იავოროვის პოლიგონზე.

ამერიკული მხარის განცხადებით, ისინი დააკვირდებიან, როგორ შესრულდება მინსკის ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, დაიწყონ თუ არა უკრაინელების მომზადება.

აშშ-ის პრეზიდენტის, მანამდე კი მისი ფრანგი კოლეგისა და გერმანიის კანცლერის უნიათო პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომლებშიც ნათლად ჩანს შიში, ადასტურებს ვარაუდს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა თითოეული მათგანი მკაცრად გააფრთხილა - თუკი დასავლეთი უკრაინას თავდაცვით შეიარაღებას მიაწვდის, რუსეთის არმია ღიად ჩაერთვება ომში და უკრაინულ ქალაქებს ერთმანეთის მიყოლებით დაიპყრობს.

მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში მთელი მსოფლიო დაელოდება დასავლეთისა და უპირველესად - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საპასუხო ქმედებას აგრესორის შესაჩერებლად, მაგრამ ძაღლის თავი სწორედ აქ არის დამარხული - არც NATO და არც აშშ არ არიან მზად, რუსეთთან ღია სამხედრო დაპირისპირებაში ჩაერთონ. ამას პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზების გარდა, სამხედრო მიზეზებიც აქვს.

უკრაინაში აგვისტოს ომისდროინდელი ქართული ისტორია მეორდება - დასავლეთი "აღშფოთება-შეშფოთებას~ დასჯერდება, რისიც რუსულ ტანკებს არ ეშინიათ!

სამაგიეროდ, როგორც ჩანს, დასავლეთის ლიდერებს იპყრობს შიში რუსეთის მბრძანებლის დანახვაზე. ასე რომ არ იყოს, ის, რაც ვლადიმირ პუტინმა მინსკის მოლაპარაკებიდან ორიოდე დღეში დებალცევოში გააკეთა, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებისთვის უდიდესი შეურაცხყოფა უნდა ყოფილიყო და მათ სიტყვის გამტეხი მხარისთვის პასუხი უნდა მოეთხოვათ.

ეს არ მოხდა, რაც გვაფიქრებინებს, რომ კრემლი აინუნშიაც არ აგდებს დასავლეთს და აკეთებს იმას, რაც სურს და გამოსდის.

თუ ასეა, უახლოეს მომავალში მარიუპოლისა თუ ხარკოვის მიმართულებით პრორუსი სეპარატისტების ახალ იერიშებს უნდა ველოდოთ.

ერთადერთი გზა, რამაც შეიძლება რუსეთის პრეზიდენტი შეაჩეროს, შესაბამისი ძალის დაპირისპირებაა. მოლაპარაკებები, შეშფოთებები, აღშფოთებები კი მხოლოდ წყლის ნაყვად რჩება...