რუსეთის შეიარაღებას NATO ვეღარ შეამოწმებს - კვირის პალიტრა

რუსეთის შეიარაღებას NATO ვეღარ შეამოწმებს

კრემლმა საბოლოოდ შეწყვიტა თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან შეიარაღების კონტროლის საკითხებში და დატოვა "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულება

ამიერიდან ევროპელი ვერიფიკატორები (შეიარაღების კონტროლის ინსპექტორები) ვეღარ შეძლებენ, შეამოწმონ რუსეთის ფედერაციის ევროპულ ნაწილში დისლოცირებული რუსული სამხედრო ნაწილების საბრძოლო ტექნიკა, რადგან მოსკოვმა საბოლოოდ დატოვა "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულება (CFE).

ამ ხელშეკრულებას NATO-სა და ვარშავის პაქტის ქვეყნებმა ჯერ კიდევ ცივი ომის დროს, 1990 წლის 19 ნოემბერს, პარიზში მოაწერეს ხელი. იგი ევროპის კონტინენტზე ჩვეულებრივი შეიარაღების შეზღუდვასა და მათ რაოდენობაზე კვოტების დაწესებას ითვალისწინებდა.

ერთ წელში საბჭოთა კავშირი დაიშალა და საბჭოთა არმიისთვის გამოყოფილი ჩვეულებრივი შეიარაღების კვოტები 1992 წლის 15 მაისს ტაშკენტში ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს გაუნაწილდა.

ამ კვოტების თანახმად, საქართველოს (ისევე, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანს) შეიარაღებაში შეიძლებოდა ჰქონოდა არა უმეტეს 220 ტანკი, 220 ჯავშანმანქანა, 285 ცალი 100 მმ კალიბრზე მსხვილი საარტილერიო დანადგარი, 100 საბრძოლო თვითმფრინავი და 50 დამრტყმელი შვეულმფრენი.

2007 წელს რუსეთის ფედერაციამ შეაჩერა "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულებაში მონაწილეობა იმ მოტივით, რომ NATO-ში გაწევრებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (ჩეხეთი, რუმინეთი, ბულგარეთი და სხვ.) არღვევდნენ მანამდე არსებული ალიანსის ჯგუფურ კვოტებს და ამასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნები (ლიტვა, ლატვია და ესტონეთი) უარს აცხადებდნენ ამ ხელშეკრულებაში გაწევრებაზე.

ხელშეკრულებაში მონაწილეობაზე მორატორიუმის გამოცხადებამ მოსკოვს საშუალება მისცა, ხელშეკრულების მონაწილეთათვის აღარ მიეწოდებინა ყოველწლიური ანგარიში, თუ რამდენად გაზარდა საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა ჩრდილო კავკასიაში და არც უცხოელი ვერიფიკატორები შეეშვა ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ნაწილებში ინსპექტირების ჩასატარებლად.

ჩვენი აზრით, ამ მორატორიუმის გამოცხადება შემთხვევითი არ ყოფილა. 2004-2005 წლებიდან რუსეთის გენშტაბის მთავარ ოპერატიულ სამმართველოში იგეგმებოდა საქართველოში შემოჭრა და ეს მოსკოვს ჩრდილო კავკასიაში, საქართველოს საზღვრის სიახლოვეს, დამატებითი დანაყოფებისა და საბრძოლო ტექნიკის გადმოსროლის შესანიღბავად სჭირდებოდა.

ამიტომ ძალიან გულდასაწყვეტია, რომ 2011 წლის 29 ნოემბრამდე საქართველო ზემოხსენებული ხელშეკრულების ფარგლებში ოფიციალურად აწვდიდა რუსეთს ყველა ინფორმაციას თავისი შეიარაღებული ძალების საბრძოლო ტექნიკის რაოდენობისა და მათი განთავსების ზუსტი ადგილების შესახებ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ "კვირის პალიტრაში" არაერთხელ დავწერეთ ამ აბსურდზე, თუმცა, ოფიციალურმა თბილისმა ინფორმაციის მოსკოვისთვის მიწოდება მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 2011 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა გადაწყვიტეს, რუსეთისთვის აღარ მიეწოდებინათ ინფორმაცია ევროპაში განთავსებული თავიანთი არმიების შესახებ.

"ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულებიდან რუსეთის ოფიციალურად გამოსვლა აჩენს ეჭვს, რომ კრემლი ახალი სამხედრო ავანტიურისთვის ემზადება როგორც უკრაინის წინააღმდეგ, ისე სამხრეთ კავკასიაში, ანუ იქ, სადაც შეიარაღებაზე ზემოხსენებული ხელშეკრულებით დაწესებული კვოტები ვრცელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას არ სურს, ევროპელ ვერიფიკატორებს ჰქონდეთ უფლება, ოფიციალურად შეამოწმონ რუსული სამხედრო დანაყოფების საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა, მაგალითად, ბელგოროდის რაიონში, საიდანაც შეიძლება ხარკოვისკენ მოულოდნელი სატანკო შეტევა განხორციელდეს ან კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში, საიდანაც კიევამდე არცთუ ისე შორია...