აზერბაიჯანს ფლოტის გაძლიერებაში თბილისიც დაეხმარა - კვირის პალიტრა

აზერბაიჯანს ფლოტის გაძლიერებაში თბილისიც დაეხმარა

აზერბაიჯანმა ისრაელის წარმოების სარაკეტო კატარღები ბაქოში საქართველოს გავლით ჩაიტანა

სოფლიოსა და უპირველესად, ევროპის ყურადღება შავი და აზოვის ზღვების  აკვატორიებისკენ არის მიპყრობილი, სადაც რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელი ომი მიმდინარეობს. ერთი წელი ხდება კრემლის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიიდან.

ამის ფონზე მეტ-ნაკლებად ჩრდილში ექცევა კასპიის ზღვის აკვატორიაში განვითარებული მოვლენები. კასპიისზღვისპირა ქვეყნები - რუსეთი, ყაზახეთი, ირანი, თურქმენეთი და აზერბაიჯანი დაინტერესებულნი არიან, რაც შეიძლება მეტი ნავთობისა და გაზის საბადოები აკონტროლონ, ეს კი არ გამორიცხავს საშიშროებას, რომ ადრე თუ გვიან მათ შორის შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყოს არა მარტო ხმელეთზე, არამედ - ზღვაზეც.

ალბათ ამიტომაც ეს ქვეყნები ცდილობენ, კასპიის ზღვაში თავიანთი სამხედრო-საზღვაო ძალები განაახლონ და გააძლიერონ.

მაგალითად, 10 მარტს ირანმა კასპიის ზღვაში თავისი ყველაზე დიდი სამხედრო ხომალდი, მსუბუქი ფრეგატი ჩაუშვა, რომელიც შეიარაღებულია ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით. რუსეთს კასპიის ზღვაში ორი თანამედროვე სადარაჯო ხომალდი ჰყავს, რომელთაგან ერთი - `დაღესტანი~ მძლავრი ფრთოსანი რაკეტებით არის  აღჭურვილი.

რუსეთისა და ირანისგან განსხვავებით, თურქმენეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი თანამედროვე სამხედრო ხომალდებს ვერ აწარმოებენ და იძულებული არიან, ისინი სხვა ქვეყნებში შეიძინონ. თუმცა, იმის გამო, რომ კასპიის ზღვა სხვა ზღვებს არ უერთდება, საზღვარგარეთ ნაყიდი კატარღები ამ ქვეყნებში მდინარეებითა და სახმელეთო გზებით შეაქვთ.

შარშან ასე მოიქცა აზერბაიჯანიც, როდესაც სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში ისრაელის წარმოების თანამედროვე კატარღები მიიღო.

ბაქომ დასახმარებლად თბილისს მიმართა, რათა ებრაული კატარღები მთელი საქართველოს გავლით ფოთის პორტიდან აზერბაიჯანში გადაეტანათ. ეს სატრანზიტო პროცესი ნაწილობრივ გასაიდუმლოებული იყო, თუმცა, ვინც ღამით საქართველოს გზებზე მცურავი საშუალებით დატვირთულ უზარმაზარ ლაფეტს დაინახავდა, ადვილად მიხვდებოდა, რომ ეს უცნაური ტვირთი აზერბაიჯანისთვის იყო განკუთვნილი.

ისრაელის წარმოების კატარღები ბაქოსთან ახლოს, დასახლება ტიურკანში, გემთსაშენ ქარხანაში ჩაიტანეს, სადაც ისინი ააწყვეს და შემდეგ კასპიის ზღვაში ჩაუშვეს.