"ყველა გაიგებს ჩემს სახელს და დამიმახსოვრებენ" - საჰაერო თვითმკვლელობა - კვირის პალიტრა

"ყველა გაიგებს ჩემს სახელს და დამიმახსოვრებენ" - საჰაერო თვითმკვლელობა

ერთსაუკუნოვანი ავიაციის ისტორიაში მრავალი ფაქტია ცნობილი, როცა პილოტებმა სიცოცხლე გაწირეს მგზავრების ან სულაც საფრენი აპარატების გადასარჩენად, მაგრამ რაც 2015 წლის 24 მარტს საფრანგეთის საჰაერო სივრცეში მოხდა, ძნელად ასახსნელია - პილოტმა შეგნებულად დაანარცხა მიწას სამგზავრო ლაინერი...

საფრანგეთის ალპებში მომხდარი კატასტროფა, რომელსაც 150 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დიდხანს ბურუსით იქნებოდა მოცული და შეიძლება არასდროს გახსნილიყო, რომ არა ჩვეულებრივი მიკროფონები. ეკიპაჟის კაბინაში დამონტაჟებულმა მიკროფონებმა ე.წ. შავ ყუთში დატოვა ინფორმაცია, რომლის გაშიფვრამ ჯერ - გამომძიებლები, მერე კი საზოგადოებაც შეაძრწუნა - სამგზავრო ლაინერის მეორე პილოტმა, 28 წლის ანდრეას ლუბიცმა, კარი ჩაუკეტა და კაბინაში არ შეუშვა მეთაური, 41 წლის პატრიკ ზონდერჰაიმერი. მიკროფონების ჩანაწერის გაშიფვრისას აღმოჩნდა, რომ მეთაური ჯერ აკაკუნებდა კარზე, შემდეგ ბრახუნზე გადავიდა და ბოლოს ნაჯახით (ნაჯახები ინახება სამგზავრო ლაინერის ბორტზე ავარიული დაშვების შემდეგ ფიუზელაჟის შიგნიდან გამოსაჭრელად) ცდილობდა პილოტთა კაბინის კარის გამომტვრევას, მაგრამ ამაოდ...

როგორც ირკვევა, ბარსელონიდან აფრენის შემდეგ, ზუსტად ნახევარ საათში, მეთაური კაბინიდან სამგზავრო სალონში გავიდა (ალბათ, ტუალეტში), მეორე პილოტმა კი დაბლოკა კაბინის შეჯავშნული კარი და ავტოპილოტი დაშვების რეჟიმზე დააყენა.

28 წლის ანდრეას ლუბიცმა იმ ქვეყნად 149 უდანაშაულო ადამიანი გაიყოლია...

ჩანაწერების ანალიზის (სხვათა შორის, მიკროფონებმა ლუბიცის აუღელვებელი სუნთქვაც დააფიქსირა მიწასთან შეჯახების მომენტამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ მან ეს საშინელება შეგნებულად ჩაიდინა) შემდეგ, გამოიკვეთა რა ანდრეას ლუბიცის შესაძლო ბრალი, გერმანიის სპეცსამსახურებმა მისი სახლი გაჩხრიკეს და მნიშვნელოვან სამხილებს მიაკვლიეს. მათ შორის იყო ექიმის ცნობა, რომ ლუბიცი ძლიერი დეპრესიის შეტევებს განიცდიდა და მკურნალობაც ჰქონდა დანიშნული, მან კი ეს ინფორმაცია ავიაკომპანიის ხელმძღვანელობას დაუმალა.

ლუბიცის ყოფილმა შეყვარებულმა გაიხსენა მისი სიტყვები:

"ერთხელაც მე გავაკეთებ იმას, რაც სისტემას შეცვლის, ყველა გაიგებს ჩემს სახელს და დამიმახსოვრებენ".

გამოძიებამ ისიც დაადგინა, რომ ლუბიცი საფრანგეთის ტერიტორიაზე, იქ,  სადაც ავიაკატასტროფა მოხდა, რამდენიმე ხნით ადრე პლანერით დაფრინავდა და ამ რაიონს მეტ-ნაკლებად იცნობდა. არ არის გამორიცხული, რაღაც მოსაზრებით საჰაერო თვითმკვლელმა სამგზავრო ლაინერის ჩამოგდება სწორედ ამ რაიონში გადაწყვიტა.

რა მოხდებოდა, მფრინავს თვითმკვლელობა დაუსახლებელ ალპებში კი არა, მაგალითად, პარიზის თავზე გადაეწყვიტა და მსოფლიოსთვის თავი ეიფელის კოშკის განადგურებით დაემახსოვრებინა? სამწუხაროდ, სამგზავრო ავიალაინერიც ისეთივე საფრთხე შეიძლება გახდეს მიწაზე მყოფთათვის, როგორიც ბომბდამშენი, თუკი სამოქალაქო თვითმფრინავის პილოტი თვითმკვლელობას გადაწყვეტს.

მას შემდეგ, რაც ბარსელონა-დიუსელდორფის რეისის ეკიპაჟი 10 წუთი რადიოეთერში არ გავიდა, საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გამანადგურებელი "მირაჟიც" კი აუშვეს ცაში, მაგრამ მისმა პილოტმა სამგზავრო ლაინერი ვეღარ აღმოაჩინა, რადგან ის უკვე დამსხვრეული იყო.

30 წლის წინ ასეთი რამ თითქმის წარმოუდგენელი გახლდათ, რადგან სამგზავრო ლაინერის ეკიპაჟი 4-5 კაცისაგან შედგებოდა და წარმოუდგენელია, ყველა მათგანს ერთდროულად თავის მოკვლა მოენდომებინა.

რადიოელექტრონული აპარატურის განვითარების შედეგად, "ბოინგისა" და "აერბასის" თანამედროვე სამგზავრო ლაინერების ეკიპაჟებში აღარ არიან რადისტი და შტურმანი, რომელთა მოვალეობას უფრო სწრაფად და ხარისხიანად ასრულებს ელექტრონული ხელსაწყოები.

ამჟამად თანამედროვე სამგზავრო ლაინერების ეკიპაჟის კაბინაში მხოლოდ ორი ადამიანი - საჰაერო ხომალდის მეთაური და მისი დამხმარე, მეორე პილოტი იმყოფება.

ამას დაემატა თანამედროვეობის მეორე აუცილებელი მოთხოვნაც - გახშირებული საჰაერო ტერორიზმის ფაქტების გამო ეკიპაჟის კაბინის კარი შეჯავშნეს და მისი გაღება მხოლოდ კოდირებული სიგნალით შეიძლება. სამწუხაროდ, პოტენციური საჰაერო ტერორისტებისაგან თავდაცვის ეფექტურმა საშუალებებმა საპირისპირო შედეგი გამოიღო - "აერბასის" მეთაურმა, რომელსაც თვითმკვლელი მეორე პილოტი კაბინაში დაბრუნების საშუალებას არ აძლევდა, ნაჯახის გამოყენებითაც ვერ შეძლო ბლოკირებული კარის გაღება.

ამ ტრაგედიის შემდეგ ბევრმა ავიაკომპანიამ წესები შეცვალა და აუცილებელი გახდა კაბინაში ეკიპაჟის ორი წევრის ყოფნა. თუკი მეთაური ან მეორე პილოტი კაბინიდან გავლენ, მათ ადგილს რომელიმე ბორტგამცილებელი იკავებს. ის, მართალია, თვითმფრინავს ვერ დასვამს, მაგრამ ეკიპაჟის მეორე წევრს ხელს მაინც შეუშლის, თუკი მან მსგავსი საშინელების ჩადენა გადაწყვიტა.

ამ სტატიის ავტორი არაერთხელ ყოფილა სამგზავრო "ბოინგის" კაბინაში, რა თქმა უნდა, ეკიპაჟის მეთაურის მიწვევით (თუმცა, ვაღიარებ, რომ ეს კანონიერი არ იყო) და მეტ-ნაკლებად იცნობს ეკიპაჟის მოქმედების სპეციფიკას.

ეკიპაჟის ორივე წევრის მოქმედება ურთიერთშეთანხმებული უნდა იყოს, რაც ერთად დიდი ხანი ფრენის შედეგად ყალიბდება.

პილოტებს ეკრძალებათ საბორტე სასადილოს ერთი და იმავე საჭმლის მირთმევა, რათა რომელიმე პროდუქტმა ეკიპაჟის ორივე წევრი ერთდროულად არ მოწამლოს... არარეკომენდებულია, ორივე პილოტმა ერთდროულად ისადილოს, რადგან ერთ-ერთ მათგანს მუდამ თავისუფალი უნდა ჰქონდეს ხელები, მიუხედავად იმისა, ლაინერს ავტოპილოტი მართავს თუ არა.

შტურვალთან ჭიქიდან წყლის და მით უმეტეს - ცხელი  ყავის დალევაც სახიფათოა, რადგან მოულოდნელად საჰაერო ორმოში ჩავარდნისას ჭიქიდან გადმოღვრილმა ყავამ შეიძლება დამდუღროს პილოტი და მან უნებურად რომელიმე ხელსაწყო გამორთოს ან ჩართოს. აღარაფერს ვამბობ იმ საფრთხეზე, რაც წყლისა და ყავის ღია ჭიქიდან ხელსაწყოთა დაფაზე გადასხმასა და მოკლე ჩართვას შეიძლება მოჰყვეს.

ავიაცია შეცდომებს არავის აპატიებს და როგორც საჰაერო შემთხვევების (ავარიებისა და ავიაკატასტროფების) ანალიზი აჩვენებს, მათი მიზეზი ხშირად ცუდი ამინდი ან საფრენი აპარატის ტექნიკური გაუმართაობა კი არა, ადამიანური ფაქტორია...