რომელი საზენიტო სისტემის ყიდვას აპირებდა ალასანია?! - კვირის პალიტრა

რომელი საზენიტო სისტემის ყიდვას აპირებდა ალასანია?!

მინისტრის პოსტის დატოვებიდან თითქმის ნახევარი წლის შემდეგ ირაკლი ალასანიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს საჰაერო თავდაცვის სისტემის გაძლიერების შესაძლებლობის გამიზნულად ჩაშლა დასდო ბრალად.

რუსეთის ავიაცია, 1992 წლიდან მოყოლებული, გამუდმებით ბომბავდა საქართველოს ტერიტორიას აფხაზეთის ომში თუ პანკისის ხეობასა და შატილში, 2008 წლის აგვისტოს ომში კი რუსულმა მოიერიშეებმა და ბომბდამშენებმა ჩვენს დასახლებულ პუნქტებში ათასზე მეტი სხვადასხვა კალიბრის საავიაციო ბომბი და რაკეტა ჩამოყარეს.

ამის გათვალისწინებით, რასაკვირველია, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ჰქონდეს ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ მან 2014 წლის 28 ოქტომბერს, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტისას, იქაურ მწარმოებელ კორპორაციებთან გააფორმა მემორანდუმი, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემების კომპონენტების შესაძენად შეთანხმების გაფორმებას ითვალისწინებდა. მისი მტკიცებით, მემორანდუმის გაფორმების წინადღეს მას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მაშინდელმა მდივანმა მინდია ჯანელიძემ დაურეკა და სთხოვა, მემორანდუმის ხელმოწერა შეეჩერებინა, რაც ალასანიამ არ გაითვალისწინა.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, სწორედ მის წინააღმდეგობას მოჰყვა თბილისში თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ხუთი მაღალჩინოსნის დაკავება ე.წ. კაბელების საქმის გამო. მისივე განცხადებით, იგი აქამდე დუმდა, რადგან მიაჩნდა, რომ თავდაცვის ახალი მინისტრი მინდია ჯანელიძე გააგრძელებდა მის დაწყებულ საქმეს და მემორანდუმის შემდეგ ხელი მოეწერებოდა ხელშეკრულებას ფრანგული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემის კომპონენტების შესყიდვის თაობაზე, თუმცა, შეცდა. ალასანიას თქმით, მთავრობის უმოქმედობის გამო ამ მემორანდუმს ვადა გაუვიდა და საქართველო ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემის გარეშე დარჩა.

მიუხედავად ამდენი დეტალის გამჟღავნებისა და ბრალდებებისა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა არ დააზუსტა, რა ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვაზე მიმდინარეობდა მოლაპარაკება.

ამასთან, ირაკლი ალასანიამ განმარტა, რომ ამ სისტემის შეძენის შემთხვევაში ქართული არმია შეძლებდა არა მარტო ყველა ტიპის რუსული შვეულმფრენისა და მოიერიშე თუ ბომბდამშენი თვითმფრინავის, არამედ "ისკანდერის" ტიპის ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდებასაც კი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბრალდებას იმავე დღეს გამოეხმაურა მოქმედი თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე. მან განაცხადა, რომ ფრანგულ მხარესთან არანაირი ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული. ხელი მოეწერა მხოლოდ ე.წ. განზრახულობათა წერილს, იმავე მემორანდუმს, რომელიც არის დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტი და გულისხმობს მხარეების კეთილ ნებას კონსულტაციების თაობაზე. თავდაცვის მინისტრის განცხადებითვე, ფრანგულ მხარესთან ამ საკითხებზე კონსულტაციები გრძელდება და მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

მინისტრ ჯანელიძის პოზიცია გაამყარა საქართველოში საფრანგეთის ელჩმა რენო სალენსმა, რომლის განცხადებით, ქართულ მხარეს ფრანგულ მწარმოებლებთან არანაირ ვალდებულებაზე ხელი არ მოუწერია, იყო მხოლოდ საკითხის განხილვა, რაც ახლაც გრძელდება.

საფრანგეთის ელჩის კომენტარს თავდაცვის ყოფილი მინისტრის საპასუხო განცხადება მოჰყვა - მიკვირს საფრანგეთის ელჩისა, რატომ არ ახსენა, რა იყო ხელმოწერილი, მით უმეტეს, რომ იგი ინფორმირებული იყო, როდის უნდა გაფორმებულიყო შეთანხმება მემორანდუმის შემდეგო.

მინდია ჯანელიძემ არ უარყო, რომ ირაკლი ალასანიას დაურეკა საფრანგეთში და უთხრა, მემორანდუმზე ხელმოწერა გარკვეული დროით გადაედო, რადგან ეს საკითხი, მართალია, ცნობილი იყო მთავრობისთვის, მაგრამ კორექტირებას მოითხოვდა, რადგან აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ იცოდა, რის შესახებ უნდა ეწარმოებინა მას კონსულტაციები საფრანგეთის სხვადასხვა ინდუსტრიულ ჯგუფთან. ამის გამო ირაკლი ალასანიას საბოლოო წინადადება უნდა შეეთანხმებინა საქართველოს მთავრობასთან, რაც მან არ გააკეთა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მინიშნება, რომ ფრანგულ საზენიტო სისტემას შეუძლია რუსული "ისკანდერის" ჩამოგდებაც, ამყარებს ჩვენს მოსაზრებას, რომელიც გამოვთქვით 2014 წლის 10 ნოემბრის "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიაში "თავდაცვის მინისტრების "დათარსული" სავარძელი". მაშინ ვივარაუდეთ, რომ შესაძლო იყო, ირაკლი ალასანიას ხელი მოეწერა მემორანდუმზე ფრანგული თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო სისტემის - SAMP/T-ის - შეძენის შესახებ, რადგან მხოლოდ ამ სისტემის Aster-30 ტიპის აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების საზენიტო რაკეტებს შეუძლიათ როგორც შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების ჩამოყრა 25კმ-მდე სიმაღლესა და 100 კმ-ის სიშორეზე, ისე რუსული Точка-У-ს ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტების დაზიანება 35 კმ-იან რადიუსში. შესაძლოა, Aster-30-ის საზენიტო რაკეტა უფრო თანამედროვე Bცრფყლტჰ-ის წინააღმდეგაც იქნეს გამოყენებული, მაგრამ უფრო ახლო მანძილზე.

საფრანგეთში წარმოებული სხვა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, მაგალითად, Mistrale-ს, Crotalე-NG-ის თუ VL MICA-ს ტაქტიკურ-ტექნიკური მაჩვენებლები ჩამოუვარდება Aster-30 საზენიტო რაკეტებით აღჭურვილი SAMP/T საზენიტო-სარაკეტო სისტემის საბრძოლო შესაძლებლობებს და არ შეუძლიათ ბრძოლა ოპერატიულ-ტაქტიკური და მით უმეტეს - 500 კმ სიშორეზე მფრენი "ისკანდერების" წინააღმდეგ, რასაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

სტატიის ავტორი იმ დროისთვის უახლეს SAMP/T-სა და Aster-30 ტიპის საზენიტო რაკეტებს დეტალურად გაეცნო 14 წლის წინ, 2001 წელს, საფრანგეთში, ლე ბურჟეს 44-ე საერთაშორისო ავიაკოსმოსურ გამოფენაზე, სადაც ჩვენი Su-25KM "სკორპიონი" გვყავდა ჩაყვანილი.

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფრანგული SAMP/T-ის რამდენიმე ბატარეის განთავსება საიმედოდ ჩაკეტავდა ქართულ ცას საშუალო და მაღალ სიმაღლეებზე, რადგან ის ამერიკული Patriot-ისა და რუსული С-300ПМУ-ს კლასის ანალოგი გახლავთ.

თუმცა, ჩნდება კითხვა: შეძლებდა კი საქართველოს ბიუჯეტი თანამედროვე ფრანგული საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენას? ზუსტი ღირებულების დასახელება ძნელია, თუმცა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი შეძენის შემთხვევაში საქართველოს ყოველწლიურად მხოლოდ რამდენიმე ათეული მლნ-ის გადახდა მოუწევდა.

მაგრამ მთავარი პრობლემა ფასი კი არა, ის ფაქტობრივი ემბარგოა, რომელიც ევროპის ქვეყნების უმეტესობამ 2008 წლის შემდეგ არაოფიციალურად გამოუცხადა საქართველოს. ევროპა რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანებას მოერიდა და უარი თქვა ქართული არმიისთვის საბრძოლო ტექნიკის მიყიდვაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ალასანიამ ხელი მოაწერა მემორანდუმს საზენიტო სისტემების მწარმოებელ კონსორციუმთან, სავარაუდოდ, EUROSAM-თან, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საფრანგეთის (და შეიძლება იტალიისაც, რადგან ეს კონსორციუმი ფრანგული და იტალიური ფირმების შექმნილია) პრეზიდენტი ხელს არ შეუშლიდა საქართველოსთვის თანამედროვე საზენიტო სისტემების მიყიდვას ისევ და ისევ რუსეთის ფაქტორის გამო.

P.S. 2014 წლის მაისში ბაქოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, თურმე, ილჰამ ალიევს სთავაზობდა საზენიტო SAMP/T-ების შეძენას, მაგრამ ალიევი ოლანდის წინადადებამ ვერ მოხიბლა, რადგან აზერბაიჯანს რუსეთში უკვე ნაყიდი ჰქონდა უფრო შორს მოქმედი С-300ПМУ-2 Фаворит-ების ორი დივიზიონი (16 გასაშვები დანადგარით), რაშიც ბაქომ მოსკოვს დაახლოებით 300 მლნ დოლარი გადაუხადა.