რუსებმა ამერიკელები კინაღამ ჩამოაგდეს - სახიფათო საჰაერო ინციდენტი გამეორდა
13-04-2015
რუსებმა ამერიკელები კინაღამ ჩამოაგდეს - სახიფათო საჰაერო ინციდენტი გამეორდა
რუსულ-ამერიკული საჰაერო ძიძგილაობა შავი ზღვის თავზე, საქართველოს სანაპიროს სიახლოვესაცაა მოსალოდნელი

7 აპრილს, დილით, მსოფლიო განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა - იმ დღეს ბალტიის ზღვის ზემოთ, ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში, დედამიწის ორი ყველაზე ძლიერი ბირთვული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.

ამერიკელებმა კრემლს ოფიციალური პროტესტი გამოუცხადეს იმის გამო, რომ რუსული Су-27-ის პილოტი ძალზე სახიფათოდ, 6 მეტრით, მიუახლოვდა ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში მფრენ აშშ-ის სადაზვერვო RC-135U-ს და ჰაერში შეჯახების საშიშროება შექმნა.

ასეთ საშიშ საჰაერო მანევრებს საბჭოთა
გამანადგურებლების პილოტები ცივი ომის დროსაც ხშირად იყენებდნენ. მაგალითად, 1987 წელს ბარენცის ზღვის თავზე, ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში მფრენ ამერიკულ სადაზვერვო P-3B "ორიონს" ისე მიუახლოვდა მაშინ ჯერ კიდევ უახლესი, საიდუმლო საბჭოთა Су-27, რომ "ორიონის" ერთ-ერთი ძრავის ხრახნმა რუსული გამანადგურებლის კუდის ვერტიკალური ფრთასხმელობის ბოლო ჩაჭრა. თუმცა, ორივე დაზიანებულმა
თვითმფრინავმა თავ­თავიანთ აეროდრომებზე მშვიდობიანად დაშვება მოახერხა.
მაშინ ცივი ომის ეპოქა სრულდებოდა, საბჭოთა კავშირში "პერესტროიკა" დაწყებული იყო და ეს სახიფათო საჰაერო ინციდენტი ვაშინგტონმაც და მოსკოვმაც ჩაფარცხეს.
ერთი ასეთი შემთხვევა კი ტრაგედიით დამთავრდა, თუმცა, ამჯერად ამერიკელების პირისპირ ჩინელები აღმოჩნდნენ.

2001 წელს სამხრეთ ჩინეთის ზღვის თავზე ორმა ჩინურმა ჟ-8 ტიპის გამანადგურებელმა ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის - EP-3-ის ("ორიონის" მოდიფიკაცია) გაძევება სცადა. ამ დროს ერთი ჩინური თვითმფრინავი ამერიკულს შეეჯახა და კატასტროფა განიცადა. დაზიანებული ამერიკული მზვერავი კი იძულებული გახდა, კუნძულ ჰაინანზე, ჩინურ სამხედრო აეროდრომზე, ავარიულად დაშვებულიყო და ეკიპაჟის 24 წევრი ჩინელმა სამხედროებმა დააკავეს.
რატომ ხდება ჰაერში ასეთი შეჯახებები? პასუხი მარტივია - გამანადგურებელი თვითმფრინავების პილოტები ენერგიული საჰაერო მანევრებით ცდილობენ, გაუძნელონ ფრენა მზვერავ თვითმფრინავებს, რომლებზე დამონტაჟებული ძლიერი რადიოელექტრონული აპარატურა რამდენიმე ათეული ან ასეული კმ-დან მოიპოვებს­ სადაზვერვო ინფორმაციას მოწინააღმდეგე მხარის საბრძოლო შესაძლებლობების შესახებ.

ასევე იქცევიან ამერიკელი პილოტებიც, როდესაც მათ ატომურ ავიამზიდს რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი დასტრიალებს. მაგალითად, დღე არ გავა, ბალტიისპირეთის ქვეყნებში გადასროლილი NATO-ს წევრი ქვეყნების გამანადგურებელი "ტაიფუნები" თუ "ფაიტინგ ფალკონები" ჰაერში არ აიჭრნენ რუსული Ил-20 ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავების გასაცილებლად, რომლებიც ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე ფრენისას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების სამხედრო პოტენციალს ზვერავენ. სხვათა შორის, რუსეთის შავი ზღვის  ფლოტის სადაზვერვო Ил-20 სისტემატურად დაფრინავს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ ნეიტრალურ საჰაერო სივრცეში და როდესაც თურქეთის სანაპიროს მიუახლოვდება, მას ყოველთვის აცილებენ თურქული F-16-ები. იმავე რუსული Ил-20-ის ბათუმსა და ფოთთან გამოჩენას კი საქართველოს საჰაერო ძალები გამანადგურებელი ავიაციის არქონის გამო თითქმის ვერ პასუხობენ, მაგრამ იმედია, ქართველი მეზენიტეები რადიოლოკატორების საშუალებით მაინც აფიქსირებენ რუსული მზვერავების გამოჩენას.

დავუბრუნდეთ ამერიკულ მზვერავ RC-135U-სა (რომელიც სამგზავრო "ბოინგ-707"-ის ბაზაზეა შექმნილი) და რუსული Су-27-ის სახიფათო საჰაერო ინციდენტს. რუსული გამანადგურებლის პილოტს ჰქონდა სპეციალური დავალება, კალინინგრადის ოლქის სანაპირო ზოლიდან რაც შეიძლება შორს გაეძევებინა ამერიკული მზვერავი, რადგან, სავარაუდოდ, ამერიკელები ეძებდნენ რუსულ ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო კომპლექსებს - Искандер-М-ებს, რომლებიც მოსკოვმა კალინინგრადის ანკლავში საიდუმლოდ გადაისროლა.

500 კმ მაქსიმალურ სიშორეზე მფრენი და თანაც ბირთვული ქობინის გადამტანი რუსული "ისკანდერი" კალინინგრადის ოლქიდან,  NATO-ს წევრ პოლონეთის გარდა, გერმანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილსაც სწვდება, რაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობის შეშფოთებას იწვევს.

არ არის გამორიცხული, ასეთი საშიში საჰაერო ინციდენტები მალე შავი ზღვის თავზე და საქართველოს სანაპირო ზოლის სიახლოვესაც დაფიქსირდეს, რადგან ბოლოს და ბოლოს, გამოფხიზლებული NATO იწყებს დაზვერვასა და ანალიზს, თუ რომელი სამხედრო ძალები განათავსა კრემლმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჯერ აფხაზეთში, ახლა კი - ყირიმის ნახევარკუნძულზე...
murmani
05 მაისი 2015 13:27
ამერიკა ვერ გადაუგუნავს რუსეტს ტქვე ამერიკის ერტი ადგილის მლოკველებო ხომ დაანახა რუსებმა ამერიკელებს ანექსიის კლასი დაბომვბლს გარესე ა მლდლტ სეუზვერიტ ამერიკას მაი გვისველის მისი სესფოტებებიტ
istoria
22 აპრილი 2015 15:50
სამწუხაროდ კომენტარს სამხედრო საკითხების უცოდინარი და პოლიტიკურად მოტივირებული ავტორები აკეთებენ. ეს რამეზე ხომ არ მიგვანიშნებს?
gavazeli
21 აპრილი 2015 13:43
ავტორს აშკარად მასალა შემოელია და თითიდან იწოვს ახალ-ახალ ამბებს :).
ახალი თუ არაფერიხდება საინტერესო, ძველი დაწერე შე კაცო, იმას უფრო სიამოვნებით წავიკითხავთ.

რედაქტორის რჩევით