ვინ დაიცავს პოლიციელს?! - კვირის პალიტრა

ვინ დაიცავს პოლიციელს?!

ქართველ პოლიციელებს შეიარაღება და აღჭურვილობა ნამდვილად არ აკლიათ, მთავარია მათი მომზადების დონის ამაღლება ექსტრემალური სიტუაციებისთვის

პოლიციელს, რომელიც პატრულირებს ან ოპერატიულ ღონისძიებაში მონაწილეობს, არანაკლები საფრთხე ემუქრება, ვიდრე საბრძოლო ოპერაციაში მონაწილე სამხედროს.

საზოგადოებას ეს კიდევ ერთხელ ნათლად დაანახა ბოლო დროს მომხდარმა ტრაგედიებმა - ცეცხლსასროლი იარაღით ბორჯომსა და თბილისში ორი პოლიციელი მოკლეს და ორი დაჭრეს. ორივე შემთხვევაში გასროლა ახლო მანძილიდან მოხდა, რამაც ტრაგიკული შედეგი გამოიწვია. პოლიციელებს არც ბორჯომისა და არც თბილისის შემთხვევების დროს ჯავშანჟილეტები არ ეცვათ და ვერც იარაღის გამოყენება მოასწრეს.

მათ შეაჩერეს პიროვნება იდენტიფიცირების მიზნით და ცხადია, მისგან სროლას არ მოელოდნენ. ამასაც აქვს გამართლება - საქართველოს უახლეს ისტორიაში ასეთი რამ თითქმის არ მომხდარა. მაგრამ ახლა ქართული პოლიცია ამ მწარე გამოცდილებას გაიზიარებს და ასეთ შემთხვევებში პრევენციულ ზომებს მიიღებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია აცხადებს, რომ შსს-ში მომზადდა ბრძანების პროექტი პოლიციელთა პირადი უსაფრთხოების ზომების გაზრდის შესახებ. კერძოდ, პოლიციელთა რაოდენობა უნდა აღემატებოდეს შესამოწმებელ ან დასაკავებელ პირთა რაოდენობას; ასევე, განისაზღვრა საეჭვო პირთან მიახლოებული და დამცავი პოლიციელის მოქმედებები. პროექტში მითითებულია, რა შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს პოლიციელს ხელი დადებული იარაღზე და როგორ მოახდინოს სწრაფი რეაგირება.

ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიანი ფილმებიდან ბევრს ეცოდინება, რომ საეჭვო მანქანის გაჩერებისას ერთი პოლიციელი მას უახლოვდება, ხელი პისტოლეტზე უდევს და მძღოლს უბრძანებს, ხელები საჭეზე დადოს. ამ დროს პოლიციელის მეწყვილე გაჩერებული მანქანის უკან მდგარ საპატრულო ავტომობილში ზის სწრაფი რეაგირებისათვის.

იარაღზე წინასწარ ხელის დადება 1-2 წამს მაინც მოაგებინებს პოლიციელს, თუკი ეჭვმიტანილმა შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა, აქ უფრო მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური მომენტია - როდესაც დამნაშავე ხედავს, რომ მის წინ მდგარ პოლიციელს ხელი უკვე პისტოლეტზე უდევს, დაფიქრდება, ღირს თუ არა წინააღმდეგობის გაწევა.

მეორე და აუცილებელი პირობა, რაც პოლიციელის უსაფრთხოებას გაზრდის, ჯავშანჟილეტის გამოყენებაა. ქართული პატრულის ამერიკული საპატრულო მანქანების საბარგულში სხვა აუცილებელ აქსესუარებთან ერთად ინახება ორი ჯავშანჟილეტი. მრავალსაათიანი მორიგეობის დროს მუდმივად ჯავშანჟილეტით სიარული ადვილი არ არის, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს აუცილებელი ყოფილა. საეჭვო პირის ქურთუკის ქვეშ მხოლოდ მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის - პისტოლეტის ან რევოლვერის - დამალვა შეუძლია, პისტოლეტის 9 მმ-იან ტყვიას კი II- III, III კლასის (NIJ-აშშ-ის იუსტიციის ეროვნული ინსტიტუტის კლასიფიცირებული დაცვის ხარისხის მიხედვით) ჯავშანჟილეტიც აჩერებს. მისი მასა 3-5კგ-ია (დამოკიდებულია იმაზე, თუ სხეულის რა ფართობს იცავს), რაც საბრძოლო ჟილეტების წონაზე ნაკლებია.

მკითხველი შეიძლება შემოგვედაოს - როგორ დაიცვას პოლიციელმა თავი, თუკი დამნაშავე ახლო მანძილიდან თავში ესვრის? ამისთვის ჯავშანჩაფხუტები არსებობს (თუმცა, სახეს ვერც ის იცავს), მაგრამ პატრულს ვერ მოსთხოვ, ყველა გაჩერებული ავტომანქანის მძღოლის შესამოწმებლად ჯავშანჩაფხუტით მივიდეს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელთა გამოყენება პატრულირების დროს პოლიციელის უსაფრთხოებას გაზრდის, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს.

დაძაბული პოლიციელი შეიძლება თვითონ იქცეს საფრთხედ, თუკი მას უიარაღო მოქალაქის ხელში პისტოლეტი მოეჩვენა. ასეთი შემთხვევა აშშ-ში არაერთხელ მომხდარა და არაერთი ადამიანი უმსხვერპლია. მაგალითად, შარშან, შობას,

აშშ-ის ერთ-ერთი ქალაქის ქუჩაში ჩოხა-ახალუხში გამოწყობილ ჩვენს თანამემამულეს თავს ათამდე პოლიციის მანქანა "დააცხრა" და ცივოფლდასხმული "კოპი", პისტოლეტის ტარს ჩაბღაუჭებული, აკანკალებული ხმით ეკითხებოდა, რა იდო ქილებში, მერე კი ქამარზე ჩამოკიდებული ხანჯალიც დაინახა...

საბედნიეროდ, საქმე სროლამდე არ მისულა, მაგრამ ყველამ ინერვიულა, მათ შორის, მეზობლებმაც, რომლებმაც პოლიციაში, თურმე, 14-ჯერ დარეკეს, ქუჩაში ვიღაც შეიარაღებული ნინძა-ასასინი დადისო...

საუკეთესო გამოსავალი მაინც სამართალდამცავებისა და სპეცსამსახურების მიერ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გააქტიურება და მისი ეფექტიანობის გაზრდაა, როდესაც ქუჩაში შეიარაღებულ, პოტენციურ დამნაშავესთან პატრულის რიგითი თანამშრომლები კი არა, კარგად მომზადებული და აღჭურვილი სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლები მივლენ.