ამერიკელები შავი ზღვიდან ოკუპირებულ ყირიმსა და აფხაზეთს ზვერავენ - კვირის პალიტრა

ამერიკელები შავი ზღვიდან ოკუპირებულ ყირიმსა და აფხაზეთს ზვერავენ

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა რუსულ მასმედიას აცნობა, რომ 2015 წლის იანვრიდან შავი ზღვის აკვატორიის თავზე, მაღალ სიმაღლეზე, სადაზვერვო ფრენები დაიწყეს ამერიკულმა სტრატეგიულმა უპილოტო Global Hawk-ებმა, რომლებსაც ნეიტრალური სივრციდან რუსეთის საზღვრის შიგნით, 250-300კმ-ზე, შეუძლიათ სამხედრო ობიექტების დაზვერვა. რუსი გენერლის მტკიცებით, ამა წლის მარტიდან ასეთი ამერიკული უპილოტო მზვერავები უკრაინის საჰაერო სივრცეშიც შენიშნეს.

ოფიციალური მოსკოვის შეშფოთება გასაგებია, რადგან ამერიკულ სტრატეგიულ უპილოტო საფრენ აპარატ ღQ-4 Global Hawk-ს მართლაც შეუძლია შავი ზღვის თავზე ფრენისას აღმოაჩინოს და დეტალურად გადაიღოს რუსული სამხედრო ობიექტები და საბრძოლო ტექნიკა, რომელიც მოსკოვმა ჯერ ოკუპირებულ აფხაზეთში განათავსა, ახლა კი ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე გზავნის.

აშშ-სა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ცოტა ადრე, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რომ "გამოეღვიძათ", დამოუკიდებელი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციასთან დაკავშირებულ რუსეთის ხელისუფლების სამხედრო გეგმებზე დღეს მეტი ინფორმაცია ექნებოდათ.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული მე-7 სამხედრო ბაზის შეიარაღებაზე მეტად დღეს პენტაგონში ანექსირებული ყირიმის სწრაფი რუსული მილიტარიზაცია აწუხებთ. საქმე ის არის, რომ ყირიმის ნახევარკუნძული ნაწილობრივ შავ ზღვაშია შეჭრილი და ერთგვარად, "ჩაუძირავი ავიამზიდია", რადგან ყირიმში თანამედროვე ხომალდსაწინააღმდეგო და საზენიტო სარაკეტო სისტემების განთავსების შემდეგ (რუსეთმა ჯერ კიდევ 2014 წელს ყირიმში ჩაიტანა Бастион-ის ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები, რომლებსაც 300კმ-ზე შეუძლიათ წყალზედა ხომალდის დაზიანება და С-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომლებიც 150-200კმ-ის რადიუსში მოქმედებენ) მოსკოვს შავი ზღვის აკვატორიის უდიდესი ნაწილის კონტროლი შეუძლია.

ამერიკული უპილოტო Global Hawk-ი კი იმით გამოირჩევა, რომ პოტენციური მოწინააღმდეგის ტერიტორიის დაზვერვა მას საჰაერო სივრცეში შეუსვლელად, რამდენიმე ასეული კმ-ის სიშორიდან შეუძლია, ეს კი რუსეთს მაღალ სიმაღლეზე მფრენი ამერიკული უპილოტო მზვერავის ჩამოგდების საშუალებას არ აძლევს (თუმცა, ყირიმის ნახევარკუნძულიდან ჩ-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით ამის გაკეთება რუს გენერლებს არ გაუჭირდებათ, მაგრამ ეს უკვე აშშ-თან ომის დაწყებას ნიშნავს).

თუკი უკრაინის ხელისუფლებამ ამერიკულ სტრატეგიულ უპილოტო მზვერავს მის საჰაერო სივრცეში ფრენის ნება მართლაც დართო, ოფიციალურ კიევს ექნება მნიშვნელოვანი და საჭირო სადაზვერვო ინფორმაცია დონბასში მებრძოლი პრორუსი სეპარატისტებისა და რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინაში უკანონოდ შეტანილი რუსული საბრძოლო ტექნიკის შესახებ. რა თქმა უნდა, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი პენტაგონი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო უკრაინელ კოლეგებს Global Hawk-ის სადაზვერვო ინფორმაციას გაუზიარებენ.

ამერიკული უპილოტო მზვერავის მიერ გადაღებული მე-7 და მე-4 რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზების დეტალური აეროფოტოსურათები არც საქართველოს გენშტაბსა და სამხედრო დაზვერვას აწყენდა, რათა უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, თუ რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში...

ამერიკული საჰაერო მზვერავები ქართულ ცაში

"ცივი ომის" დროს ამერიკული მზვერავი თვითმფრინავები თურქეთის საჰაერო სივრციდან ცდილობდნენ საბჭოთა კავშირში შემავალი საქართველოს ტერიტორიის დაზვერვას. სუვერენულ საქართველოში კი პირველი ვიზიტი NATO-ს ადრეული რადიოლოკაციური აღმოჩენისა და მართვის  AWACS-ის სისტემის  E-3 Sentry-ს ტიპის თვითმფრინავმა 2003 წლის 9 ივლისს თბილისის აეროპორტში განახორციელა. იმავე დღეს, საქართველოს მაშინდელი თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძისა და გენშტაბის მეთაურობისთვის ქართულ ცაში საჩვენებელი ფრენა განხორციელდა, რამაც მოსკოვის პროტესტი გამოიწვია, რადგან კრემლში ჩათვალეს, რომ ამერიკული "ავაქსი" ქართული ციდან რუსეთში, კრასნოდარიდან ასტრახანამდე, "შეიხედავდა" და ყველა შვეულმფრენსა და თვითმფრინავს აღმოაჩენდა.

ცოტა ხნით ადრე, 2003 წლის 27 თებერვალს, 7 და 22 მარტს საქართველო-რუსეთის საზღვრის გასწვრივ, ქართულ ცაში ფრენები განახორციელა ცნობილმა ამერიკულმა U-2 ტიპის მზვერავმა თვითმფრინავმა. იგი საზღვრიდან 25 კმ-ის დაშორებით მიფრინავდა, ხოლო მეორე მხარეს მას რუსული Су-27 ტიპის გამანადგურებლები აცილებდნენ. ამერიკული მხარის განმარტებით, მაშინდელი სადაზვერვო ფრენების ამოცანა ამ რეგიონში და, სავარაუდოდ, პანკისის ხეობაშიც, საერთაშორისო ტერორისტების შესაძლო ბაზების აღმოჩენა გახლდათ.

U-2-ის ფრენები საქართველოს თავზე მოგვიანებითაც გაგრძელდა. 2004 წელს ამ სტატიის ავტორმა ის თბილისის თავზე, დაბალ სიმაღლეზე, დააფიქსირა.