ქართველები რუსეთ-უკრაინის ომში
27-04-2015
ქართველები რუსეთ-უკრაინის ომში
ერთწლიან ომში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ათზე მეტი დაიჭრა, არანაკლებ ხუთმა მძიმე ტყვეობა გაიარა...

ერთი წელი შესრულდა, რაც უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონბასში, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა (რომელსაც ორი თვის წინ მინსკის მეორე შეხვედრაზე მოაწერეს ხელი), ყველა წინა პირობა არსებობს, რომ უახლოეს პერიოდში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები განახლდება.

რუსეთის ხელისუფლება უკან დახევას ან შეჩერებას არ აპირებს­, რადგან პრეზიდენტ პუტინის სტრატეგიული მიზანი უკრაინის რუსეთის პოლიტიკური გავლენის სფეროში დაბრუნებაა, რის
მისაღწევად მოსკოვი არც რესურსებს იშურებს და არც თავისი  მოქალაქეების სიცოცხლეს უფრთხილდება.
ამის გათვალისწინებით, მაისიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ბრძოლების განახლება, ალბათ, გარდაუვალია.

ეს ყველაფერი კი საქართველოსაც ეხება. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ უკრაინაში შეჭრილ რუსეთს უკვე მეშვიდე წელია, ჩვენი ქვეყნის ორი რეგიონი აქვს ოკუპირებული და თანაც -
ერთი წელია, უკრაინის დამოუკიდებლობისთვის საქართველოს მოქალაქეებიც იბრძვიან.

ამ ერთ წელში, სამწუხაროდ, უკვე სამი მებრძოლი დაგვეღუპა, ათზე მეტი დაიჭრა, ხუთმა კი მძიმე ტყვეობაც გამოიარა. ეს ციფრები ერთი შეხედვით უმნიშვნელოა იმ დანაკარგებთან შედარებით, რაც უკრაინელებმა განიცადეს, მაგრამ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაახლოებით 100-120 საქართველოს მოქალაქე იბრძოდა და ამ რაოდენობისთვის ზემოხსენებული დანაკარგი ცოტა არ არის.

ქართველთაგან ვინ იბრძვის ან ეხმარება უკრაინელებს საბრძოლო დანაყოფების მომზადებაში?
ძირითადად, ისინი, ვისაც თავის დროზე ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და მის ხელისუფლებასთან (ყოველ შემთხვევაში, უკრაინიდან წამოსული, ხშირად - პროპაგანდისტული ხასიათის ინფორმაციით ასე ჩანს. თუმცა, უკრაინელების გვერდით დამოუკიდებლად, საკუთარი სურვილითაც შეიძლება ბევრი იბრძვის).

ეს მებრძოლები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, ბრიგადის გენერალ გიგი კალანდაძის ირგვლივ არიან შეკრებილი და არცთუ იშვიათად ჩანან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გვერდით - მის ბინასა თუ ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში.
ქართველი მებრძოლების უკრაინაში ყოფნა არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს საქართველოში. ერთნი მიიჩნევენ, რომ ისინი ნამდვილი გმირები არიან, უკრაინას ეხმარებიან, მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ვერ ბედავს, ოფიციალურ კიევს რუსეთთან ბრძოლაში აშკარად დაუჭიროს მხარი.
მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველი სამხედროების - როგორც თადარიგში გასულების, ისე მოქმედების - უკრაინაში მიწვევით ამძაფრებს დაპირისპირებას ჩვენს ქვეყანასა და აგრესიულ რუსეთს შორის, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გასაახლებლად საბაბის მოძებნა ისედაც არ უჭირს.

უკრაინაში მებრძოლი ან იქაურ მებრძოლთა მომზადებაში ჩართული ყოფილი ქართველი სამხედროები რუსეთ-უკრაინის ომში, რა თქმა უნდა, ამინდს ვერ ქმნიან, თუმცა, პროპაგანდისტული თვალსაზრისით ეს ხელს აძლევს როგორც უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებას, ისე - კიევში მყოფ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გუნდს.
პრეზიდენტ პოროშენკოს ხელისუფლებისთვის საამაყოა, რაც მეტი ქვეყნის სამხედრო რაზმები დაიცავენ უკრაინის სუვერენიტეტს, ხოლო ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ცდილობს, მთელ მსოფლიოს დაანახოს, რომ პოლიტიკური ლიდერების კოჰორტისთვის მისი ჩამოშორება ჯერ ნაადრევია. თუმცა, რატომღაც ყველას ავიწყდება, რომ ჯერ საქართველოში უეცრად დაწინაურებულმა და დღეს უკრაინაში სააკაშვილის გვერდით მყოფმა უკვე თადარიგის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს არათუ თავი გამოიჩინა, არამედ ოპერატიულ-ტაქტიკური თვალსაზრისით უდიდესი სამხედრო შეცდომებიც დაუშვა, რასაც მე-4 ქვეით ბრიგადაში ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა (ამ მხრივ ყველაზე მეტი პრეტენზია გამოითქმის ხოლმე ამ ბრიგადის ყოფილი მეთაურისა და მისი ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურის მიმართ, რომლებიც დღეს უკრაინაში არიან).
საზოგადოების ნაწილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი თავისი ერთგული თადარიგის სამხედროებით უკრაინაში ქმნის სამხედრო დაჯგუფებას, რომელსაც საჭირო დროს საქართველოში თავის სასარგებლოდ გამოიყენებს  და მას, სავარაუდოდ, მიემხრობიან ის ოფიცრები, რომლებიც დღესაც ძალოვან სტრუქტურებში მუშაობენ და ფარულად კვლავ თანაუგრძნობენ ექსპრეზიდენტს...
jak
18 მაისი 2015 01:35
ქედს ვიხრი ყველა იმ პატრიოტი ქართველის წინაშე ვინც უკრაინაში რუსულ ფაშიზმს ებრძვის, უკრაინა ეს რუსეთის დაასასრულია!! უკრაინა გაიმარჯვებს და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვისაც, თქვენ კი რუსეთის აგენტებო და ბნელი წარსულის გადმონაშთებო შეიგნეთ რომ წარსული ხართ და აღარასოდეს განმეორდებით აქ რომ კომენტარებს ტოვებთ სხვა საქმე მოძებნეთ, ვერაფერი გიშველით ვერც თქვენ და ვერც თქვენ სათაყვანებელ დაშლილ რუსეთის იმპერიას, თქვენ გსურთ რუსეთს სამარეში საქართველოც ჩააყოლოთ მაგრამ ვერასდროს მოესწრებით!!!!
ჯიმი
16 მაისი 2015 16:01
ფაშისტური უკრაინა სანამ არ გადავარდება ,მანამდე დაიხოცებიან ჩვენი მოტყუებული ხალხი. .....მალე ალბათ ყველაფერი ნათელი გახდება. ...
Gurami
15 მაისი 2015 22:44
ამ 3 ქართველი ახალგაზრდის დაღუპვის გამო პასუხი ვინ უნდა აგოს? გინახავთ სააკაშვილის ხელში ავტომატი? ვერც ნახავთ. ის (სააკაშვილი) არასდროს იომებს, არც თავის შვილებს გაუშვებს ომში. იომებს ისევ გლეხი , უპატრონო კაცი. ასე იყო და ასე იქნება.

რედაქტორის რჩევით