არ ჩაითრიოთ პოლიტიკურ თამაშებში ქართული არმია... - კვირის პალიტრა

არ ჩაითრიოთ პოლიტიკურ თამაშებში ქართული არმია...

24-წლიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მე-17 თავდაცვის მინისტრი ჰყავს, ამჯერად მანდილოსანი

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9-წლიან პერიოდს იმიტომაც ვაკრიტიკებდით, რომ მათ ამ პერიოდში შვიდი თავდაცვის მინისტრის შეცვლა მოასწრეს, ხოლო 2004 წელი სულაც რეკორდული გამოდგა - იმ წელს თავდაცვის მინისტრის სავარძელი ოთხმა ადამიანმა მოირგო, თუმცა, არა, მორგება სცადა და ვერ მოირგო.

"ქართული ოცნება" მესამე წელია, ქვეყანას მართავს და უკვე მესამე თავდაცვის მინისტრს ნიშნავს. პრეტენზიები, რომ თინათინ ხიდაშელი სუსტი სქესის წარმომადგენელია, ჯარში არ უმსახურია და სამხედრო საქმის არაფერი იცის, უსაფუძვლოა, რადგან თავდაცვის მინისტრის პოსტი პოლიტიკური თანამდებობაა და მთავარია, ის კარგი მენეჯერი იყოს, ჯარს კი გენშტაბმა და მისმა  უფროსმა უნდა მიხედონ.

პრობლემა გახლავთ თავდაცვის მინისტრების თითქმის ყოველწლიური ცვლა (მინდია ჯანელიძემ ამ პოსტზე ნახევარი წელიც ვერ გაძლო), რითაც "ქართული ოცნება" "ნაციონალურ მოძრაობას" დაეწია და შეიძლება გადაასწროს კიდეც.

თავდაცვის მინისტრების ასეთი ხშირი ცვლა ცუდად მოქმედებს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის განწყობასა და მათ საბრძოლო სულისკვეთებაზეც კი.

მინდია ჯანელიძის გადაყენება უცნაური და ყველასთვის მოულოდნელი იყო. 30 აპრილს თავდაცვის სამინისტროს სააქტო დარბაზში ქართული არმიის 24 წლისთავის აღსანიშნავი კონცერტი მიმდინარეობდა, რომელსაც პრეზიდენტი - შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის უფროსი, უცხოეთის სამხედრო ატაშეები და რაც მთავარია, ოფიცრები ესწრებოდნენ. სწორედ ამ დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურმე, მოქმედი მინისტრი, ფაქტობრივად, უკვე შეუცვლიათ დეპუტატ თინათინ ხიდაშელით. იქ შეკრებილი ქართველი ოფიცრების თვალებში მე დაბნეულობა და გაურკვევლობა ამოვიკითხე...

ნუთუ არ შეიძლებოდა,  თავდაცვის მინისტრი მაინცდამაინც ქართული არმიის დაბადების დღეს არ შეეცვალათ? რა გრძნობა გაუჩნდებათ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთაც არმიის შექმნის დღეს დილით ერთი მინისტრი ულოცავს, საღამოს კი სხვა მინისტრი ჰყავთ?

სპონტანურობა ქვეყნის მართვაში და მით უმეტეს - სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ძალზე საშიშია. "ნაციონალური მოძრაობა" სწორედ ამ ნაკლით გამოირჩეოდა, თუმცა, როგორც ჩანს, არც "ქართული ოცნება" აკლებს ხელს...