ამერიკული "ბრედლები" უკვე ვაზიანში ისვრიან...
11-05-2015
ამერიკული "ბრედლები" უკვე ვაზიანში ისვრიან...
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო სწავლება - "მაღალი დონის პარტნიორობა" (Noble Partner) 25 მაისამდე გასტანს. ასეთი სწავლებები უკვე დიდი ხანია, ტრადიციად იქცა და ის საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას აღარ იპყრობს. თუმცა, ახლანდელი ერთობლივი სწავლება მაინც გამორჩეულია, რადგან პირველად ისტორიაში, ქართულ მიწაზე ამერიკული საბრძოლო ჯავშანტექნიკა, კერძოდ - ქვეითთა საბრძოლო მანქანები,  M2 Bradley-ები - გამოჩნდა.

ექსკლუზიური ინფორმაცია ამერიკული "ბრედლების" საქართველოში ჩამოტანის შესახებ "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის ჯერ კიდევ მარტში უნდა გვეცნობებინა, როდესაც ის ჩვენთვის გახდა ცნობილი
არაოფიციალური წყაროებით, მაგრამ გენერალური შტაბის უფროსის თხოვნით, მოვლენებს არ დავასწარით, რადგან შეიძლებოდა ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანას ეს ინფორმაცია ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლების ჩატარების წინააღმდეგ გამოეყენებინა. დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ამერიკული ჯავშანტექნიკაც შემოუტანიათ, მაგალითად, მაღალი გამავლობის ჯავშანმანქანები M1151 HMMWV - "ჰამვი" და  MRAP-ის ტიპის Cougar-ები (ისინი დღესაც დგანან
კრწანისის სასწავლო ცენტრში და მათ ავღანეთში გასაგზავნი სამხედრო კონტინგენტის მოსამზადებლად იყენებენ), თუმცა, ქვეითთა საბრძოლო მანქანები - M2 Bradley-ები, მაინც წმინდა საბრძოლო მანქანაა და ისინი, ძირითადად, ამერიკულ ტანკ M1A2 Abrams-თან ერთად გამოიყენება.

აშშ-ის არმიის შეიარაღებაში 1981 წელს გამოჩენილი "ბრედლი" (მან ეს სახელი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე გამოჩენილი ამერიკელი ოთხვარსკვლავიანი გენერლის, ომარ ბრედლის, პატივსაცემად მიიღო) შეიძლება დღეს თანამედროვედ აღარ მიიჩნევა, მაგრამ ის ისევ არის ამერიკული არმიის ძირითადი ქვეითი საბრძოლო მანქანა, რომელსაც ბრძოლის ველზე ეკიპაჟის სამი წევრის გარდა, ექვსი მედესანტის გადაყვანაც შეუძლია. სულ სხვადასხვა მოდიფიკაციის 7 ათასამდე "ბრედლია" გამოშვებული. ისინი მონაწილეობდნენ "უდაბნოს ქარიშხლის" ოპერაციაში 1991 წელს, შემდეგ - კოსოვოში, 2003 წელს - ერაყში და დღემდე ამ მანქანებს იყენებენ ავღანეთში.
საგულისხმოა, რომ 25 მაისამდე ვაზიანის პოლიგონზე ერთობლივი სწავლების ფარგლებში 14 ამერიკულ "ბრედლისთან" ერთად მონაწილეობას მიიღებს ქართული არმიის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 1-ლი მექანიზებული ასეულის БМП-2 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები, სწორედ ის საბჭოთა წარმოების БМП-2-ები, რომელთა წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა თავის დროზე ამერიკული M2 Bradley-ი.

აქამდე ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებების მიზანი, ძირითადად, ორი არმიის ქვეითების ურთიერთკოორდინირებული საბრძოლო მოქმედებების დახვეწა იყო; ამჯერად ასეთ სწავლებებში მექანიზებული დანაყოფების ჩართვა, რომლებიც იმოქმედებენ ჯავშანტექნიკის გამოყენებით, ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია.
გარდა ამისა, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს ქართული არმიის 1-ლი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ასეული "ალფა", რომელიც საკმაო ხანია ემზადება NATO-ს რეაგირების ძალების  NRF-ის შემადგენლობაში მონაწილეობის მისაღებად. ამ მიზნით ვაზიანის პოლიგონზე გათვალისწინებულია პარაშუტებით საჰაერო დესანტის გადმოსხმაც.

ქართულ-ამერიკული სწავლება Noble Partner-ის სცენარი უფრო მეტად შეესაბამება იმ რეალურ გამოწვევებს, რაც 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოუცხადებელმა ომმა გააჩინა.
დღეს უფრო მნიშვნელოვანია სავარაუდო მოწინააღმდეგის შესაძლო ქმედებებზე სწრაფი რეაგირება და მის ჯავშანტექნიკასთან ბრძოლა, ვიდრე უკვე მობეზრებული ე.წ. სამშვიდობო ოპერაციებისთვის მზადება და აფრიკასა თუ ავღანეთში ადგილობრივი ხელისუფლების (ხშირად - არადემოკრატიულის) სამხედრო ძალით დახმარება. ორი თვის შემდეგ ვაზიანში დაიწყება მორიგი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება  Agile Spirit-2015, რაც დაადასტურებს  NATO-ს მოქმედების ტაქტიკის შეცვლას - რაც შეიძლება მეტი სამხედრო წვრთნა და სწავლება ჩაატაროს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში, რათა კრემლში მიხვდნენ, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა გამოიღვიძა.

რამდენად გამაღიზიანებლად იმოქმე­დებს რუსეთის ხელისუფლებაზე ამერიკული ჯავშანტექნიკის გამოჩენა და გახშირებული სამხედრო სწავლებები საქართველოში, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს...
გალელი.
30 მაისი 2015 14:42
რუსეთმა რაც ტანკით ვერ გვიქნა ახლა გვიშვება ჩვენი უჭკუობით, ნუ მისტირიხართ საბჭოთა კავშირს, მართალია ფული საჭმლისთვის გქონდათ მაგრაგ, თავისუფლება, ქვეყანა და რწმენა არ გქონდათ არ დაგავიწკდეთ .. და კუჭით ნუ მსჯელობთ ხალხო
rezo
24 მაისი 2015 20:20
ქუთაისელო წადი რა შეგვეშვი!წადი შენ აყროლებულ რუსეთში და იცხოვრე იქ!
qutaiseli
23 მაისი 2015 20:04
ძალიან ცუდია რომ ზოგიერთმა ისტორია არ იცის და ისე ზერელედ ამტკიცებს ამათუიმ ფაქტს ჯერ ერთი ფინეთს ომი არ მოუგია მან ამ ომში ტერიტორიები დაკარგა და რა ომის მოგაზე შეიძლება ისაუბრო ეს იგივეა სააკშვილი და მისი მომხრეები რომ ზეიმობდენ წაგებულ ომს აქაოდა მე მოვიგე ომიო.დდ

რედაქტორის რჩევით