ჩინური ფრეგატები პირველად შავ ზღვაში - კვირის პალიტრა

ჩინური ფრეგატები პირველად შავ ზღვაში

რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება შავ ზღვაში ორი ჩინური ფრეგატის შემოსვლითაც დასტურდება, რასაც შორს მიმავალი მიზნები აქვს...

მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, გამართული სამხედრო აღლუმის დროს რუსეთის პრეზიდენტის გვერდით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ცზინპინი იჯდა და ორივე ზესახელმწიფოს ლიდერი ათობით ტელეკამერის წინ გაცხოველებით საუბრობდა, რითაც უპირველესად მსოფლიოს მესამე ზესახელმწიფოს - აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას "ლაივში" უჩვენეს, რომ რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა აღმასვლის ფაზაშია და ეს ორი ზესახელმწიფო მალე თეთრ სახლს თამაშის წესებს უკარნახებს.

რუსეთ-ჩინეთის დაახლოების კიდევ ერთ დამადასტურებელ ფაქტად იქცა შავი ზღვის აკვატორიაში პირველად ისტორიაში ჩინური სამხედრო ხომალდების გამოჩენა.

4 მაისს ბოსფორის სრუტიდან შავ ზღვაში ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ორი ფრეგატი - Linju da Wei Fang-ი შემოვიდა, რომლებმაც ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს გვერდზე ჩაუარეს და ნოვოროსიისკის რუსულ სამხედრო პორტში ღუზები ჩაუშვეს. ჩინური სარაკეტო ხომალდების ეკიპაჟებმა მონაწილეობა მიიღეს 9 მაისის  სადღესასწაულო ღონისძიებებში და 12 მაისიდან ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტთან ერთად გამართავენ ერთობლივ რუსულ-ჩინურ საზღვაო სწავლებას Морское взаимодействие-2015.

რამდენიმე ათასი საზღვაო მილის გაცურვას ჩინეთიდან შავი ზღვის რუსეთის სანაპირომდე დიდი სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, რასაც კარგად ხვდებიან როგორც მოსკოვსა და პეკინში, ისე - ვაშინგტონში. რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება და გაძლიერება შემაშფოთებელი უნდა იყოს აშშ-ისათვის, რადგან ამით შემცირდება თეთრი სახლის პოლიტიკური გავლენა მთელ მსოფლიოში. თავის მხრივ, მთლად გახარებულნი არც მოსკოვში უნდა იყვნენ, რადგან მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი ჩინეთის მზარდი ეკონომიკა ადრე თუ გვიან გადაყლაპავს რუსეთს, რაც დაწყებულიც კია რუსეთის აღმოსავლეთით, ჩინეთის მოსაზღვრე რაიონებში, სადაც ჩინელი ეროვნების ბიზნესმენების გავლენის სფეროები ელვის უსწრაფესად იზრდება.

შავ ზღვაში ჩინური ფრეგატების პირველად გამოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის, რომლებიც დაჩქარებული ტემპით ცდილობენ, ყველა ოკეანესა და მიმდებარე ზღვაში მათი სამხედრო-საზღვაო ესკადრები დრეიფობდნენ, რითაც კონკურენციას გაუწევენ აშშ-ის საზღვაო ძალებს.