პუტინის ჯინაზე თურქეთი ნატო-ში გვეპატიჟება?! - კვირის პალიტრა

პუტინის ჯინაზე თურქეთი ნატო-ში გვეპატიჟება?!

რატომ მოინდომა თურქეთმა საქართველოს NATO-ში სასწრაფოდ შეყვანა?!

- ჩვენ NATO-ს გაფართოების მომხრეები ვართ. ახლა ოთხი ქვეყანა-კანდიდატი გვყავს: მონტენეგრო, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მაკედონია და საქართველო. ჩვენ გვსურს, რომ 2016 წლის NATO-ს სამიტის მთავარი მიზანი ალიანსის გაფართოება იყოს, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გასულ კვირას ანტალიაში, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

დასამალი არ არის, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრების პერსპექტივა ქართველი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილისთვის დაცინვისა და ანეკდოტების თემად იქცა და უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი დამოკიდებულება უსაფუძვლო არ არის - კარგა ხანია, გვესმის დასავლეთის ლიდერების დაპირებები, რომ საქართველო აუცილებლად გახდება NATO-ს სრულუფლებიანი წევრი, ოღონდ როდის, არავინ იცის.

ამ ფონზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება უდავოდ ყურადღების ღირსია. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ თურქეთს NATO-ს წევრ ევროპულ სახელმწიფოთა შორის ყველაზე დიდი არმია ჰყავს და სწორედ ასეთი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ალიანსის შემადგენლობაში საქართველოს ხილვა მომავალ წელს ისურვა.

რა თქმა უნდა, ძნელი დასაჯერებელია, საგარეო საქმეთა მინისტრს ასეთი განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუსა და პრეზიდენტ რეჯებ თაიფ ერდოღანთან შეთანხმების გარეშე გაეკეთებინა.

ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს რაც შეიძლება სწრაფად NATO-ს რიგებში ხილვის სურვილის გამჟღავნებით თურქეთის ხელისუფლება აშკარად უპირისპირდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს!

მონტენეგროს, ბოსნია-ჰერცეგოვინისა და მაკედონიის NATO-ს სრულუფლებიან წევრებად ქცევას წინ არავინ უდგას. ეს მოსკოვში არც აღელვებთ.

ძირითადი სირთულე სწორედ საქართველოს NATO-ში გაწევრების პერსპექტივაა, რასაც რუსეთის ხელისუფლება აქტიურად ეწინააღმდეგება და მომავალშიც შეეწინააღმდეგება.

ამ ფონზე თურქეთის გააქტიურება, რასაკვირველია, კითხვებს გვიჩენს: რაში სჭირდება ანკარას ალიანსში საქართველოს სასწრაფო გაწევრების მოთხოვნით მოსკოვის გადამტერება, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში თვალში საცემი იყო თურქეთ-რუსეთის დაახლოება, რაც  აღიზიანებდა კიდეც აშშ-ის ხელისუფლებას?

პასუხი შეიძლება ასეთი იყოს: საქართველოს ალიანსში სასწრაფოდ მიღების მოთხოვნით ოფიციალური ანკარა ცდილობს, სამაგიერო გადაუხადოს რუსეთს და მის პრეზიდენტს იმის გამო, რომ ა.წ. 24 აპრილს ერევანში ჩასულმა ვლადიმირ პუტინმა 100 წლის წინანდელი ტრაგიკული მოვლენები სომხების გენოციდად შეაფასა.

რუსეთის ხელისუფლების პოზიციამ თურქეთის პროტესტი გამოიწვია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთ-თურქეთის ბოლოდროინდელი სწრაფი დაახლოების პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა.

ოფიციალური ანკარის საპასუხო დიპლომატიური ქმედებები საქართველოს NATO-ში გაწევრების მოთხოვნით არ ამოწურულა. თურქეთის ხელისუფლება, მართალია, არ აღიარებდა რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას, თუმცა, არც კატეგორიულად გმობდა კრემლის აგრესიულ ქმედებებს. მეტიც, მიუხედავად უკრაინის ხელისუფლების აკრძალვისა, თურქული გემები მაინც შედიოდნენ ანექსირებული ყირიმის პორტებში (ისევე, როგორც დღემდე შედიან ოკუპირებული სოხუმის პორტში).

პრეზიდენტ პუტინის მიერ ერევანში გამჟღავნებული პოზიციის შემდეგ თურქეთის ხელისუფლების სხვადასხვა შტომ უფრო აქტიურად დაიწყო ანექსირებულ ყირიმში რუსული სპეცსამსახურების მიერ ყირიმელი თათრების უფლებების დარღვევის ფაქტების გაპროტესტება და ახლა ისინი სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში.

"თუ საჭირო იქნება, თურქეთი გადახედავს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას და ელჩსაც გამოიწვევს," - განაცხადა 8 მაისს ანკარაში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა, რაც მიანიშნებს, რომ თურქეთმა არ აპატია რუსეთის პრეზიდენტს ერთი თვის წინ ერევანში აღიარებული "გენოციდი".

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური განცხადებაც, სადაც ნათქვამია: "იმის გათვალისწინებით, რომ განვლილი საუკუნის განმავლობაში რუსეთი მასობრივ მკვლელობებსა და გადასახლებებს აწყობდა კავკასიაში, შუა აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსკოვმა უკეთესად უნდა იცოდეს, რა არის გენოციდი და როგორია მისი სამართლებრივი ასპექტები".

ძნელია, არ გაიზიარო თურქი დიპლომატების ეს განცხადება. სხვა რომ არაფერი, კარგად გვახსოვს, რა გააკეთა რუსეთის ხელისუფლებამ 1992-93 წლებში აფხაზეთში და 2008 წელს ცხინვალის რეგიონში. კოსმოსიდან გადაღებულ სურათებზე კარგად ჩანს გადამწვარი ქართული სოფლები და ქართველების ჩონჩხად ქცეული სახლები, რაც ეთნიკური გენოციდის საუკეთესო მაგალითია.

ფაქტობრივად, პატარა სომხეთის ინტერესების გამო ვლადიმირ პუტინმა უზარმაზარი თურქეთი გადაიმტერა, რაც რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, მით უფრო, თუ გავიხსენებთ, რომ ბოლო წლებში თურქეთთან დამეგობრებით კრემლმა NATO-ს ერთიანობაში სერიოზული ნაპრალი გააჩინა, ახლა კი ეს ნაპრალი თვითონვე ამოავსო.