ყოფილი ტყვე "ჩატეხილი ხიდის" აღდგენის მოლოდინში... - კვირის პალიტრა

ყოფილი ტყვე "ჩატეხილი ხიდის" აღდგენის მოლოდინში...

"ტყვედ ჩავარდნილ მოხუცებსა და ქალებს ნაკლებად ერჩოდნენ. რამდენადაც ვიცი, დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში დარჩენილ უმწეო მოხუცებს "ნაიომნიკები" ავიწროებდნენ, მიტოვებულ სახლებს ძარცვავდნენ, გალეშილები დაძრწოდნენ და მოხუცებს სასტიკად უსწორდებოდნენ".

გონიერ პოლიტიკოსებსა და საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს ხშირად უთქვამთ, რომ საქართველო ეკონომიკური აღმავლობით, ცხოვრების დონით, ადამიანის უფლებათა და დასავლური ღირებულებების დაცვით უნდა გახდეს მიმზიდველი აფხაზებისა და ოსებისთვის, უამისოდ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას პერსპექტივა არ ექნება.

"კვირის პალიტრას" ამ თემაზე ერთ-ერთი ყოფილი ტყვეც ესაუბრა, რომელიც ომამდე ცხინვალში 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და ამ ქალაქის დე ფაქტო მერის ინიციატივით იყო დასაქმებული(?!). თურმე ნუ იტყვით, ქართველები აგვისტოს ომამდე ცხინვალში სამუშაოს საძებნელად გადადიოდნენ. ჩვენმა რესპონდენტმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა (მხოლოდ სახელით მოვიხსენიებთ), თითქმის ერთი თვე გაატარა იზოლატორში და ახლა მას ყველაზე მეტად ქართველებსა და ოსებს შორის განხეთქილება ადარდებს.

კობა: - მე და ბიძაჩემი  ორი წლის განმავლობაში ცხინვალში ვმუშაობდით. რუსეთიდან ქართველები რომ გამოყარეს, მათ შორის მეც აღმოვჩნდი. საქართველოს კი დავუბრუნდი, მაგრამ აქ არც სახლ-კარი  მქონდა და არც სამუშაო. ხელისუფლება კი დაგვპირდა, რომ დასაქმებაში ხელს შეგვიწყობდა, მაგრამ თითიც არ გაანძრია. ერთხელ ბიძაჩემმა შემომთავაზა, ცხინვალში წავიდეთ, იქ ვიშოვით სამუშაოსო. თურმე უმუშევარი ქართველები ცხინვალში გადადიოდნენ  სამუშაოდ.

- ბევრნი იყვნენ?

- საკმაოდ, უმეტესობა რუსეთიდან დეპორტირებული იყო.

- ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას ქართველების დასაქმება რად სჭირდებოდა?

- ალბათ, რუსეთის ხელისუფლებისგან ჰქონდათ მითითება... პოლიტიკისგან შორს ვარ და ვითარების გაანალიზებას ნამდვილად არ ვაპირებ. რაც თავს გადამხდა, მხოლოდ იმას მოგიყვებით...

ერთი სიტყვით, ცხინვალში  წყლის გასათბობი სისტემის დაყენებაზე ვმუშაობდით და კარგი ანაზღაურებაც გვქონდა. ომი რომ დაიწყო, მაშინაც იქ ვიყავით. საღამოს ჩვენმა ხელისუფლებამ ტელევიზიით გამოაცხადა, ცხინვალს ქართველები აკონტროლებენო და მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქის დატოვება მოუწოდეს. დაბომბვის დროს ჩვენი დამსაქმებლის  სახლის სარდაფში ვიმალებოდით. შემდეგ მარჯვე დრო შევარჩიეთ და გზას ფეხით გამოვუყევით. იმ ადგილს რომ მივუახლოვდით, სადაც ცხინვალის სასამართლოა, ოსები დაგვხვდნენ. შეიძლება ითქვას, ჩვენ ვიყავით პირველი ტყვეები. მერე დიდი ლიახვის ხეობის სოფლებიდან წამოსხმული ტყვეები და რეზერვისტი ბიჭები შემოგვამატეს.

- ის ფაქტორი არ დაგეხმარათ, რომ ცხინვალში მერის ხელშეწყობით  მუშაობდით?

- ჩვენ უფრო გვინდობდნენ, სხვებს კი სასტიკად უსწორდებოდნენ.

მახსოვს, ორი პატარა ბიჭი აიყვანეს, დაახლოებით 19 წლისანი.  ოსები თავს იარაღით დაადგნენ და ჰკითხეს, აქ რა გინდათო. ბიჭების პასუხი რომ გავიგონე, შიშისაგან ტანში გამცრა, ვიფიქრე, ახლავე ტვინს გაასხმევინებენ-მეთქი, - ჩვენი ძმაკაცები ომობენ და იმათ მხარდასაჭერად წამოვედითო. ოსებმა მაგრად სცემეს, მაგრამ ჩემდა გასაკვირად არ დახვრიტეს. შემდეგ  ყველა ცხინვალის  იზოლატორში მიგვიყვანეს. იქ დაახლოებით 180-მდე ქართველი ვიყავით. ერთი 92 წლის მოხუციც კი იყო, კაცი ძლივს დადიოდა...

- იმასაც არ ინდობდნენ?

- ტყვედ ჩავარდნილ მოხუცებსა და ქალებს ნაკლებად ერჩოდნენ. რამდენადაც ვიცი, დიდი ლიახვის ხეობის სოფლებში დარჩენილ უმწეო მოხუცებს "ნაიომნიკები" ავიწროებდნენ, მიტოვებულ სახლებს ძარცვავდნენ, გალეშილები დაძრწოდნენ და მოხუცებს სასტიკად უსწორდებოდნენ. იმხანად გარეთ ყოფნა უფრო სახიფათო იყო, ვიდრე ცხინვალის იზოლატორში.

ოსი სამართალდამცველები ჩვენს მებრძოლებზე პირდაპირ დაგეშილები იყვნენ. მახსოვს, ქარელში აყვანილი 4 პოლიციელი მოიყვანეს. იზოლატორიდან სულ ცემით გაათრიეს და მერე მათზე აღარაფერი გაგვიგია. სამხედრო პირები ცალკე ჰყავდათ დამწყვდეული.

29 აგვისტომდე ვიყავით ტყვეობაში... იმ დღეების გახსენებაც არ მინდა.

ყველაზე მეტად ქართველებსა და ოსებს შორის განხეთქილება მადარდებს. ცხინვალში ბევრი ოსურ-ქართული ოჯახია, თუმცა ნაწილს გვარი აქვს გადაკეთებული. ამ ომმა ისევ ჩამოაგდო მტრობა, არადა თითქმის შერიგებული ვიყავით. ქართველები ცხინვალში თავისუფლად გადადიოდნენ, ვაჭრობდნენ, ლუკმაპურს შოულობდნენ და პირიქით. ომის შემდეგ კი ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობის აღდგენას კიდევ ბევრი წელი დასჭირდება...