რუსული აგრესიის კვალი უკრაინაში - კვირის პალიტრა

რუსული აგრესიის კვალი უკრაინაში

ГРУ-ს სპეცრაზმელების დაჭერისა და რუსული უპილოტოს ჩამოგდების მიუხედავად, კრემლი ჯიუტად უარობს უკრაინაში მიმდინარე ბრძოლებში რუსეთის არმიის დანაყოფების მონაწილეობას...

ანდაზა - "ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო" - არაერთხელ გამხსენებია აფხაზეთში, როცა რუსული არტილერია და მოიერიშე თვითმფრინავები გვბომბავდნენ, ოფიციალური მოსკოვი კი მაინც ჯიუტად უარობდა ომში მონაწილეობას და ამტკიცებდა, მოიერიშე Су-25-ები ქართველებისაა და რუსული ავიაციის ფერებით თბილისში გადაღებესო...

თითქმის ანალოგიური სიტუაციაა 22 წლის შემდეგ უკრაინაში.

უკრაინის აღმოსავლეთში მთელი წლის განმავლობაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას რუსეთი კვლავ უტიფრად უარყოფს.

გასულ კვირას უკრაინელებს ბედმა გაუღიმა და მათ წინააღმდეგ რუსეთის არმიის მოქმედების ორი ისეთი ფაქტი ამცნეს მსოფლიოს, კრემლის თავკაცი სირცხვილით უნდა გაჩუმებულიყო მაინც, მაგრამ მოსკოვის უტიფრობას საზღვარი რომ არ აქვს, კარგად ვიცით.

16 მაისს უკრაინის აღმოსავლეთში, ქალაქ სჩასტიესთან ბრძოლის დროს, უკრაინელებმა ორი მოწინააღმდეგე დაჭრეს და ტყვედ აიყვანეს. ისინი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მე-16 ცალკეული სპეცდანიშნულების ბრიგადის კაპიტანი და სერჟანტი აღმოჩნდნენ. მათ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი რთული ოპერაციებიც გაუკეთეს. ორივე დაკავებულმა ტელეკამერების წინ აღიარა, რომ ისინი რუსეთის არმიის მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები არიან და უკრაინის ტერიტორიაზე ბრიგადის მეთაურობის ბრძანებით იმყოფებიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სიტუაციიდან თავის დაძვრენა სცადა და განაცხადა, რომ დაკავებულები ადრე მართლაც მსახურობდნენ ხსენებულ სამხედრო ნაწილში, მაგრამ წლის დასაწყისში ისინი თავიანთი სურვილით გათავისუფლდნენ შეიარაღებული ძალებიდან. როდესაც დაჭრილმა რუსმა სამხედროებმა გაიგეს, როგორ გაიმეტა ისინი მშობლიურმა ქვეყანამ, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათ პატაკი არ დაუწერიათ და ტყვედ ჩავარდნამდე რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებად ირიცხებოდნენ.

რუსული ГРУ-ს ტყვედ ჩავარდნილი კაპიტნისა და სერჟანტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სტატუსს მიანიჭებენ. თუკი რუსეთი არ აღიარებს სამხედრო სამსახურში მათ ყოფნას, ორივეს, როგორც ტერორისტს, ისე გაასამართლებენ, ხოლო თუკი მოსკოვი დატყვევებულებს საკუთარ სამხედრო მოსამსახურეებად ცნობს, უკრაინა მათ სამხედრო ტყვეების სტატუსს მიანიჭებს და შეიძლება უკრაინელ სამხედრო ტყვეებზეც გაცვალონ, თუმცა, ეს არაფრის დიდებით არ აძლევს ხელს კრემლს, რადგან ამ შემთხვევაში პრეზიდენტ პუტინს მოუწევს, აღიაროს, რომ თურმე რუსეთის არმია მართლაც იბრძვის უკრაინის წინააღმდეგ.

ადრე თუ გვიან რუსეთს ამის აღიარება მაინც მოუწევს (გაიხსენეთ, რომ ერთი წლის შემდეგ პუტინმა აღიარა ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციაში რუსეთის არმიის დანაყოფების მონაწილეობა, რასაც 2014 წელს კატეგორიულად უარყოფდა), მაგრამ უკრაინელებს ეს ახლა სჭირდებათ.

21 მაისს კი კრემლის მტკიცებამ, თითქოს უკრაინაში რუსეთის არმია არ იბრძვის, კიდევ ერთი მძლავრი დარტყმა მიიღო. ამ დღეს დონეცკის ოლქში, დაბა ავდეევკის მახლობლად, უკრაინელებმა უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც Форпост-ის ტიპის რუსული წარმოების უპილოტო სადაზვერვო აპარატი აღმოჩნდა. რუსული Форпост-ი ებრაული Searcher-2-ის ლიცენზირებული ვარიანტია, რომლის რუსეთისთვის მიწოდება ისრაელმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო, თუმცა, მანამდე საქართველოს უთხრა უარი ანალოგიური დანიშნულების საფრენი აპარატების მიწოდების გაგრძელებაზე.

რუსული სადაზვერვო აპარატები უკრაინელებმა 2014 წლის 28 მაისს დონეცკთან (Jhkfy-10) და 29 ივნისს ლუგანსკის ოლქშიც (ZALA-ს ტიპის) ჩამოყარეს, თუმცა, ამჯერად რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა იმან, რომ ინტერნეტში მოიპოვება ამ "ფორპოსტის" (საბორტე ნომერი 923) "ურალის სამოქალაქო ავიაციის" ქარხანაში აწყობის დამადასტურებელი ვიდეო და ფოტომასალა.

ამის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება არ აღიარებს, რომ მისი არმია აქტიურად მონაწილეობს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გაჩაღებულ საბრძოლო მოქმედებებში.