"დელტას" ახალი ჯავშანმანქანა ბრძოლის ველიდან დაჭრილების საევაკუაციოდ...
25-05-2015
"დელტას" ახალი ჯავშანმანქანა ბრძოლის ველიდან დაჭრილების საევაკუაციოდ...
ისეთი გრძელი სათაური სტატიას შემთხვევით არ წავუმძღვარეთ, რადგან 2004 და მით უმეტეს - 2008 წლის ცხინვალის ომებში (რომ აღარაფერი ვთქვათ 1992-93 წლების აფხაზეთის ომზე) ჰაერივით გვჭირდებოდა ბრძოლის ველიდან დაჭრილების უხიფათოდ გამოსაყვანი სატრანსპორტო საშუალებები და ვინ იცის, მათი უქონლობის გამო რამდენ ქართველ მებრძოლს ვერ აღმოუჩინეს საჭირო დახმარება...

2008 წლის აგვისტოს ომში ცხინვალის ქუჩებიდან დაჭრილი მებრძოლების ნაწილი "კობრას" ტიპის ჯავშანმანქანების დახმარებით გამოიყვანეს - "კობრა" ჩამოეფარებოდა დაჭრილს და მანქანის უკანა კარიდან იგი შეჯავშნულ
სალონში შეჰყავდათ. ეს ძალზე მტკივნეული იყო, მაგრამ სხვა გზა არ არსებობდა.

სპეციალიზებულ სანიტარიულ ჯავშანმანქანებს ყველა ნორმალური არმიის მეთაურობა ითხოვს და შემთხვევითი არ არის, რომ საუდის არაბეთმა საქართველოს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" კონკრეტული ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების საფუძველზე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის ახალი მოდელი დაუკვეთა.

საუდის არაბეთის გენერლებს "დელტას"
არსებობა, რა თქმა უნდა, არ დასიზმრებიათ. ჩვენს ერთგულ მკითხველებს ეხსომებათ "კვირის პალიტრის" ექსკლუზიური სტატიები: "ქართული "დიდგორი" უდაბნოში გამარჯვებისთვის იბრძოლებს..." (25.08.2014) და "ქართულმა "ჯავშანსასწრაფომ" არაბული უდაბნო წარმატებით დალაშქრა" (29.09. 2014). ამ სტატიებში ვწერდით, რომ "დელტას" სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანამ 1-19 სექტემბერს საუდის არაბეთის უდაბნოში წარმატებით ჩააბარა რთული გამოცდა.

როგორც ჩანს, არაბმა შეიხებმა თვალი დაადგეს თბილისში დამზადებულ ჯავშანმანქანას და "დელტას" სპეციალისტებს თავიანთი მოთხოვნებით მისი მოდიფიცირება შესთავაზეს.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისის ცენტრში ქართული არმიის საბრძოლო ტექნიკასთან ერთად პირველად გამოჩნდება "დელტას" ახალი სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, რომელიც გამოირჩევა წინა ნაწილის ახალი, უფრო თანამედროვე დიზაინით და რაც მთავარია, აქვს დაჭრილების გადასაყვანი კარგად დაცული ნაკვეთური.

ახალ ქართულ ჯავშანსასწრაფოს მძღოლის, ექიმისა და სანიტრის გარდა, ოთხი მწოლიარე დაჭრილი გადაჰყავს. ეს მაღალ მაჩვენებლად ითვლება, რადგან ერთდროულად ამდენი მწოლიარე დაჭრილის გადაყვანა (რომლებიც, ამავე დროს, მიერთებული არიან სამედიცინო აპარატურას) მსოფლიოში არცთუ ბევრ საევაკუაციო ჯავშანმანქანას შეუძლია.

"დელტას" ახალი ჯავშანსასწრაფოს მთავარი ღირსება შეჯავშნის ის ორიგინალური კონსტრუქციაა, რომლითაც დაცული არიან მანქანის უკანა ნაკვეთურში მწოლიარე დაჭრილები. ცხადია, ჩვენ ვერ გავამხელთ ამ ჯავშანკონსტრუქციის დეტალებს,­ თუმცა, გეტყვით, რომ იგი სნაიპერული შაშხანა СВД-სა და ტყვიამფრქვევ ПКМ-ის 7,62X54ღ ტიპის ვაზნის Б-32 ტიპის ჯავშანგამტან ტყვიას უძლებს. არსებობს ყველა წინა­ პირობა, რომ საუდის არაბეთმა "დელტას" შეუკვეთოს ამ ჯავშანსასწრაფოს მსხვილი პარტია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო "დელტას", არამედ მთელი საქართველოსთვის.
ბონდო
03 ივნისი 2015 16:58
გაუმარჯოს დელტას!..
rezo
02 ივნისი 2015 22:59
მადლობა დელტას.ძალიან მაგარი საქმეა.ბრავო!
mindia
31 მაისი 2015 10:51
ucxo-ს

ვაი ჩვენს პატრონს კი არა, ვაი შენს პატრონს!

რედაქტორის რჩევით