ტანკების ყიდვით შექმნილი გამარჯვების ილუზია... - კვირის პალიტრა

ტანკების ყიდვით შექმნილი გამარჯვების ილუზია...

ხელისუფლება, თავისი გამოუცდელობით, დარწმუნებული იყო, რომ შესყიდული ტანკები თუ ქვემეხები ქართულ არმიას უძლეველს გახდიდა, თუმცა შეიარაღების რაოდენობით ის არათუ არმიას, არამედ ერთ რუსულ მე-19 მოტომსროლელ დივიზიასაც კი ჩამორჩებოდა...

განვლილი ურთულესი 18 წლის მანძილზე ორჯერ "სხვის მოედანზე ვითამაშეთ" და ორივეჯერ სასტიკად დავმარცხდით...

სხვა სახელს ვერ დავარქმევთ იმას, რომ რუსული ტანკებითა და ჰაუბიცებით გვინდოდა მოგვეგო იმ რუსული არმიისთვის, რომელიც 1992-93 წლებში აფხაზეთში არაოფიციალურად, ხოლო 2008 წელს ცხინვალში აშკარად მხარს უჭერდა იქაურ სეპარატისტებს.

ორივეჯერ, გვინდოდა თუ არა, ოფიციალური თბილისი კრემლმა მთელ მსოფლიოს სამხედრო აგრესორად დაანახა, რადგან სწორედ ქართულდროშიანი ტანკები გამოჩნდნენ 1992 წელს, აგვისტოში, სოხუმში, ხოლო 2008 წლის აგვისტოში - ცხინვალის ქუჩებში და ორივეჯერ სწორედ ტანკების რიცხვმა შეუქმნა იოლი სამხედრო გამარჯვების ილუზია საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებას.

1992 წელს ამ სტატიის ავტორი თავად გახდა მოწმე, თუ როგორი დაჩქარებული ტემპით გადმოსცემდნენ რუსი გენერლები ქართველებს ახალციხის მე-10 კადრირებული მოტომსროლელი დივიზიის ტანკებსა და სხვა შეიარაღებას.

მაშინ ოფიციალურად 108 ცალი თ-55 ტიპის ტანკი მივიღეთ, რომელთა ნაწილი მაშინდელმა ხელისუფლებამ სარკინიგზო ეშელონებით სამტრედიამდე გადაისროლა. იქიდან ტანკების კოლონა სოხუმისკენ დაიძრა. ჩანს, კიტოვანსა და შევარდნაძესაც დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ამ ტანკებით აფხაზეთში სეპარატისტულ მოძრაობას ერთხელ და სამუდამოდ გააჩუმებდნენ (მით უმეტეს, მაშინ აფხაზებს ერთი ტანკიც არ ებადათ).

სინამდვილეში რაც მოხდა, მის მძიმე შედეგებს 1993 წლიდან მთელი საქართველო იმკის....

ასეთი სასტიკი გამოცდილების მქონე ქვეყანას და მის ხელისუფლებას, თუნდაც ახალმოსულს, ძალიან დიდხანს და საფუძვლიანად უნდა ეფიქრა, რა გზები და ხერხები აერჩია რუსეთის მხარდაჭერით გაგულადებულ სეპარატისტულ სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობაში.

მაგრამ არ გაითვალისწინეს აფხაზეთის ომის სამხედრო-პოლიტიკური დეტალები, შეიძლება იმიტომაც, რომ "ვარდების რევოლუციის" შედეგად მოსულ ახალგაზრდა ხელისუფლებას (ერთი-ორის გარდა), აფხაზეთის ომი არ ჰქონდა გამოვლილი, თუმცა იქ არაერთი მათი  თანატოლი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდა, ბევრიც გმირულად დაეცა.

"ვარდების რევოლუციის" ხელისუფლებამ ქართული არმიის გადაიარაღება დაიწყო, რაც უთუოდ მისასალმებელი გახლდათ, რადგან შევარდნაძის ხელისუფლებამ სამხედრო მოსამსახურეები თითქმის გაამათხოვრა, საბრძოლო ტექნიკა კი ღია ცის ქვეშ დაჟანგა...

თუმცა ქართული არმიის გადაიარაღება და რეფორმირება ერთი კონკრეტული გააზრებული გეგმის გარეშე წარიმართა, რასაც თავდაცვის მინისტრებისა და გენშტაბის უფროსების წარამარა ცვლამაც შეუწყო ხელი.

ხელისუფლებას (რომლის წარმომადგენელთა უდიდეს ნაწილს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ ჰქონდა გავლილი მოგონილი ავადმყოფობების გამო) ტანკების ყოველი მორიგი პარტიის შეძენის შემდეგ უჩნდებოდა ცრუ იმედი მომავალ ბრძოლებში გამარჯვებისა...

ხელისუფლება ვერ ხვდებოდა, რომ ჩვენ აღმოვჩნდით 1992 წლის აგვისტოს მაგვარ სიტუაციაში, როდესაც ახალციხის დივიზიიდან ახალშექმნილ ქართულ არმიას მისთვის საარაკო რაოდენობის საბრძოლო ტექნიკა და შეიარაღება კრემლმა "სულგრძელად" დაუთმო.

მართალია, ამჯერად რუსეთი იარაღს აღარ გვაწვდიდა, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპაში შეძენილი (ხშირად მეტად გაბერილ ფასად) ტანკები, ჰაუბიცები თუ ტყვია-წამალი ხელისუფლებას უქმნიდა ილუზიას, რომ "სეპარატისტულ" პრობლემებს რამდენიმე კვირაში ერთი კარგი სატანკო შეტევით გადაწყვეტდა.

მაგრამ არავინ გაითვალისწინა, რომ თამაშს ისევ სხვის მოედანზე ვაპირებდით, რადგან საქართველოს შეიარაღებული ძალების მთელი შეიარაღება ერთ რუსულ არმიას კი არა, ერთ დივიზიასაც დიდად არ აღემატებოდა.

2008 წლის დასაწყისში ქართული არმიის შეიარაღებაში 183 ტანკი (მათ შორის 157 ცალი Т-72), 134 ჯავშანმანქანა (მათ შორის 32 ჯავშანტრანსპორტიორი БТР-80 და 57 ქვეითთა საბრძოლო მანქანა БМП-2) და 238 ცალი 100 მმ-ზე მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარი (მათ შორის 94 ბუქსირებადი ჰაუბიცა Д-30 - და 24 თვითმავალი DANA) ირიცხებოდა.

ამავე დროს, რუსეთს ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის - СKBO-ს 58-ე საერთო საჯარისო არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის (შტაბი ვლადიკავკაზში) შეიარაღებაში შედიოდა: 160 ტანკი (152 Т-72 და 8 Т-64), 458 ჯავშანმანქანა (მათ შორის 130 БМП-2 და 117 БТР-80) და 166 ცალი 100 მმ-ზე მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარი (მათ შორის 108 თვითმავალი ჰაუბიცა 2С3 Акасия).

როგორც ხედავთ, მთელი ქართული არმიის სახმელეთო შეიარაღება დიდად არ აჭარბებს ერთი რუსული დივიზიის არსენალს (ჯავშანმანქანების რაოდენობით კი პირიქით, რუსული დივიზია ქართულ არმიას 3-ჯერ მაინც აღემატებოდა), არადა ჩრდილო კავკასიაში, ჩეჩნეთში, დისლოცირებული იყო კიდევ ერთი 42-ე მოტომსროლელი დივიზიაც (იგი არ შედიოდა 58-ე არმიაში და უშუალოდ СКВО-ს ექვემდებარებოდა), რომლის შეიარაღება თითქმის მე-19 დივიზიის ტოლი იყო.

ეს მონაცემები გასაიდუმლოებული სადაზვერვო დოკუმენტიდან როდია ამოღებული. ის "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულების ყოველწლიურ მონაცემებშია და მას აგვისტოს ომამდე, სურვილის შემთხვევაში, დაწვრილებით შეიძლებოდა გასცნობოდნენ საქართველოს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში...

მაგრამ, როგორც გამოჩნდა, იქ მიაჩნდათ, რომ რუსეთი აშკარად არ ჩაერთვებოდა ბრძოლებში, რაც ოფიციალური თბილისის უდიდეს და ისტორიულ სტრატეგიულ შეცდომად იქცა.

სწორედ მე-19 და 42-ე რუსული დივიზიების 693-ე და 71-ე მოტომსროლელი პოლკები ერთ-ერთი პირველები შემოიჭრნენ როკის გვირაბიდან საქართველოს ტერიტორიაზე და დაიწყო რამდენიმედღიანი, თუმცა ფართომასშტაბიანი რუსეთ-საქართველოს ომი...

ტანკების ყიდვით შექმნილი იოლი სამხედრო გამარჯვების ილუზია ოთხ დღეში მთლიანად გაქრა და თან 65 ქართული ტანკი გაიყოლა...