კრემლი ცხინვალელი და სოხუმელი სეპარატისტების გაცხრილვას იწყებს - კვირის პალიტრა

კრემლი ცხინვალელი და სოხუმელი სეპარატისტების გაცხრილვას იწყებს

რუსეთის საოკუპაციო ჯარების მეთაურობა არ შეეგუება ქუჩებში "კალაშნიკოვებით" მოსეირნე წვერმოშვებულ ადგილობრივებს.

რუსეთის ხელისუფლებამ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დაიწყო გეგმაზომიერი სამოქმედო პროგრამის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთმმართველობის დამყარებას.

ეს კი ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ რუსეთის კანონები იმოქმედებს და ძალოვანი სტრუქტურებიც ცენტრალიზებულად, მოსკოვიდან გაკონტროლდება.

კრემლი არ შეეგუება, რომ აფხაზ სეპარატისტებს და, მით უფრო კოკოითის რეჟიმს საკუთარი სრულფასოვანი თავდაცვის სამინისტროები ჰქონდეთ და შეიარაღებაში შორსმსროლელი არტილერია და ავიაციაც ჰყავდეთ.

1993 წლიდან აფხაზეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ რუსეთის დახმარებით შექმნა მეტ-ნაკლებად ფუნქციონირებადი შეიარაღებული ძალები, რომელიც მთლიანად რუსეთის კმაყოფაზე იყო.

დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რად სჭირდება "აფხაზური შვილობილის" რჩენა, როდესაც ამ უკანასკნელმა თავისი ფუნქცია უკვე შეასრულა?

იგივე შეიძლება ითქვას ცხინვალელ სეპარატისტებზე. მართალია, მათი ძალები შედარებით ნაკლები იყო, მაგრამ მასაც მთლიანად რუსეთი არჩენდა.

მაშინ მოსკოვი, რა თქმა უნდა, ამას მალავდა, მაგრამ დღეს ეს აღარ სჭირდება, რადგან თავის მიერვე აღიარებულ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში იქ მოქმედ რეჟიმებს გაუფორმა ხელშეკრულება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ: სოხუმს 49, ხოლო ცხინვალს - 99 წლით.

რუსეთის გენშტაბი და ფედერალური უშიშროების სამსახური ნელ-ნელა თავად მკვიდრდებიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი მდ. ენგურთან და ახალგორის რაიონში ჩამოგვიჩოჩეს.

პირველად რუსული ზეწოლა იმ ე.წ. აფხაზმა მესაზღვრეებმა იგრძნეს, რომლებიც მდ. ენგურის მარჯვენა სანაპიროზე, ადმინისტრაციულ საზღვრებზე რამდენიმე წელია იდგნენ.

რუსმა მესაზღვრეებმა ისინი პოსტებიდან გაყარეს და მდ. ენგურის მარჯვენა სანაპიროზე დაახლოებით ისეთივე სასაზღვრო ზოლის შექმნას შეუდგნენ, როგორიც თავის დროზე საბჭოთა კავშირს საქართველოს სამხრეთით, თურქეთთან ჰქონდა მოწყობილი.

უკმაყოფილო აფხაზი მესაზღვრეები ტყეში გავიდნენ, თუმცა მათ მალე შეიძლება ათეულობით უკმაყოფილო აფხაზი სამხედროც შეუერთდეს, რომელთა ადგილიც აღარ იქნება ბუტაფორიულ აფხაზურ არმიაში.

ამგვარივე ბედი ელოდებათ ოსი სეპარატისტების შეიარაღებულ ფორმირებებს. უკვე მიდის საუბარი სამშვიდობო ბატალიონ "ალანიას" დაშლის შესახებ. "ალანია" შერეულ სამშვიდობო ძალებში შედიოდა ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მხრიდან.

წესით, ეს ბატალიონი მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრი რუსეთის მოქალაქეებით უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული, თუმცა დიდი ხანია იქ მხოლოდ ადგილობრივი ოსები მსახურობენ, რომელთაც მოსკოვმა რუსეთის პასპორტები დაურიგა. სწორედ ეს ბატალიონი ებრძოდა შარშან აგვისტოში ქართულ არმიასა და ქართველ ცისფერჩაფხუტიანებს.

ცხინვალისა და სოხუმის რუსი სამხედრო კომენდანტები არ დაუშვებენ ქალაქის ქუჩებში წვერგაუპარსავ, გაურკვეველი სამხედრო ფორმირებების წევრთა ბოდიალს, რომლებიც ყველა საკამათო სიტუაციას მხარზე გადაკიდებული "კალაშნიკოვით" წყვეტდნენ.

ცხინვალში უკვე დაიწყო ცეცხლმსროლელი იარაღის ნებაყოფლობით ჩაბარება. ამოღებულია 100-მდე იარაღი, რაც ზღვაში წვეთია.

რამდენად შეეგუებიან აფხაზი და ოსი სეპარატისტები განიარაღებას და რუსი სამხედროების ხისტ ზეწოლას, უახლესი მომავალი გვიჩვენებს...