"მისტრალი" - განხეთქილების ვაშლი NATO-სთვის?! - კვირის პალიტრა

"მისტრალი" - განხეთქილების ვაშლი NATO-სთვის?!

ლატვია და ლიტვა მოსკოვისთვის ფრანგული "მისტრალის" მიყიდვას აპროტესტებენ - ისინი საქართველოსავით უფრთხიან რუსეთის საზღვაო დესანტირების შესაძლებლობების გაძლიერებას.

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა განცხადებამ, რომ პარიზი თანახმაა, მიჰყიდოს რუსეთს თანამედროვე შვეულმფრენმზიდი - დოკი Mistral-ი, NATO-ში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამ გარიგებას აქტიურად ეწინააღმდეგებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები ლიტვა და ლატვია. ისინი NATO-სა და ევროკავშირისგან დაბეჯითებით მოითხოვენ, რომ თანაალიანსელმა საფრანგეთმა რუსეთს არ მიჰყიდოს ამ ტიპის ხომალდები.

პარიზის გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი არიან ალიანსის სხვა წევრებიც, მათ შორის რუმინეთი და ბულგარეთიც, ასევე აშშ. ჯერ ცნობილი არ არის, პირველად ნაყიდ "მისტრალს" მოსკოვი რომელ მხარეს გაამწესებს - ბალტიის, ჩრდილოეთის, შავი ზღვის თუ წყნარი ოკეანის ფლოტში, ანუ შესაბამისად, უნდა ეშინოდეთ ბალტიისა თუ შავი ზღვის ქვეყნებს.

თუმცა, როგორც ირკვევა, სავარაუდოდ, რუსეთი საფრანგეთს დამატებით კიდევ სამ "მისტრალს" დაუკვეთს, რის შემდეგაც გაურკვევლობა მოიხსნება - ერთი "მისტრალი" მაინც იცურებს შავ ზღვაში.

"მისტრალის" თემა ასეთი აქტუალური არ იქნებოდა, რომ რამდენიმე თვის წინ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის სარდალს, ადმირალ ვლადიმირ ვისოცკის არ ეთქვა, - საქართველოსთან კონფლიქტის დროს "მისტრალის" ტიპის ხომალდი რომ გვყოლოდა, შავი ზღვის ფლოტი თავის ამოცანას 40 წუთში შეასრულებდა და 26 საათი არ დასჭირდებოდაო.

რუსი ადმირალი 2008 წლის 10 აგვისტოს ოჩამჩირესთან რუსული საზღვაო დესანტის გადმოსხმის ოპერაციას გულისხმობდა, როდესაც სამმა დიდმა სადესანტო ხომალდმა აფხაზეთში დამატებით საბრძოლო ტექნიკა და პირადი შემადგენლობა შეიყვანა. ფრანგი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუკი ოფიციალური პარიზი მოინდომებს, "მისტრალების" გაყიდვისას შეთანხმებაში აუცილებელ პუნქტად ჩადებს მოთხოვნას, რომ რუსეთს არ ექნეს საფრანგეთში ნაყიდი ხომალდების საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს გამოყენების უფლება.

თუმცა, რამდენად გაიზიარებს თავისივე ექსპერტების მოსაზრებებს პრეზიდენტი სარკოზი, ძნელი სათქმელია. ფაქტობრივად, რუსეთისთვის "მისტრალების" მიყიდვით სწორედ მას შეაქვს  ერთგვარი განხეთქილება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთობის საქმეში, რადგან "მისტრალი" საზღვაო დესანტის გადასასხმელად განკუთვნილი ხომალდი, ანუ შეტევითი დანიშნულების საბრძოლო საშუალებაა და, წლების შემდეგ, არავინ იცის, NATO-ს რომელი ქვეყნის სანაპირო ზოლს მიადგებიან უკვე რუსულდროშიანი "მისტრალები"...

მაშინ, როდესაც ოფიციალური პარიზი NATO-ელი მოკავშირეების სამართლიან შეშფოთებას უგულებელყოფს, რამდენად გაითვალისწინებს ერთი პატარა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესს სახელმწიფოებრიობის გადარჩენაზე?!