ივანიშვილის რეზიდენციაზე თვალი მერაბიშვილის გარდა ახალაიასაც სჭერია - კვირის პალიტრა

ივანიშვილის რეზიდენციაზე თვალი მერაბიშვილის გარდა ახალაიასაც სჭერია

სპეცტექნიკის გამოყენებით ახალაია და მერაბიშვილი უკვე ერთმანეთსაც კი უთვალთვალებდნენ და ზვერავდნენ

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა "პალიტრა TV-"ის გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, რომ არ იცის, რა მოუხერხოს იმ ძალზე ძვირად ღირებულ სპეცაპარატურას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის სათვალთვალოდ შეიძინა ყოფილმა ხელისუფლებამ და დღეს ის თავდაცვის სამინისტროს არაფერში სჭირდება.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია აპარატურის დასახელება (უფრო მეტიც, ხაზი გაუსვა, რომ თავდაცვის სამინისტროში არავინ იცის, რა ჰქვია მას), თუმცა, სავარაუდოდ, ლაპარაკი უნდა იყოს ოპტიკურ-ელექტრონული თვალთვალისა და ინფორმაციის მოპოვება-დამუშავების ერთიან სისტემაზე, რომელსაც სპეცსამსახურები ხშირად იყენებენ ობიექტის საცხოვრებლის სათვალთვალოდ დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

თუკი დავუჯერებთ თავდაცვის მინისტრს, გამოდის, მისი ერთ-ერთი წინამორბედის, ყველაზე დიდი ალბათობით კი ბაჩო ახალაიას, მინისტრობის დროს თავდაცვის სამინისტრომ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის საფასურად შეიძინა ეს სისტემა კონკრეტული მიზნისთვის - ეთვალთვალა მაშინდელი ოპოზიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისთვის სოლოლაკში.

ამაში რაღაც ახალი და სენსაციური არაფერია, რადგან ჯერ კიდევ 2012 წლის 19 ნოემბრის "კვირის პალიტრის" ნომერში გამოქვეყნებულ ექსკლუზიურ სტატიაში "ივანიშვილის სასახლეს შსს ტელეანძიდან უთვალთვალებდა", დაწვრილებით ვწერდით, თუ რა ტექნიკური საშუალებებით ზვერავდა ივანიშვილის რეზიდენციას ტელეანძიდან შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი.

კერძოდ, შსს-ს სპეციალისტებმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ფუნიკულიორზე, ტელეანძის სამუშაო სათავსების ფანჯრებთან დაამონტაჟეს მძლავრი ტელეობიექტივით აღჭურვილი ციფრული ფოტოაპარატი, რომელიც ტელეანძიდან აფიქსირებდა დაახლოებით 1260 მეტრით დაშორებულ ივანიშვილის რეზიდენციაში შესულ და ეზოში მოსიარულე ყველა პირის სახეს. მიღებული ინფორმაცია მუშავდებოდა და შსს ივანიშვილის ყველა სტუმრის ვინაობას იგებდა.

წესით, პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ივანიშვილის რეზიდენციაზე თვალთვალის შესახებ შსს-ს ინფორმაციაც საკმარისი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ საქმეში ახალაიას მიერ თავდაცვის სამინისტროს ჩართვაც უფრო იმაზე მიუთითებს, რომ მერაბიშვილსა და ახალაიას შორის უკვე შავ კატას გაერბინა და ისინი ერთმანეთს აღარ ენდობოდნენ. მეტიც, სპეცტექნიკის გამოყენებით ახალაია და მერაბიშვილი უკვე ერთმანეთსაც კი უთვალთვალებდნენ და ზვერავდნენ.