ერთ დღეს დაკარგული ორი თვითმფრინავი - კვირის პალიტრა

ერთ დღეს დაკარგული ორი თვითმფრინავი

2015 წლის 4 ივნისი შეიძლება შავი ასოებით ჩაიწეროს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ისტორიაში, რადგან ამ დღეს ორი საბრძოლო თვითმფრინავი, გამანადგურებელი МиГ-29КУБ და საფრონტო ბომბდამშენი Су-34, დაკარგეს. თუმცა ორივე საავიაციო შემთხვევა შეფასდა როგორც ავარია, რადგან ორივე თვითმფრინავის ეკიპაჟები (4 მფრინავი) გადარჩნენ.

4 ივნისს, შუადღისას, ასტრახანის ოლქში ორმა პილოტმა კატაპულტირება განახორციელა მართვადაკარგული МиГ-29КУБ ტიპის გამანადგურებლიდან. თვითმფრინავი მიწას დაენარცხა და აფეთქდა. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური МиГ-29КУБ ტიპის ორადგილიანი გამანადგურებელი რუსეთმა 2011 და 2014 წლებშიც დაკარგა.

ეს გამანადგურებლები ავიამზიდის გემბანიდან ასაფრენად შეიქმნა. ინდოეთმა რუსეთს 46 ასეთი თვითმფრინავი დაუკვეთა, თუმცა სამი გამანადგურებლის ჩამოვარდნამ ინდოელი სამხედროები უნდა დააფიქროს.

იმავე 4 ივნისს, თითქმის იმავე დროს, ვორონეჟის ოლქში აეროდრომზე დაშვებისას, სავარაუდოდ, დიდი სიჩქარის გამო, რაც პილოტების შეცდომით იყო გამოწვეული, ვეღარ მოასწრო დამუხრუჭება და გადაბრუნდა რუსეთის საბრძოლო ავიაციის სიამაყე, უახლესი საფრონტო ბომბდამშენი Су-34. თვითმფრინავი დაიმტვრა, თუმცა არ აფეთქებულა. ეკიპაჟის ორივე წევრი გადარჩა.

სხვათა შორის, ბევრი ინფორმაცია გამოჩნდა იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომის დროს, თბილისის ზღვის ჩრდილოეთ მხარეს, მთაზე მდგარი ქართული სამოქალაქო რადიოლოკაციური სადგური სწორედ იმ ანტისარადარო მართვადმა რაკეტამ ააფეთქა, რომელიც რუსულმა Су-34-მა გამოუშვა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ერთ დღეს, 2008 წლის 9 აგვისტოს, საქართველოსთან ომში რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგეს: ერთი შორი მოქმედების ბომბდამშენი Ту-22М3, ერთი საფრონტო ბომბდამშენი Су-24М და ორი მოიერიშე Су-25.