ტერაქტი ნაზრანში, ავღანურ-ერაყული ხელწერით - კვირის პალიტრა

ტერაქტი ნაზრანში, ავღანურ-ერაყული ხელწერით

რუსეთის ხელისუფლების ორგანოებზე ჩრდილო კავკასიაში მიზანმიმართული ტერაქტები არ წყდება.

ის, რაც ინგუშეთის ქალაქ ნაზრანში 17 აგვისტოს დილას მოხდა, შეიძლება შეფასდეს, როგორც საერთაშორისო დონის ტერორისტული აქტი, რომლის დაგეგმვასა და განხორციელებაში ამ საქმის ოსტატები მონაწილეობდნენ.

17 აგვისტოს, ნაზრანში, ადგილობრივი საქალაქო და რაიონული შს განყოფილებების შენობის (ორივე დანაყოფი ერთ შენობაში იყო განთავსებული) წინ მილიციელები დილის გაყრაზე იკრიბებოდნენ, როდესაც "გაზელის" ყვითელმა მიკროავტობუსმა ტარანით შეამტვრია რკინის კარი და ეზოში შევარდა.

მანქანას მილიციელებმა ცეცხლი გაუხსნეს. იმ დროს, როდესაც ერთ-ერთი მათგანი მძღოლის საჭიდან გადმოთრევას შეეცადა, გაისმა გამაყრუებელი აფეთქებების ხმა.

ტერაქტიდან მხოლოდ მეოთხე დღეს გაირკვა, რომ საერთო ჯამში დაიღუპა 24, ხოლო დაიჭრა 262 კაცი.

აფეთქების შედეგად წარმოქმნილმა ხანძარმა მთლიანად გაანადგურა მილიციის საქალაქო და რაიონული განყოფილებების შენობა - ხანძარმა საბრძოლო მასალების დეტონაცია გამოიწვია. განადგურდა 30-ზე მეტი ავტომობილი. ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების ადგილზე წარმოიქმნა ორი მეტრი სიღრმისა და ოთხი მეტრი რადიუსის ღრმული. ექსპერტების აზრით, "გაზელში" ჩადგმული იყო დაახლოებით 200 კგ ტროტილის ეკვივალენტი ასაფეთქებელი ნივთიერება.

დღე არ გავა, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის ფედერალურ ორგანოებზე ტერაქტი ან შეიარაღებული თავდასხმა არ მოხდეს, თუმცა 17 აგვისტოს ნაზრანის ტერაქტმა ყველა ანალოგიური აფეთქება დაჩრდილა.

ნაზრანის ტერაქტი, თავისი ხელწერით, ძალიან ჰგავს იმ ტერორისტული აქტების სერიას, რომელიც რამდენიმე წელია, ერაყისა და ავღანეთის დასახლებულ პუნქტებში მიმდინარეობს იმ ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც ამერიკული და კოალიციური ჯარები უჭერენ მხარს. ბაღდადსა და ერაყის სხვა ქალაქებში არაერთხელ შეუნგრევია რომელიმე სახელმწიფო დაწესებულების ეზოს ჭიშკარი ტროტილით დატენილი ავტომობილით ტერორისტ-კამიკაძეს და აფეთქებებისას რამდენიმე ათეული ადამიანი დაღუპულა.

დროთა განმავლობაში ამერიკელებმა ისწავლეს ტერორისტი-კამიკაძის სამანქანო ტარანის აღკვეთა - შესასვლელებში ბეტონის ბლოკები დააწყვეს, რომ მანქანებს მათთვის გვერდის ავლა გასჭირვებოდათ და სწრაფად ვერ ემოძრავათ. მაგალითად, ასე იყო მოწყობილი ალ-კუთში "დელტას" ბაზის შესასვლელი, სადაც ქართველი სამხედროები მსახურობდნენ.

ნაზრანის ტერაქტში კამიკაძე-ტერორისტის რამდენიმე ასეული კგ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული ავტომობილისა და დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი სისტემის გამოჩენა ცხადყოფს, რომ ერაყსა და ავღანეთში ტრადიციად ქცეული სერიოზული ტერაქტები მალე რუსეთის მიერ კონტროლირებად ჩრდილოეთ კავკასიაშიც კანონზომიერებად იქცევა და ალბათ მათგან რუსეთის მსხვილი ქალაქებიც ვეღარ დაიცავენ თავს...