სანაპირო დაცვა გააქტიურდა - "სოხუმი" ოკუპირებული სოხუმისკენ გზას კეტავს - კვირის პალიტრა

სანაპირო დაცვა გააქტიურდა - "სოხუმი" ოკუპირებული სოხუმისკენ გზას კეტავს

აფხაზი სეპარატისტების ლიდერი საქართველოს საზღვაო ბრძოლებით ემუქრება... რუსული სარაკეტო ხომალდების იმედით

17 აგვისტოს საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მთავარი სამმართველოს სადარაჯო-საპატრულო კატარღებმა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დააკავეს პანამის დროშით მცურავი ტანკერი BUKET-ი.

მთავარი ბრალდებაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევა. ტანკერს თურქეთიდან სოხუმისკენ კონტრაბანდული 2000 ტ ბენზინი და 700 ტ დიზელის საწვავი მიჰქონდა.

ტანკერი ფოთის სამხედრო პორტში შეიყვანეს. დაკავებულია ეკიპაჟის 17 წევრი, მათგან 13 თურქეთის, ხოლო 4 - აზერბაიჯანის მოქალაქეა.

20 აგვისტოს სანაპირო დაცვის კატარღებმა დააკავეს კამბოჯის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი AFღO შთAღ-ი, რომელსაც სოხუმის პორტიდან თურქეთის მიმართულებით კონტრაბანდულად გადაჰქონდა 1255 ტ შავი ლითონის ჯართი. გემი, ეკიპაჟის ექვს წევრთან ერთად (სირიის მოქალაქეები), ფოთის სამხედრო პორტშია შეყვანილი.

სოხუმი პროპორციულად უპასუხებს თბილისს. ეს მეკობრეობააო, - აცხადებს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი.

სიტუაცია შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად იძაბება.

საქართველოს სანაპირო დაცვამ "ბრჭყალები" გამოაჩინა, უფრო სწორად, ახალი სწრაფმავალი კატარღები გამოიყენა ოკუპირებული ტერიტორიებისკენ და იქიდან მომავალი გემების დასაკავებლად.

ორივე შემთხვევაში თავი გამოიჩინა თურქეთში შარშან ნაყიდმა თანამედროვე სწრაფმავალმა საპატრულო კატარღა "სოხუმმა", რომელმაც ოკუპირებული სოხუმისკენ მიმავალი საზღვაო გზა გადაკეტა.

საერთო ჯამში, 2009 წლის დასაწყისიდან საქართველოს სანაპირო დაცვამ 24 გემი დააკავა თევზჭერის, ზღვის დაბინძურებისა და ნაოსნობის წესების დარღვევისთვის. მათგან 5 დაკავებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესების დარღვევის გამო.

ჩანს, ოფიციალურმა თბილისმა საგანგებო ბრძანება მისცა თავის სანაპირო დაცვას, გააძლიეროს კონტროლი ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსკენ მიმავალი გემების მიმართ.

გასაგები მიზეზების გამო ეს კონტროლი შეიძლება ძირითადად მხოლოდ სამხრეთი მიმართულებიდან, რომლითაც ყველაზე ხშირად თურქული გემები სარგებლობენ. ჩრდილოეთიდან, რუსეთის მხრიდან გემები სოხუმსა და ოჩამჩირის პორტებში დაუბრკოლებლად შედიან. ამ სიშორეზე ქართული სანაპირო დაცვის კატარღებს მარჯვედ მოქმედება უჭირთ.

ოკუპირებული აფხაზეთის პორტებში და სანაპიროსთან რუსეთს შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო ხომალდებისა და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის მესაზღვრეების საპატრულო კატარღების გამოჩენა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს სანაპირო დაცვის საპატრულო და სადარაჯო კატარღებს.

აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-საზღვაო ძალები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შეერწყა. შესაბამისად, სანაპირო დაცვის კატარღებს საზღვაო ბრძოლის გამართვის ძალიან მცირე პრაქტიკული შანსი დარჩათ.

სეპარატისტული რეჟიმი ჩანს, რუსეთის საზღვაო ძალების იმედით ემუქრება საქართველოს საზღვაო ბრძოლებით.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს შარშანდელი ომის მწარე გამოცდილება და მნიშვნელოვნად გააძლიეროს ფოთის (ასევე ბათუმის) პორტების უსაფრთხოება, მით უმეტეს, რომ დაკავებული გემები ფოთის სამხედრო პორტში დგანან.

არ არის გამორიცხული, რუსული სარაკეტო კატარღების მხარდაჭერით გაგულადებული აფხაზური "გრიფები" ჩაუსაფრდნენ ფოთის პორტიდან მორიგ განგაშზე გასულ ქართული სანაპირო დაცვის საპატრულო და სადარაჯო კატარღებს.

სეპარატისტული სოხუმი ეცდება, ოკუპანტი მოსკოვის მხარდაჭერით, თბილისს საერთაშორისო მეკობრეობაში დასდოს ბრალი, რის შემდეგაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ესკადრა დაიწყებს ფოთის (შეიძლება ბათუმისაც) პორტების ბლოკირებას იმის მტკიცებით, რომ "უკანონოდ" დაკავებული გემები სწორედ იქ დგანან...

ოკუპაციამდე საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის სიგრძე თითქმის 309 კმ იყო. დღეს სეპარატისტული რეჟიმი, რუსეთის საოკუპაციო ჯარებთან ერთად, ამ სანაპირო ზოლის 185 კმ-იან მონაკვეთს აკონტროლებს ფსოუდან ანაკლიამდე.

საქართველოს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ 309 კმ-იანი სანაპირო ზოლიდან რეალურად მხოლოდ 124 კმ რჩება.

ამ 124 კმ-იან სანაპირო ზოლში შედის ფოთისა და ბათუმის პორტები, ასევე სუფსისა და ყულევის ნავთობტერმინალები. ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს ზღვიდან განსაკუთრებული კონტროლი და დაცვა სჭირდებათ.