შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიისას საჰაერო ევაკუაცია?
22-06-2015
შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიისას საჰაერო ევაკუაცია?
სტიქიური უბედურება, მით უმეტეს, მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, არანაკლებ სახიფათოა მცხოვრებლებისთვის, ვიდრე ქუჩებში ბრძო­ლები. მეტიც, ამ დროს უფრო ძნელი დასადგენია, საიდან და როდის უნდა მოელოდე საფრთხეს, ვიდრე ომის პირობებში.

13-14 ივნისს თბილისის ერთი ნაწილი ძალიან დაზიანდა. გვერწმუნეთ, ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებისა და გაანალიზების შემთხვევაში სტიქიის შედეგები ასეთი ტრაგიკული არ იქნებოდა; ასევე, დროულად უნდა ჩართულიყვნენ სამაშველო სამუშაოებში ძალოვანი სტრუქტურები, უპირველესად კი _ არმიის დანაყოფები და გამოეყენებინათ საბრძოლო და სპეციალური ტექნიკა.
რას ვგულისხმობთ?

პირველი: დავალების დროულად მიღების შემთხვევაში საარმიო სადაზვერვო ჯგუფებს შეეძლოთ ახალდაბა-წყნეთის რაიონში სიტუაციის დაზვერვა, ვიდეო და ფოტოგადაღება (უკეთესი იქნებოდა, თუკი მათ გვერდით პროფესიონალი გეოლოგებიც იქნებოდნენ) და მოპოვებული მასალის დროულად მიწოდება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთვის.

ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი იქნებოდა თბოვიზორული აპარატურით­ აღჭურვილი შვეულმფრენებიდან ან უპი­ლ­ოტო
საფრენი აპა­რა­­ტიდან ღამითვე მდ­. ვე­­რეს კალაპოტის დაზვერვა. ძლიერი წვიმის დროს ჰაერიდან ამის გაკეთება, ალბათ, გაჭირდებოდა, თუმცა ხმელეთიდან შესაძლებელი იქნებოდა. მეორე: წყლის მოვარდნისა და ქუჩების დატბორვისას შეიძლება იმ ჯავშანტექნიკის გამოყვანა, რომელსაც ცურვა შეუძლია და მათი საშუალებით დატბორილი ადგილებიდან ადამიანების ევაკუაცია.

წყალში მოცურავე "კობრას" ტიპის ჯავშანმანქანები შსს-ს ბევრი ჰყავს, ისევე, როგორც თავდაცვის სამინისტროს _ БТР-80 და "ეჯდერის" ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები. თუმცა, საწინააღმდეგო არგუმენტი აქაც არსებობს _ წყალს დიდი სიჩქარით მოჰქონდა მოგლეჯილი ხეები და მორები, რომლებიც ნამდვილად დააზიანებდა მორევში შესულ ჯავშანტექნიკას და შეიძლება ჩაეძირა კიდეც, რაც დამატებით თავსატეხს გაგვიჩენდა. მესამე: წყალდიდობის დროს ადამიანების ევაკუაციის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და ეფექტური საშუალება სამაშველო შვეულმფრენების გამოყენებაა. შვეულმფრენებზე მონტაჟდება სპეციალური ჯალამბარი, რომლის საშუალებითაც მაშველისა და ევაკუირებულის აწევაც შეიძლება. სამაშველო შვეულმფრენი აღჭურვილია მძლავრი პროჟექტორებით, რაც ღამით ხმელეთსა და წყალში ადამიანების პოვნის საშუალებას იძლევა.

შეიძლებოდა თუ არა საჰაერო ევაკუ­აციის მეთოდების გამოყენება ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის დროს? შეიძლებოდა, რადგან UH-1H "იროკეზისა" და Ми-8 ტიპის რამდენიმე შვეულმფრენი ჯერ კიდევ დაფრინავს არმიისა და სასაზღვრო პოლიციის საავიაციო ესკადრილიებში, მაგრამ რამდენად მზად არიან ეკიპაჟები ღამით, და თანაც _ ქალაქში შვეულმფრენებით საჰაერო სამაშველო ოპერაციის განსახორციელებლად? არის თუ არა სამაშველო ჯალამბრებით, მძლავრი პროჟექტორებითა და ღამის ხედვის მოწყობილობებით აღჭურვილი ეს შვეულმფრენები და იყო კი ვინმე, ვინც ასეთ ამოცანას დაუსახავდა მფრინავებს?

სავარაუდოდ, სწორედ სამაშველო ოპერაციების დროული დაგეგმვა და განხორციელება იქცა მთავარ პრობლემად.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც ძალზე სარისკოს ხდის ასეთი ტიპის სამაშველო ოპერაციას: როდესაც შვეულმფრენი დაბალ სიმაღლეზეა ჩამოკიდებული ქალაქის საცხოვრებელ უბანში, სახლებს შორის გაბმული დენის, ინტერნეტისა თუ ტელევიზიის კაბელები საჰაერო ხრახნის წამოდების შემთხვევაში შვეულმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი შეიძლება გახდეს.

რა თქმა უნდა, დღეს ადვილია ამის წერა, სტიქიის დროს კი ყველაფერს წუთები და შეიძლება წამებიც წყვეტდეს, მაგრამ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების განკარგულებაში არსებული საბრძოლო და ორმაგი დანიშნულების ტექნიკის გამოყენება არც ახლაა გვიან.

პირველ რიგში ეს ეხება ზოოპარკიდან გამოქცეული მტაცებელი ცხოველების ტყეებში მოძებნას. ამისთვის უპრიანი იქნებოდა საფრენი აპარატიდან (უკეთესია ეს უპილოტო, მცირე ზომის საფრენი აპარატი იყოს, რომელიც მაინცდამაინც არ ხმაურობს და ცხოველებს არ დააფრთხობს) თბოვიზორული ხელსაწყოებით ღამით ტყის მასივში მოძრავი ცხოველების სხეულების სითბური გამოსხივების დაფიქსირება, რის საშუალებითაც, სპეციალისტს შეეძლება ვეფხვისა და მგლის გარჩევა.

მისასალმებელია, რომ თავდაცვის სამინისტრო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ აქტიურად იყენებს საინჟინრო ბრიგადის პირად შემადგენლობასა და სპეციალურ მძიმე საინჟინრო ტექნიკას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კარგად აღჭურვილი და მომზადებული საინჟინრო დანაყოფები არა მარტო ომის დროს გამოდგებიან საინჟინრო წინაღობებით (ნაღმური ველები, ჩახერგილი გზები, მიწაყრილები და ა.შ.) მოწინააღმდეგის შეტევის შესაჩერებლად, არამედ მშვიდობიანობის დროს სტიქიური უბედურების შედეგების სალიკვიდაციოდაც შეიძლება მათი გამოყენება.
13-14 ივნისის ტრაგედიამ საზოგადოებას და იმედია, ხელისუფლებასაც კარგად დაანახვა, რომ ბუნებასთან ხუმრობა და რეალობის გაუთვალისწინებლობა დიდი ტრაგედიის მომასწავებელია და ერთიანი საგანგაშო და საევაკუაციო სისტემების ხელახლა შექმნა და ეფექტურად ამოქმედება სასიცოცხლო აუცილებლობაა.
givi
16 ივლისი 2015 15:08
ჯალამბარს რომ ჩაუშვებდა ვერტმფრენი, ის ჯალამბარი რომ იმ მოთხრილ ხეებში გამოხლართულიყო ნეტა რა მოხდებოდა? დამეორე მიშამ რომ ვერტალიოტები იყიდა იმას ჯალამბრები კი არა ტყავის დივან-სავარძლები ჰქონდა და მაგენი კიდეც რომ ჩამოეშვათ დიდ შეღავათს ვერ მისცემდა.
gavazeli
01 ივლისი 2015 09:00
სისულელე და თითიდან გამოწოვილი ამბებია. სადაა საბურთალოდან ყველაზე ახლოს ბეტეერები? ალბათ ვაზიანში. რამდენი დრო დასჭირდებოდა საბურთალომდე მისვლას? ლამის 1 საათი, კობრებს უფრო მეტი, რადგან ჯერ ეკიპაჟები უნდა მისულიყო კობრებთან და მერე გასულიყვნენ კატასტროფის ადგილზე. 1 საათის შემდეგ მისვლას კი რაღა აზრი ქონდა?
ასევე ვერტმფრენებიც. რომ გამოეყვანათ ამისთანა ამინდში და ქალაქის პირობებში, ვერტმფრენების ნახევარს მაინც დავკარგავდით და მერე გენახათ მსხვერპლი და კატასტროფა.
თბილისელი
30 ივნისი 2015 13:16
ჩემს თვალწინ,სადაცსტიქიამ ორი სახლი წაიღომაცხოვრებლებით, ხოლოერთ მანათობელი შუქი,სავარაუდოდ ადამიანი ხელში მობილურით მოჰქონდა მორევს საკმაოდ გაშლილი სივრცეა და არანაირიკორპუსი და დენის ბოძი არ შეუშლიდა ხელს ვერტმფრენს !!!!!!!!!! უბრალოდ როდესაც ხელისუფლებაში ხარ ადამიანები უნდა გიყვარდეს დამათზე პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გაგაჩნდეს !

რედაქტორის რჩევით