საჰაერო თავდაცვის რა სისტემები ვიყიდეთ საფრანგეთში - რაღაცას ვყიდულობთ, რაღაცას ვყიდით, რაღაცას ვერ ვიყენებთ... - კვირის პალიტრა

საჰაერო თავდაცვის რა სისტემები ვიყიდეთ საფრანგეთში - რაღაცას ვყიდულობთ, რაღაცას ვყიდით, რაღაცას ვერ ვიყენებთ...

საზოგადოებაში ძალზე გაიზარდა ინტერესი იმისა, თუ საჰაერო თავდაცვის რა სისტემები ვიყიდეთ საფრანგეთში, რომელი ქვეყანა აპირებს "დიდგორების" შესყიდვას და სტიქიის დროს რატომ არ გამოიყენეს ასე ძვირად ნაყიდი "სუპერპუმები"...

რაღაცას ვყიდულობთ…

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მიერ საფრანგეთში ხელმოწერილმა ხელშეკრულებამ დიდი სინათლე ვერ მოჰფინა იმ საკითხს, თუ საჰაერო თავდაცვის რა სისტემები შეიძინა საქართველომ.

ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ეს როგორც სამხედრო, ისე კომერციული საიდუმლოებაა, თუმცა ასევე გასაგებია პატრიოტულად განწყობილი საზოგადოების იმ ნაწილის დიდი ცნობისმოყვარეობა, რომელსაც ქართული ცის უსაფრთხოების გაზრდა სურს.

იმ მწირი ინფორმაციიდან, რომლითაც თავდაცვის სამინისტრომ საფრანგეთში ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გააშუქა, შეიძლება ერთი უცილობელი დასკვნის გამოტანა: კერძოდ, შესყიდულ იქნა საშუალო მანძილზე მოქმედი GM200 ტიპის სათვალთვალო და მიზანდასახვის მობილური რადარი (ან რადარები), ასევე, სავარაუდოდ, SKYVIEW COMPACT-ის ტიპის საჰაერო სიტუაციის მართვისა და კონტროლის მობილური პუნქტი.

GM200 არის ტაქტიკური რადარი, რომელიც მიმოხილვის რეჟიმში 250 კმ-ის რადიუსში საჰაერო სამიზნეებს აღმოაჩენს (ამ დროს რადარის ანტენა წუთში 20 ბრუნვას ასრულებს), ხოლო 100 კმ-ის რადიუსში საზენიტო რაკეტების მიზანმართვა შეუძლია (ამ შემთხვევაში რადარის ანტენის ბრუნვის სიჩქარე წუთში 40-მდე იზრდება).

საჰაერო თავდაცვის სისტემის ამ ორივე მნიშვნელოვანი ელემენტის ქართული ცის სადარაჯოზე გამოჩენა, რა თქმა უნდა, ბევრად გააძლიერებს მის უსაფრთხოებას, თუმცა აუცილებელია მესამე ელემენტიც - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიც.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უახლოეს დღეებში საფრანგეთში ხელს მოაწერენ მეორე ხელშეკრულებასაც, რომელიც შეიძლება სწორედ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვას გულისხმობს.

მაგრამ ფრანგული წარმოების რომელ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე შეიძლება იყოს ლაპარაკი?

საფრანგეთი აწარმოებს შორი მოქმედების SAMP/თ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს, Aster-30 ტიპის საზენიტო რაკეტებით, რომლის საშუალებითაც, საჰაერო სამიზნის დაზიანება 100 კმ-ზე უფრო შორსაც შეიძლება.

მას ოპერატიულ-ტაქტიკური ან ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგაც შეუძლია ბრძოლა და როდესაც ექსთავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მინიშნება გააკეთა, რომ ის საფრანგეთში ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას აპირებდა, რომლითაც რუსულ ბალისტიკურ რაკეტებსაც კი ჩამოაგდებდნენ, ყველამ სწორედ Aster-30-ებით აღჭურვილ SAMP/თ-ზე გაიფიქრა.

ძალიან გვინდა ვცდებოდეთ, მაგრამ დიდი ალბათობით ოფიციალური პარიზი ამ შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემას ამ ეტაპზე არ მოგვყიდის, რადგან იგი საქართველოს შემთხვევაში სტრატეგიულ ფუნქციას იძენს და მისი საშუალებით, მაგალითად, რუსეთის საჰაერო სივრცეშიც შეიძლება საჰაერო სამიზნის დაზიანება, რაზეც საფრანგეთის ხელისუფლება გასაგები მიზეზების გამო არ წავა.

საფრანგეთში ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ამსახველ ვიდეოფირში ახლო მოქმედების CROTAL-NG ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსმაც გაიელვა, რამაც ტელემაყურებლებში გააჩინა ეჭვი, რომ შეიძლება სწორედ ეს მოდერნიზებული "კროტალი" შეისყიდონ.

"კროტალის" შესყიდვა, რომლის პირველი მოდიფიკაციის წარმოება ჯერ კიდევ 1969 წელს დაიწყო, ვერ იქნებოდა მთლად სასიხარულო ამბავი, რადგან მისი მოდერნიზებული ვარიანტის ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებიც, დღეს შთამბეჭდავად აღარ გამოიყურება. თუმცა "კროტალის" შესყიდვა, სავარაუდოდ, არც იგეგმებოდა.

სამაგიეროდ, საინტერესო ვარიანტია ახლო მანძილზე მოქმედი VL MICA ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც გათვალისწინებულია 10-20 კმ-ის რადიუსში (დამოკიდებულია საზენიტო რაკეტის ტიპზე) და 9 კმ სიმაღლემდე არა მარტო შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების, არამედ ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდებისთვის. მისი საზენიტო რაკეტა შექმნილია "ჰაერი-ჰაერი" კლასის MICA-ს ტიპის მართვად რაკეტაზე, რომლითაც ფრანგული გამანადგურებლები, "მირაჟები" და "რაფალები", არიან შეიარაღებული. საზენიტო რაკეტა შეიძლება აღჭურვილი იყოს როგორც აქტიური რადიოლოკაციური დამიზნების სისტემით, ისე სითბური დამიზნების მოწყობილობით, რაც ორივე შემთხვევაში მას "გაისროლე-დაივიწყე" პრინციპით მოქმედების საშუალებას აძლევს, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასირებული საჰაერო შემოტევების ეფექტურად მოგერიებისთვის.

კიდევ ერთ ფრანგულ საჰაერო თავდაცვის საშუალებას, რომელიც ნამდვილად ზედმეტი არ იქნებოდა ჩვენთვის, მცირე მანძილზე მოქმედი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი MISTRAL-ი წარმოადგენს. "იგლასგან" თუ "გრომისგან" განსხვავებით, "მისტრალის" საზენიტო რაკეტას 6,5 კმ სიშორეზე და 5 კმ სიმაღლემდე შეუძლია საფრენი აპარატების დაზიანება.

საუკეთესო ვარიანტში შორი მოქმედების SAMP/T (Aster-30 ტიპის საზენიტო რაკეტებით), ახლო მოქმედების VL MICA და მცირე მანძილზე მოქმედების MISTRAL-ებს შეუძლიათ შექმნან საქართველოს საჰაერო სივრცის ეფექტური ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამ სიიდან SAMP/თ-ს ამოღების შემთხვევაშიც, სისტემა მაინც ეფექტური და მნიშვნელოვანი იქნება საქართველოს რეალობიდან გამომდინარე.

დავიცადოთ და ვნახოთ, თუ საჰაერო თავდაცვის რა სისტემების შეძენაზე შეაჩერეს არჩევანი თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა. ადრე თუ გვიან, საფრანგეთი გაეროს სპეციალურ რეესტრში, რომელშიც მსოფლიოში შეიარაღების ყიდვა-გაყიდვის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, გამოაქვეყნებს მონაცემებს, თუ რა მიჰყიდა საქართველოს.

რაღაცას ვყიდით…

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა "დელტამ" აფრიკაში, კონგოში, 10 ჯავშანმანქანა "დიდგორი" და ორი შეჯავშნული სამედიცინო-საევაკუაციო მანქანა საერთო ჯამში 4 მლნ დოლარად გაყიდა.

სიმართლე ითქვას, ამ ინფორმაციას "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველი ექსკლუზიურად ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შეიძლება გასცნობოდა, მაგრამ მაშინ თავი შევიკავეთ მისი გავრცელებისგან, რადგან ხელშეკრულება ჯერ შეთანხმების სტადიაში იყო და წინსწრებით შეიძლებოდა დიდი საქმე გაგვეფუჭებინა.

რადგან ინფორმაციამ მაინც გაჟონა, ერთს დავამატებთ: "დელტაში" აწყობილი ჯავშანმანქანებისა და განსაკუთრებით სამედიცინო-საევაკუაციო მანქანების საზღვარგარეთ გაყიდვა ძალიან დიდი მიღწევაა არა მარტო "დელტას" კოლექტივისთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის, რადგან ამას პოლიტიკურის გარდა (საქართველო შეიარაღების ექსპორტიორი ქვეყნების რიგში დგება), წმინდა ემოციურ-მორალური მნიშვნელობაც აქვს ქვეყნისთვის: საზოგადოება დაინახავს, რომ ჩვენც შეგვძლებია რაღაცის გაკეთება და მსოფლიო ბაზარზე გასვლა.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, თითოეული "დიდგორი", სავარაუდოდ, 200-დან 300 ათას დოლარამდე გაიყიდება და ფასი დამოკიდებული იქნება "დიდგორის" მოდიფიკაციაზე და აქვს თუ არა დისტანციურად მართვადი შეიარაღების მოდული. სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების ფასი, ეტყობა, უფრო მეტი იქნება.

გრძელდება მოლაპარაკება საუდის არაბეთთან სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების დიდი პარტიის მიწოდებაზე, თუკი ღმერთმა ქნა და, ეს ხელშეკრულება დაიდო, ეს ნამდვილად დიდი წარმატება იქნება.

რაღაცას ვერ ვიყენებთ...

სტიქიამ თბილისში აქტუალური გახადა შვეულმფრენების სამაშველო ოპერაციებში გამოყენება-არგამოყენების საკითხი.

ძალზე ცუდია, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ამ საკითხის პოლიტიზებას ცდილობს, მაგრამ არც ის არის კარგი, როდესაც სამი "სუპერპუმას" ტიპის შვეულმფრენი ორ წელზე მეტია, უმოქმედოდ დგას, მაშინ როდესაც მთაგორიან საქართველოს ჰაერივით სჭირდება შვეულმფრენები.

"კვირის პალიტრის" გასულ ნომერში დეტალურად ავხსენით, თუ რატომ ვერ იქნებოდა ეფექტური შვეულმფრენების გამოყენება მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის მძვინვარებისას: ეკიპაჟები არ არის მომზადებული ღამით, თანაც ქალაქის პირობებში სამაშველო ოპერაციების ჩასატარებლად; შვეულმფრენებზე (ლაპარაკია იმ რამდენიმე UH-1H "იროკეზისა" და Ми-8МТ- ტიპის შვეულმფრენებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არიან თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების დაქვემდებარებაში) არ არის დაყენებული სამაშველო ოპერაციებისთვის საჭირო სპეციალური მოწყობილობები, მათ შორის - ასაწევი ჯალამბარი, მძლავრი პროჟექტორები, თბოვიზორები. ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, "იროკეზზე" დასაყენებელი ჯალამბრის პიროპატრონებს (პიროპატრონები საჭიროა ჯალამბრის ჩასაგდებად; თუკი შვეულმფრენი ჯალამბრით რაიმე წინააღმდეგობას წამოედო, ვეღარ გაფრინდება და შეიძლება მიწაზე დაენარცხოს ან წყალში ჩავარდეს) შენახვის ვადა გაუვიდა და შეცვლას საჭიროებს, რის გარეშეც პილოტები ჯალამბრით მუშაობაზე უარს იტყვიან.

ალბათ, უპრიანი იქნებოდა, სათანადოდ აღჭურვილი სამაშველო შვეულმფრენები თავად სამაშველო სამსახურის, ჩვენს შემთხვევაში კი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტის) განკარგულებაში ყოფილიყო, რათა მაშველებსა და შვეულმფრენების ეკიპაჟებს ინტენსიურად გაევლოთ მომზადება ადამიანების საევაკუაციოდ როგორც მთის ფერდობებიდან, ტყეებიდან, ხევიდან, მდინარიდან, ზღვიდან, ისე ქალაქის მჭიდროდ დასახლებული რაიონებიდან.

რაც შეეხება აქამდე მივიწყებულ სამ "სუპერპუმას", მათი გამოყენება მრავალმხრივ შეიძლება და არა მარტო სამაშველო ოპერაციებისთვის. ცუდი ის არის, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ერთდროულად რამდენიმე, ერთმანეთისგან კონსტრუქციულად განსხვავებული შვეულმფრენების ექსპლუატაციას ეწევიან, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბევრად აჯობებდა, ერთი, კონკრეტული მწარმოებლის სხვადასხვა ტიპის შვეულმფრენის პარკის შექმნა.