კვლავ ბირთვულქობინიანი რაკეტების სამიზნეში
06-07-2015
კვლავ ბირთვულქობინიანი რაკეტების სამიზნეში
"ცივი ომის" დროს საბჭოთა საქართველო NATO-ს ბირთვულქობინიანი რაკეტების სამიზნე იყო, NATO-ში გაწევრების შემდეგ კი რუსული ბირთვული იარაღის სამიზნე გახდება…

"რუსეთი მზად არის, უკრაინის, საქართველოსა და მოლდავეთის წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს", - აცხადებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და მას მხარს რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინაც უბამს, რომელშიც შავით თეთრზე წერია, რომ NATO-ს გაფართოება რუსეთს სამხედრო-პოლიტიკურ საფრთხეს უქმნის, რასაც ის შეებრძოლება როგორც ჩვეულებრივი, ისე - ბირთვული იარაღით.
გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, რუსეთი იტოვებს უფლებას, ბირთვული იარაღი გამოიყენოს არა მარტო მაშინ, თუკი სხვა სახელმწიფო მას ბირთვული იარაღით დაემუქრება, არამედ მაშინაც, თუ ჩვეულებრივი შეიარაღებით დაწყებული შეტევისას სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საშიშროებას იგრძნობს. ამ შემთხვევაში ის პირველი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.

პარადოქსული სიტუაცია იქმნება - საქართველო, როგორც
საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი, დაახლოებით 45 წლის განმავლობაში ამერიკული ბირთვული იარაღის სამიზნე იყო. ბევრმა შეიძლება არც იცოდეს, რომ 1946 წლიდან თბილისი მოხვდა იმ 20 საბჭოთა ქალაქს­ შორის, რომელთა ატომურ დაბომბვას აპირებდა აშშ, თუკი საბჭოთა კავშირი ლა-მანშისკენ გაჭრასა და დასავლეთ ევროპის დაპყრობას დაიწყებდა.

სავარაუდოდ, თბილისი, ისე, როგორც მთელი საქართველო,  NATO-ს საიდუმლო სტრატეგიულ გეგმებში საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1991 წლის ბოლომდე რჩებოდა, როგორც ბირთვული თავდასხმის სამიზნე. დღეს დამოუკიდებელი საქართველო, საბედნიეროდ, აღარ არის დასავლეთის "ბირთვულ" სიაში, მაგრამ სამაგიეროდ, რუსეთის ბირთვული იარაღის პოტენციური სამიზნე შეიძლება გახდეს, თუკი აქამდე არ არის.
არ დაგვავიწყდეს, რომ 2008 წლის აგვისტოს რამდენიმედღიან ომში რუსეთმა მოასწრო, საქართველოსთვის 20-ზე მეტი "ტოჩკას", "ტოჩკა-უ"-სა და "ისკანდერის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური რაკეტა ესროლა. მართალია, ეს რაკეტები კასეტური და მსხვრევად-ფუგასური ქობინებით იყო აღჭურვილი, მაგრამ მათზე ბირთვული ქობინების დამონტაჟებაც შეიძლება...

რუსეთის ხელისუფლება ვა-ბანკზე მიდის და  NATO-ს ღიად ემუქრება ბირთვული იარაღის პირველად გამოყენებით, მაშინაც კი, თუ ბრძოლა ჩვეულებრივი იარა­ღით დაიწყება. ამასთან, კრემლი NATO-ს აღმოსავლეთით გაფართოებას, რაც მოლდავეთის, უკრაინისა და საქართველოს ალიანსში მიღებას უნდა ნიშნავდეს, უმთავრეს სამხედრო-პოლიტიკურ საფრთხედ აღიქვამს, ამიტომ მისი მუქარა ამ ქვეყნებსაც ეხება.
რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ?

2008 წლის აგვისტოში საქართველოში სამხედრო აგრესიით რუსეთმა მოახერხა, შეეფერხებინა საქართველოს NATO-ში გაწევრების პროცესი. იგივე განმეორდა 2014 წლის გაზაფხულზე, როდესაც მოსკოვმა ჯერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია განახორციელა, შემდეგ კი აღმოსავლეთ უკრაინაში შეიჭრა. ამან ძალზე გაართულა უკრაინის NATO-სკენ სწრაფვა.

თუმცა, მედალს მეორე მხარეც აქვს - რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ, განსაკუთრებით კი - უკრაინაში, ბოლოს და ბოლოს, გამოაფხიზლა NATO და მან აუცილებელი საპასუხო ნაბიჯების გადადგმა დაიწყო (რაც, წესით, 2008 წელს საქართველოში რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე უნდა გაეკეთებინა), რამაც რუსეთი შეაშფოთა, რადგან დასავლეთის არცთუ მკაცრმა სანქციებმაც კი რუსეთის ეკონომიკას ბირთვულ დაბომბვაზე არანაკლები დარტყმა მიაყენა.

ყველაფერი ახალი "ცივი ომის" გაჩაღებისკენ მიდის, რომელშიც, შესაძლებელია, ყველაზე მეტად საქართველო, უკრაინა და მოლდავეთი დაზარალდნენ...
დავითი
25 ივლისი 2015 18:05
სტალინისტს გიორგის და მათ ნაირებს,თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი მლიქვნელი ყალბი ადამიანები ამასთანავე სულით მონები ანუ ტიპიური "ჰომო სოვეტიკუს"-ები თქვენნაირებმა დაგვღუპეს ადრეც და ეხლაც იგივეს აგრძელებთ.თქვენი საყვარელი ერთმორწმუნე წმინდა ძმები რუსები გელიან მოსკოვში,მოუთმენლად . (რატომ გელიან თავადაც მიხვდებით) წაეთრიეთ და იქ ეხუტეთ თქვენს რუს ძმებს. არ წამიშალოთ კომენტარი არასოდეს რო არ მიქვეყნებთ. ამ მოღალატეებისას აქვეყნებთ და ჩემსას არა?! პ.ს. მონები ყოველთვის მონები იქნებით, საბჭოთა პირმშოები.
giorgi
18 ივლისი 2015 01:18
თუ ქართველებს ერთი პირი გვექნება ვერც რუსეთი მოგვერევა და ვერც დასავლეთი შეცვლის ჩვენს მენტალიტეტს ერთად-ერთი ვინც საქართველოში მდგომარეობას ძაბავს ეს სააკაშვილი ბოკერია და მათი დამქაშებია.
STALINIST
11 ივლისი 2015 12:50
მალე ქართველები მხარდამხარ იბრძOლებენ რუსი და სხვა მართლმადიდებელი ძმების მხარდამხარ ევრომარიკული ფაშიზმისა და ეშმაკის წინააღმდეგ ნაცებს კი 37 წელზე უარესი გელით ყველა მოღალატეს

რედაქტორის რჩევით