ტამიშის ტრაგედია და გამარჯვება
ტამიშის ტრაგედია და გამარჯვება
ერთი ფოტოს ისტორია...

22 წლის წინ ტამიშის გზის გახსნა ჩვენი პატარა გამარჯვება იყო, ისეთი,  დღეს რომ ასე გვაკლია...


ფოტოსურათი 1993 წლის 9 ივლისს ტამიშთან გადავიღე.
1992-1993 წლების აფხაზეთის ომიდან ბევრი არაფერი დამრჩენია - მხოლოდ რამდენიმე გაცრეცილი შავ-თეთრი ფოტოსურათი, მაგრამ ამ პატარა სურათზე 22 წლის შემდეგაც ჩანს მთავარი - ომის ტრაგედია და პატარა გამარჯვება.
ტრაგედია იმიტომ, რომ 1993 წლის 2 ივლისს, გამთენიისას, მოწინააღმდეგემ მოახერხა დაბა ტამიშთან დაახლოებით 300-400-კაციანი საზღვაო დესანტის გადმოსხმა,
რომელმაც ოჩამჩირე-სოხუმის საგზაო და სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, იქ განთავსებულ ბლოკპოსტებზე მყოფი მძინარე ქართველი სამხედროების დიდი ნაწილი ამოხოცა...

პატარა გამარჯვება კი იმიტომ, რომ ჩვენ, მიუხედავად მსხვერპლისა, მაინც მოვახერხეთ დესანტის ნაწილის განადგურება (ნაწილმა კი ჩრდილოეთით, ტყვარჩელისკენ დაიხია) და ოჩამჩირე-სოხუმის გზის გახსნა, რასაც სტრატეგიული
მნიშვნელობა ენიჭებოდა. ორი თვის შემდეგ, 16 სექტემბერს, მოწინააღმდეგემ უკვე ტყვარჩელიდან შემოგვიტია და მდ. კოდორთან ისევ გადაგვიკეტა ოჩამჩირიდან სოხუმისკენ მომავალი გზა. მაშინ სოხუმში ალყაში მყოფნი ამაოდ ველოდით დამხმარე ძალის მოსვლას, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა სოხუმის დაცემა...
მაშინ კი, 1993 წლის 9 ივლისს, ტამიშის აფეთქებულ ხიდთან ოჩამჩირიდან მომავალ შინაგანი ჯარების ჯავშანკოლონას შევხვდით.

ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან გზა გაიხსნა, სოხუმი ალყაში აღარ იყო! მართალია, მარჯვნიდან ისევ გვიტევდა მოწინააღმდეგე, რომლის უკან მაშინაც მშვენივრად ვხედავდით რუსი გენერლების აჩრდილს, მაგრამ მან საწადელს ვერ მიაღწია და ისევე, როგორც 1993 წლის 16 მარტს, გუმისთიდან სოხუმზე შეტევის მცდელობისას, ამჯერადაც პირში ჩალაგამოვლებული დარჩა.

სამწუხაროდ, მაშინ ვერ ვხვდებოდით, რომ უდიდესი დარტყმა არა ტამიშთან, არამედ სოხუმის ჩრდი­ლოეთით, სოფელ შრომის დაკარგვისას მოგვადგა. ამით მოწინააღმდეგემ სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვა, რაც წარმატებით გამოიყენა 16 სექტემბერს სოხუმზე მოულოდნელი შეტევის დაწყებისას...
დავუბრუნდეთ ამ ფოტოსურათის ისტორიას...

ქართველი გვარდიელები თანამებრძოლის ნეშტს მოასვენებენ, რომელიც (თუ არ მეშლება) დუშეთის ბატალიონის წევრი იყო და მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტის გადმოსხმის პირველ წუთებში დაიღუპა.
სურათის უკანა პლანზე მოჩანს ორი თ-55 ტიპის ტანკი. მათგან ერთი (მარცხენა) აფეთქებულია, მეორე კი შინაგანი ჯარების კოლონას მოჰყვა. რამდენიმე წუთში შინაგანი ჯარების ტანკი მარჯვნივ შემობრუნდება, მოწინააღმდეგის პოზიციებისაკენ, საიდანაც სროლა არ წყდება, 100 მმ-იან `საჩუქრებს~ გაუშვებს და მტერს დროებით დაადუმებს...
ამავე დროს, ახალი კინდღის ტყის მასივიდან, სადაც თერმული წყლები ამოდიოდა, ჩვენი `გრადი~ რაკეტების ზალპით გვიჭერდა მხარს...…

22 წლის წინ ტამიშის გზის გახსნა ჩვენი პატარა გამარჯვება იყო, ისეთი, დღეს რომ ასე გვაკლია...

P.S. ტამიშის ოპერაციის შემდეგ დავინტერესდი, რატომ და როგორ მოახერხა მოწინააღმდეგის თითქმის 400-კაციანმა საზღვაო დესანტმა რამდენიმე მცურავი საშუალების უჩუმრად მოყენება ტამიშის სანაპიროსთან და ჩვენი ბლოკპოსტების ასე სწრაფად დაპყრობა.

როგორც გაირკვა, მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტი ჯერ კიდევ სოხუმის ტრავერსზე დააფიქსირა ქართულმა რადიოლოკატორმა და ქართულ სამხედრო დაზვერვას ინფორმაცია ტამიშთან დესანტირებამდე რამდენიმე საათით ადრე მიაწოდა, მაგრამ რატომღაც ამას ოპერატიული მოქმედება არ მოჰყოლია. დეტალურად და ობიექტურად არის გამოსაძიებელი, ჰქონდა თუ არა ეს ინფორმაცია ოჩამჩირე-სოხუმის გზის მონაკვეთის დამცველი ქართული სამხედრო დანაყოფების მეთაურობას და თუ ჰქონდა, რატომ არ მოხდა დროული და სათანადო რეაგირება.
არადა, საზღვაო დესანტის განადგურება ყველაზე ადვილია მისი დესანტირების დროს, როდესაც ის მცურავი საშუალებიდან სანაპიროზე გადასვლას ცდილობს...
გელა
21 ივლისი 2015 10:37
სწორია ,ბატონო ირაკლი ეს დესანტი იყო მანიოვრი , ემსახურებოდა ორ მიზანს სოფელ შრომას აღებას საიდანაც მერე გზა გაიხსნეს და მეორე იმ დესანტის ნაწილმა სექტემბერში გზა ჩაკეტა სოხუმისკენ , მიკვირს ის რომ ტკვარჩელი სოხუმს ზურგში მუდამ აუგებელი იყო ესეც ვიღაცის ინტერესში იყო და სართოდ მგონია რომ იმ დროს და ეხლაც არ გამოვრიცხავ ვირტხები გვყავს ჯარში მყავს მხედველობაში შტაბებში, რუსების მოკავშირეები
samegrelo
17 ივლისი 2015 17:48
ბატონო ირაკლ მერაბ რენო გედენიძეს ხო არ შეხვედრილხარ ტამიშში
?
vitali
14 ივლისი 2015 18:35
ომი , მე არ ვიცი რა ომის გამოცდილება აქვს ბატონ ირაკლის , მაგრამ მინდა ავღნიშნო რომ ომს ჭირდება გამოცდილება , ტაქტიკური ვარჯიშები , საბრძოლო წვრთნები ტაქტიკური და სტრატეგიელი თეატრის ცვლილებით . თუ ვიმსჯელებთ რეალურად საიდან ეს გამოცდილება ჩვენს სამხედროებს იმ დროს ,რომელიც ძირითად ენთუზიაზმზე და პატრიოტიზმზე იყო დაფუძნებული .
და ყველაზე დამღუპველი რაც მოხდა . არ განხილულა და გარჩეულა ტაქტიკურად არცერთი ოპერაცია . არ შევინარჩუნეთ ის მცირე გამოცდილება რომელიც მაშინ შეიძინა შეიარაღებულმა ძალებმა .
ასევე ქვეყანა უნდა იცნობდეს იმ ჯარისკაცებს ვინც პირადი მაგალითით გმირობა დაიმსახურეს , მათ გმირობაზე ტაობები უნდა გაიზარდოს . მაგრამ ჩვენ ესეც დავკარგეთ . დგესაც ვერ ვხდები რატომ ვაკეთებთ ამას ?
რატომ ცდილობს მტელი საქართველო თავისი შვილი არ იყოს ჯარისკაცი ? ვერ გამიცია პასუხი ამდენი წლების მიუხედავად .

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები