"ბოინგი" რუსულმა "ბუკმა" ჩამოაგდო - კვირის პალიტრა

"ბოინგი" რუსულმა "ბუკმა" ჩამოაგდო

17 ივლისს ერთი წელი სრულდება უდიდესი საჰაერო ტრაგედიიდან, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ჩამოგდებულ მალაიზიურ "ბოინგში" 298 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა...

2014 წლის 17 ივლისს უკრაინის საჰაერო სივრცეში, დონეცკის ოლქის თავზე, აფეთქდა "ბოინგ-777" ტიპის მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურისკენ მიფრინავდა. 10 კმ-ის სიმაღლეზე აფეთქებული ლაინერი ჰაერშივე ნაწილებად დაიშალა და 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი დაიღუპა.

მაშინვე გაჩნდა ვერსია, რომ სამგზავრო თვითმფრინავი რაკეტით ჩამოაგდეს. ეს ვერსია უსაფუძვლო არ იყო, მით უფრო, რომ იმ რეგიონში უკრაინის არმიასა და პრორუს სეპარატისტებს შორის გაცხარებული საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა.

ამ ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, 21 ივლისს, "კვირის პალიტრის" სტატიაში "განწირული რეისი" გამოვთქვით ვარაუდი, რომ მალაიზიური "ბოინგი" რუსეთიდან მიწოდებული "ბუკის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან გაშვებული საზენიტო რაკეტით პრორუსმა სეპარატისტებმა ჩამოაგდეს, რადგან ის უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი ეგონათ.

ოფიციალური გამოძიება ჰოლანდიამ ითავა და მათ უკვე მოამზადეს ძიების პირველი ვარიანტი, რომელიც დაეგზავნა გამოძიებაში მონაწილე ქვეყნებს (მათ შორის - რუსეთსაც), რათა მათ 60 დღის განმავლობაში მასში შესწორებები შეიტანონ. საბოლოო ოფიციალური დასკვნა, ალბათ, ოქტომბერში გამოქვეყნდება.

მანამდე კი გამოქვეყნდა არაერთი მეტ-ნაკლებად სანდო არაოფიციალური გამოძიების შედეგი, რომელთა ძირითადმა ნაწილმა გაამყარა ჩვენი ვარაუდი, რომ სამგზავრო "ბოინგი" რუსულმა საზენიტო "ბუკმა" იმსხვერპლა.

ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო ვერსია ასეთია: ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, საბრძოლო მოქმედებების ზონის თავზე, ჩამოაგდეს უკრაინული სატრანსპორტო Ан-26, რომელსაც ტვირთი უნდა ჩამოეყარა ალყაში მოქცეული უკრაინული დანაყოფისათვის. საგულისხმოა, რომ ეს თვითმფრინავი იმ სიმაღლიდან ჩამოაგდეს, რომელზეც გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებიდან ("იგლებიდან") სეპარატისტები ვერ მისწვდებოდნენ. ამან გააჩინა ეჭვი, რომ რუსეთის ტერიტორიიდან სეპარატისტებს "იგლებზე" მძლავრი საზენიტო საშუალებები შეუტანეს.

17 ივლისს უკრაინული Ил-76 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის გაგზავნა იგეგმებოდა ალყაში მოქცეულების დასახმარებლად, მაგრამ ამჯერად უკრაინის უშიშროების სამსახურმა ეშმაკობა იხმარა და ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავი შეაჩერა, რადგან მანამდე დაიჭირა მობილური ტელეფონით გაგზავნილი მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელიც დაშიფრული ტექსტით იტყობინებოდა, რომ თვითმფრინავი გაფრინდა. აეროდრომზევე დააკავეს მობილური ტელეფონის პატრონი, რომელიც რუსული სპეცსამსახურებისთვის მომუშავე ერთ-ერთი ავიაკომპანიის თანამშრომელი აღმოჩნდა.

ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი კი გამოავლინეს, მაგრამ სეპარატისტებისთვის აღარავის შეუტყობინებია, რომ უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის გაფრენა გადაიდო. სეპარატისტები, უფრო სწორად კი - რუსი კადრის სამხედრო მეზენიტეები უკვე ჩასაფრებული იყვნენ "ბუკის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარით, რომლის რადიოლოკატორზეც გამოისახა მაღალ სიმაღლეზე და იმ მარშრუტით მფრენი ობიექტი, რა მიმართულებითაც უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი უნდა გაფრენილიყო. მათაც არ დაახანეს და საზენიტო რაკეტა გაუშვეს, რომელმაც შეცდომით მალაიზიური სამგზავრო "ბოინგი" იმსხვერპლა.

ამ ვერსიას ამყარებს ის ათობით ფოტო და ვიდეომასალა, რომლებიც განვლილი წლის განმავლობაში ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა ინტერნეტში მოძებნეს. მათზე ასახულია ქ. კურსკთან დისლოცირებული რუსული 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის კუთვნილი Бук-М1 ტიპის დანადგარის გადატანა როგორც უკრაინის საზღვრამდე, ისე - დონეცკის ოლქის გზებზე. ერთ-ერთ ვიდეოზე კარგად ჩანს, როგორ გადაადგილდება "ბუკი" იმ რაიონის სიახლოვეს, საიდანაც საზენიტო რაკეტა გაუშვეს. ასევე ჩანს საზენიტო რაკეტის სტარტის შემდეგ დატოვებული ინვერსიული კვალიც.

ბევრი ფაქტი ადასტურებს, რომ მალაიზიური "ბოინგი" სწორედ რუსეთიდან შეტანილმა "ბუკმა" ჩამოაგდო. არსებობს მისი ისევ რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნების ფოტომასალაც.

თუ ეს დადასტურდა, რუსეთის ხელისუფლებას 298 ადამიანის მკვლელობისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის (რომლის სასწრაფოდ შექმნასაც მალაიზია სთხოვს გაეროს) წინაშე მოუწევს წარდგომა.

ერთი წლის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდამ, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, ამ ავიაკატასტროფის რამდენიმე დეზინფორმაციული ვერსია გაავრცელა. მათგან ყველაზე აბსურდული უკრაინული Су-25 მოიერიშის მიერ "ბოინგის" ჩამოგდების შესაძლებლობის მტკიცებაა, რადგან ამ საბრძოლო თვითმფრინავს (რომელსაც წლების განმავლობაში მხოლოდ თბილისის საავიაციო ქარხანა აწყობდა) 10 კმ-ის სიმაღლემდე ასვლა და მასზე უფრო სწრაფად მფრენი "ბოინგის" ჩამოგდება არ შეუძლია.

ასევე უსაფუძვლოა რუსული მხარის მტკიცება, თითქოს "ბოინგი" უკრაინულმა "ბუკმა" ჩამოაგდო. აფეთქებული სამგზავრო ლაინერის დეტალური კვლევის შემდეგ გაირკვა, რომ საზენიტო რაკეტა "ბოინგის" ცხვირთან, მარცხნივ აფეთქდა, რაც მიუთითებს, რომ რაკეტა თითქმის შემხვედრი ტრაექტორიით არის გაშვებული იმ რაიონიდან, რომელსაც პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფაქტი ადასტურებს "ბოინგის" ჩამოგდებაში რუსული კვალის არსებობას, კრემლი, ალბათ, არასდროს აღიარებს ამას, რის შემდეგაც გამოჩნდება, დასავლეთი შეარჩენს რუსეთის ხელისუფლებას 298 ადამიანის მკვლელობას თუ საერთაშორისო ტრიბუნალით მოითხოვს მის გასამართლებას...