საშიში წვრთნები - კვირის პალიტრა

საშიში წვრთნები

არის თუ არა ომის განახლების საშიშროება?

ივლისის ბოლოს თბილისის მახლობლად, ვაზიანის პოლიგონზე, საერთაშორისო სამხედრო სწავლება  Aგილე შპირიტ-ი მიმდინარეობს, რომელშიც ამერიკელი სამხედროებიც მონაწილეობენ.

ამავე დროს, კავკასიის ქედზე ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებებს მართავს რუსეთი არტილერიის, ჯავშანტექნიკისა და ავიაციის გამოყენებით.

შიდა ქართლში სიტუაცია კვლავ დაიძაბა და შეიძლება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს...

ასეთი შესავალი მიესადაგებოდა 2008 წლის ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისს და ყველამ დავინახეთ, რაც მოხდა მერე...

ასეთივე სიტუაციაა დღეს, 2015 წლის ივლისის ბოლოს - ვაზიანში NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები ქართველებთან ერთად ვარჯიშობენ, ორჭოსანსა და წითელუბანთან საოკუპაციო საზღვრის ზოლის თბილისი-გორის დამაკავშირებელი გზისკენ გადმოწევას ცდილობენ, ხოლო რუსეთის სამხრეთი სამხედრო ოლქი ჩრდილოეთ კავკასიასა და ოკუპირებულ, ცხინვალის რეგიონში ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს ატარებს.

სახიფათო სიტუაციების მსგავსება აშკარაა, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დაძაბულობა დღესაც, ისევე, როგორც შვიდი წლის წინ, მაინცდამაინც ომში უნდა გადაიზარდოს.

მეორე მხრივ, რუსეთის ხელისუფლება, ალბათ, კმაყოფილი იქნება, თუკი საქმე შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივა, რაც მას მთელი საქართველოს ოკუპაციისთვის სამხედრო აგრესიის განახლების შესაძლებლობას მისცემს.

2008 წელს ქართულმა არმიამ და საპოლიციო რაზმებმა მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში შეძლეს რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, დღეს კი, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს არმია უფრო სუსტია.

ამის მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, აგვისტოს ომისდროინდელი სამხედრო-პოლიტიკური მარცხი, ალაფის სახით დაკარგული საბრძოლო ტექნიკა, ეკონომიკური კრიზისი და შეიარაღების შესყიდვაზე დაწესებული არაოფიციალური საერთაშორისო ემბარგო იყო, თუმცა, არც ქართული არმიის არსენალში დღეისთვის დარჩენილი შეიარაღება გამოირჩევა მაღალი საბრძოლო მზადყოფნით, რასაც თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს.

2015 წლის რუსეთის არმია 2008 წლის არმიაზე მთელი თავით მაღლა დგას. ამას ადასტურებს ის სამხედრო სწავლებები, რომელთაც იგი მართავს ჩრდილო კავკასიაში, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.

მაგალითად, 13 ივლისს სტავროპოლის მხარეში დაიწყო 20 მოდერნიზებული რუსული Су-25СМ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის ეკიპაჟების მომზადება დღისით და ღამით, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში პირობითი მოწინააღმდეგის სახმელეთო პოზიციების (მათ შორის - მობილურის) დაზიანება მართვადი და უმართავი რაკეტებითა და ბომბებით. მათ მხარს უბამს კრასნოდარის მხარეში დისლოცირებული საარმიო ავიაციის დამრტყმელი შვეულმფრენები: Ми-28YН Ми-24П  და Ми-35, ასევე, სატრანსპორტო-მოიერიშე Ми-8АМТШ "ტერმინატორები".

სწორედ მათი გამოყენებით ჩრდილო ოსეთში, დარიალის პოლიგონზე, მინიმუმ 600 მ სიმაღლიდან საბრძოლო ნახტომებს ახორციელებს 250-მდე რუსი მედესანტე, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მეთოდებს ხვეწენ.

რუსეთის სამხრეთი სამხედრო ოლქის ოპერატიულ-ტაქტიკურმა სარაკეტო კომპლექსებმა (Искандер-М) კრასნოდარის მხარიდან ასტრახანის პოლიგონისკენ 800 კმ-იანი მარში წამოიწყეს, რათა კაპუსტინ იარის პოლიგონზე რეალური სარაკეტო სროლები განახორციელონ.

რუსეთის სამხრეთი სამხედრო ოლქის 58-ე საერთო საჯარისო არმიის (სწორედ ეს არმია შემოიჭრა საქართველოში 2008 წელს) ათას ხუთასი არტილერისტი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და შორს მსროლელი საარტილერიო დანადგარების საშუალებით ჩრდილო კავკასიასა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პოლიგონებზე სროლებს ახორციელებს, რისთვისაც ცეცხლის მართვის ავტომატიზებულ სისტემებსა და უპილოტო სადაზვერვო საფრენ აპარატებს იყენებს.

არავის შეშინება არ გვსურს, მაგრამ მწარე სიმართლეა, რომ დღეს რუსეთი, სამხედრო თვალსაზრისით, საქართველოსთვის ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს ომის წინ იყო...

რას იზამს ამერიკა?!

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთს დიდი სამხედრო ძალა ჰყავს მობილიზებული უკრაინის საზღვართან და რუსი აგრესორი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრება.

უკრაინის პრეზიდენტის ამ საგანგაშო განცხადებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი, რომელმაც მოსკოვი კატეგორიულად გააფრთხილა: "მინსკის ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ძალაში დარჩება, ხოლო კონფლიქტის ესკალაციის დაწყებისთანავე აშშ გააძლიერებს ზეწოლას რუსეთზე."

დასავლეთისთვის, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს "შეშფოთება-აღშფოთებით" დაკმაყოფილდა, ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება (თუმცა, უკრაინისთვის, რომელიც ერთ წელზე მეტია, რუსეთს ებრძვის, ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო "ჯაველინის" რაკეტების მიღება უფრო სასურველი იქნებოდა), მაგრამ რას მოიმოქმედებს დასავლეთი და უპირველესად - აშშ, თუკი რუსმა სამხედროებმა ოს სეპარატისტებთან ერთად მარტო საოკუპაციო საზღვრის ბანერი კი არ გადმოსწიეს, არამედ, ვთქვათ, თბილისი-გორის შემაერთებელი ავტომაგისტრალი ნაწრეტი-ნიგოზას მონაკვეთში (სადაც ავტომაგისტრალთან ყველაზე ახლოს არის "ჩამოცოცებული" საოკუპაციო საზღვარი) გადაგვიკეტონ?

რა გეგმით შესთავაზებს მოქმედებას საქართველოს მთავრობას ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - აშშ და როგორი იქნება თეთრი სახლის რეაქცია?

კითხვა კითხვაზე ჩნდება, რომლებზეც გადამწყვეტი პასუხის გაცემა "მცოცავ" საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ გლეხს კი არა, ქართველ საზოგადოებასა და საქართველოს ხელისუფლებასაც არ შეუძლიათ.

არ გაუწევთ წინააღმდეგობას ოკუპანტს და უფრო მეტს მოინდომებს! ესვრი და იმასაც ეს უნდა - საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის განახლების საბაბი მიეცემა!

არსებობს მოსაზრება, რომ 2008 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში იგოეთთან მომდგარი რუსული არმიის თბილისისკენ წინსვლა აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის - ჯორჯ ბუშის - პრინციპულმა პოზიციამ შეაჩერა. პუტინ-მედვედევის ტანდემს მისი გათვალისწინება მოუხდა.

იქნება კი აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი ბარაქ ობამა ასეთივე კატეგორიული და განუცხადებს თუ არა თავის აგრესიულ რუს კოლეგას, რომ აშშ გააძლიერებს ზეწოლას რუსეთზე არა მარტო უკრაინის დონბასში კონფლიქტის ესკალაციის, არამედ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის გაგრძელების შემთხვევაშიც?!