ჩაკეტილი წრე - NATO-სთან "მიჩოჩებას" ოკუპაციის "ჩამოჩოჩება" მოჰყვება - კვირის პალიტრა

ჩაკეტილი წრე - NATO-სთან "მიჩოჩებას" ოკუპაციის "ჩამოჩოჩება" მოჰყვება

აგვისტოს ომიდან მე-7 წელს საქართველოში რუსული სამხედრო ოკუპაციის გაგრძელების საფრთხე იზრდება...

დღევანდელი საქართველოს რეალობაში ერთგვარი ჩაკეტილი წრე შეიქმნა, რომლიდანაც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკას გამოსვლა ძალიან უჭირს.

ძნელი მოსაძებნია გამოსავალი და ეფექტური საპასუხო ქმედებები, თუკი რუსეთმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კვლავ გააგრძელა საოკუპაციო ხაზის "ჩამოჩოჩება" აღმოსავლეთით.

აგვისტოს ომის შემდგომ, რაც ეს საოკუპაციო ხაზი "მოცოცავდა", რა თქმა უნდა, მძიმე იყო ამასთან შეგუება, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა სიტუაცია უკიდურესად დაძაბა; დაძაბა არა მარტო იმიტომ, რომ საოკუპაციო ხაზის კიდევ ერთხელ გადმოწევის მცდელობის დროს მის შიგნით მოექცა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის 1,6 კმ-იანი მონაკვეთი, არამედ რეალური საფრთხე დაემუქრა მთელი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის თბილისი-გორის ავტოსტრადას.

რუსეთის საოკუპაციო ჯარების დანაყოფი ამ მაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დგას. მათთვის არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს ბრძანების მიღებიდან ნახევარ საათში ავტომაგისტრალის ჩაკეტვა.

ამ დროს უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება, ავტომაგისტრალს რუსების ოცეული ჩაკეტავს თუ ბატალიონი, რადგან ქართული მხარის ნებისმიერი უკუქმედება, რომელიც დაკავშირებული იქნება გზის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით გახსნასთან, დიდი ალბათობით რუსეთ-საქართველოს ახალი ომის დაწყების მიზეზი შეიძლება გახდეს.

არადა, თუ რას ნიშნავს ამ სტრატეგიული გზის ჩაკეტვა, 2008 წლის აგვისტოში უკვე გამოვცადეთ, როდესაც რუსულ ტანკებს გზა იგოეთთან ჰქონდა გადაკეტილი.

ამის ხელმეორედ დაშვება გამორიცხულია, რადგან ეს შეიძლება გახდეს საქართველოს ორ ნაწილად გახლეჩის დასაწყისი, რისი სურვილიც კრემლს ჯერ კიდევ 1993 წელს ჰქონდა. რამ შეიძლება უბიძგოს რუსეთის სამხედრო აგრესიის განახლებას საქართველოში?

მთავარი მიზეზი საქართველო-NATO-ს თანამშრომლობის გააქტიურებაში უნდა ვეძებოთ. როგორც კი გამოჩნდება იმის ნიშნები, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არა მარტო სიტყვებით და დაპირებებით აიმედებს საქართველოს, არამედ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნისთვის  MAP-ის (ალიანსში გაწევრების სამოქმედო გეგმა) მოსანიჭებლად, მაშინვე უნდა ველოდოთ საპასუხო რეაქციას რუსეთისგან.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს რამდენიმედღიანი ომიდან ორიოდე წელში პუტინ-მედვედევის ტანდემმა თავის გამოსვლებში არ დამალა, თუ რა მოგება მიიღო რუსეთმა ამ ომიდან. იქ არ ყოფილა ხსენებული არც აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და არც რუსული სამხედრო ბაზების შექმნა ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომით დიდი ხნით შეაჩერეს საქართველოს NATO-სთან დაახლოება და თითქმის შეუძლებელი გახადეს უახლოეს პერიოდში საქართველოს NATO-ს სრულუფლებიან წევრად გახდომა და შესაბამისად, ალიანსის სამხედრო ბაზების გამოჩენა რუსეთის სამხრეთ საზღვართან.

2008 წლის გაზაფხულზე კრემლისთვის უკიდურეს გამაღიზიანებელ ფაქტორად იქცა NATO-ს ბუქარესტის სამიტზე დაფიქსირებული განცხადება, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ალიანსის წევრი. მერე რა, რომ არავის დაუკონკრეტებია, რომელი ათწლეულის რომელ წელს, სამაგიეროდ, კრემლმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება, რომლის სამხედრო-პოლიტიკური მმართველობის დონე რუს კოლეგებთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალი იყო, წამოეგო შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართვის პროვოკაციაზე.

აგვისტოს ომმა და მასში რუსეთის არმიის ჩართვამ დააშინა დასავლეთიც და NATO-ც და ჩათვალეს, რომ ალიანსში იმ საქართველოს მიღება, რომლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკვე რუსული სამხედრო ბაზებია განთავსებული,  NATO-ს ინტერესებში ამ ეტაპზე არ შედის.

ამიტომაც იმის დიდი იმედი, რომ მომავალ წელს NATO-ს მორიგ სამიტზე საქართველოს MAP-ს მისცემენ, არცთუ ისე დიდია. სამაგიეროდ, ძალიან მაღალია პირდაპირპროპორციული კავშირის რეალობა: რაც უფრო ახლოს "მიუჩოჩდება" საქართველო NATO-ს, მით უფრო "ჩამოაჩოჩებს" რუსეთი საოკუპაციო ხაზს და სტრატეგიული მნიშვნელობის საავტომობილო გზას დაიკავებს შავშვები-ნიქოზის მონაკვეთში.

ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება უდიდესი დილემის წინაშე დადგება: აქტიურად შეებრძოლოს ქვეყნის შუაზე გაჭრის მცდელობას (რაშიც დასავლეთის სამხედრო დახმარების იმედი თითქმის გამორიცხულია, დიპლომატიური მხარდაჭერა შეიძლება გასცდეს "შეშფოთება-აღშფოთების" დონეს, მაგრამ ბევრს ვერაფერს შეცვლის), თუ შეეგუოს მწარე რეალობას და სტრატეგიულ-პოლიტიკური ორიენტაციის ცვლილებაზე დაფიქრდეს?