სჭირდება თუ არა ქვეყანას გაწვეული ჯარისკაცი? - კვირის პალიტრა

სჭირდება თუ არა ქვეყანას გაწვეული ჯარისკაცი?

ამ საკითხზე თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის უფროსის პოზიციები ერთმანეთს სრულად არ ემთხვევა...

ივლისის შუა რიცხვებში პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი შეიძლება გახარებული დარჩეს, თუმცა, ამით მოიგებს თუ არა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, ძნელი სათქმელია.

საქმე ეხება "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას და გამოთავისუფლებული ფინანსებით სამხედრო-პროფესიული სამსახურის ხელშეწყობას. ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდება არა მარტო თავდაცვის სამინისტროში, არამედ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, შს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, მოიხადოს სამხედრო ვალდებულება საომარი მდგომარეობის დროს. იარსებებს მხოლოდ სამხედრო-პროფესიული სამსახური და გაუქმდება სავალდებულო სარეზერვო სამსახური. ასევე, თვითმმართველობებში ლიკვიდირებული იქნება შესაბამისი სამსახურები, რომელთაც მოქალაქეთა აღრიცხვა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა ევალებათ.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თვლის, რომ კონტრაქტით დაკომპლექტებული ჯარი უფრო ძლიერი იქნება და ასეთ დროს არმიაში სავალდებულო გაწვევა არააქტუალური ხდება, თუმცა, მინისტრმა დააზუსტა:

- სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის სრული აკრძალვის წინააღმდეგი ვარ და უნდა დარჩეს შესაძლებლობა, რომ კანონში ჩაიწეროს პირობები, რომელ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება აღდგეს სავალდებულო გაწვევა.

გენშტაბის უფროს გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ჩვენ უნდა გვყავდეს პროფესიული შეიარაღებული ძალები, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, თუკი დადგება აუცილებლობა, რომ ნახტომისებურად გაიზარდოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა, რატომ უნდა გვქონდეს  შეზღუდული გაწვევის შესაძლებლობა?! მე არ ვთვლი, რომ ასე საჩქაროდ და აუცილებლად მისაღებია ეს კანონი.

სამხედრო ქვედანაყოფებში მსახურობენ როგორც კონტრაქტით აყვანილი სამხედროები, ისე - სავალდებულო სამხედრო  სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები. ქვედანაყოფების მეთაურთა უმეტესობა უპირატესობას მაინც კონტრაქტით მომსახურე სამხედროებს ანიჭებს, რადგან მათ მეტი პასუხისმგებლობა აქვთ და საჭიროების შემთხვევაში წესდების დარღვევისთვის მათი დასჯა უფრო ადვილია, ვიდრე ერთწლიან სავალდებულო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცის, რომელიც დემობილიზაციამდე დარჩენილ დღეებს ითვლის და სხვა არაფერი აინტერესებს.

თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს - პარლამენტში შეტანილ კანონპროექტში ჩაიწერა, რომ ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, მოიხადოს სამხედრო ვალდებულება საომარი მოქმედების დროს. და თუკი ომი დაიწყო, ვინ მოასწრებს მათ გაწვრთნას?!

რასაკვირველია, მთელი წელი საწყობის დარაჯად ან დაცვის პოლიციის ობიექტზე მდგარი ახალგაზრდა საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისთვის მაინცდამაინც არ გამოდგება, მაგრამ მან "სამოქალაქო~ თანატოლისგან განსხვავებით, იარაღთან უსაფრთხო მოქცევა მაინც იცის და მნიშვნელოვანი ობიექტების პერიმეტრს მაინც დაიცავს, რისთვისაც საბრძოლო დანაყოფის მოცდენა გაუმართლებელია.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ამჟამად შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ ჯარისკაცთა რაოდენობა 10%-ზე ნაკლებია და შემოდგომაზე თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ ათას ჯარისკაცს თუ გაიწვევს, 2016 წლიდან კი შეიძლება სულაც უარი თქვან ჯარისკაცების გაწვევაზე.

სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრის ამ პოზიციას არ გაიზიარებენ შსს-სა და სასჯელაღსრულების უწყებაში, სადაც თითქმის უფასო ძალა (დაცვის პოლიციასა თუ კოლონიების გარე პერიმეტრის დაცვაში) კვლავ სჭირდებათ.

P.S. 2008 წელს შეწყვეტილი გაწვევიდან შვიდი წლის შემდეგ, 2015 წლის მაისიდან, ლიტვამ აღადგინა შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევა 5 წლის ვადით, რაც ლიტველმა პოლიტიკოსებმა გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლითა და რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის საფრთხით ახსნეს.

ლატვიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ მიჰბაძოს მეზობელს. იქ ჯერ არ აპირებენ, ჯარში სავალდებულო გაწვევის წესი აღადგინონ.