სჭირდება თუ არა ქვეყანას გაწვეული ჯარისკაცი?
03-08-2015
სჭირდება თუ არა ქვეყანას გაწვეული ჯარისკაცი?
ამ საკითხზე თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის უფროსის პოზიციები ერთმანეთს სრულად არ ემთხვევა...

ივლისის შუა რიცხვებში პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი შეიძლება გახარებული დარჩეს, თუმცა, ამით მოიგებს თუ არა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, ძნელი სათქმელია.

საქმე ეხება "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმებას და გამოთავისუფლებული ფინანსებით სამხედრო-პროფესიული სამსახურის ხელშეწყობას. ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდება არა
მარტო თავდაცვის სამინისტროში, არამედ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, შს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, მოიხადოს სამხედრო ვალდებულება საომარი მდგომარეობის დროს. იარსებებს მხოლოდ სამხედრო-პროფესიული სამსახური და გაუქმდება სავალდებულო სარეზერვო სამსახური. ასევე, თვითმმართველობებში ლიკვიდირებული იქნება შესაბამისი სამსახურები,
რომელთაც მოქალაქეთა აღრიცხვა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა ევალებათ.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თვლის, რომ კონტრაქტით დაკომპლექტებული ჯარი უფრო ძლიერი იქნება და ასეთ დროს არმიაში სავალდებულო გაწვევა არააქტუალური ხდება, თუმცა, მინისტრმა დააზუსტა:
- სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის სრული აკრძალვის წინააღმდეგი ვარ და უნდა დარჩეს შესაძლებლობა, რომ კანონში ჩაიწეროს პირობები, რომელ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება აღდგეს სავალდებულო გაწვევა.

გენშტაბის უფროს გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ჩვენ უნდა გვყავდეს პროფესიული შეიარაღებული ძალები, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, თუკი დადგება აუცილებლობა, რომ ნახტომისებურად გაიზარდოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა, რატომ უნდა გვქონდეს  შეზღუდული გაწვევის შესაძლებლობა?! მე არ ვთვლი, რომ ასე საჩქაროდ და აუცილებლად მისაღებია ეს კანონი.

სამხედრო ქვედანაყოფებში მსახურობენ როგორც კონტრაქტით აყვანილი სამხედროები, ისე - სავალდებულო სამხედრო  სამსახურში გაწვეული ჯარისკაცები. ქვედანაყოფების მეთაურთა უმეტესობა უპირატესობას მაინც კონტრაქტით მომსახურე სამხედროებს ანიჭებს, რადგან მათ მეტი პასუხისმგებლობა აქვთ და საჭიროების შემთხვევაში წესდების დარღვევისთვის მათი დასჯა უფრო ადვილია, ვიდრე ერთწლიან სავალდებულო სამსახურში გაწვეული ჯარისკაცის, რომელიც დემობილიზაციამდე დარჩენილ დღეებს ითვლის და სხვა არაფერი აინტერესებს.
თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს - პარლამენტში შეტანილ კანონპროექტში ჩაიწერა, რომ ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება, მოიხადოს სამხედრო ვალდებულება საომარი მოქმედების დროს. და თუკი ომი დაიწყო, ვინ მოასწრებს მათ გაწვრთნას?!

რასაკვირველია, მთელი წელი საწყობის დარაჯად ან დაცვის პოლიციის ობიექტზე მდგარი ახალგაზრდა საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისთვის მაინცდამაინც არ გამოდგება, მაგრამ მან "სამოქალაქო~ თანატოლისგან განსხვავებით, იარაღთან უსაფრთხო მოქცევა მაინც იცის და მნიშვნელოვანი ობიექტების პერიმეტრს მაინც დაიცავს, რისთვისაც საბრძოლო დანაყოფის მოცდენა გაუმართლებელია.

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ ამჟამად შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეულ ჯარისკაცთა რაოდენობა 10%-ზე ნაკლებია და შემოდგომაზე თავდაცვის სამინისტრო მხოლოდ ათას ჯარისკაცს თუ გაიწვევს, 2016 წლიდან კი შეიძლება სულაც უარი თქვან ჯარისკაცების გაწვევაზე.

სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრის ამ პოზიციას არ გაიზიარებენ შსს-სა და სასჯელაღსრულების უწყებაში, სადაც თითქმის უფასო ძალა (დაცვის პოლიციასა თუ კოლონიების გარე პერიმეტრის დაცვაში) კვლავ სჭირდებათ.

P.S. 2008 წელს შეწყვეტილი გაწვევიდან შვიდი წლის შემდეგ, 2015 წლის მაისიდან, ლიტვამ აღადგინა შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო გაწვევა 5 წლის ვადით, რაც ლიტველმა პოლიტიკოსებმა გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლითა და რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის საფრთხით ახსნეს.

ლატვიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, არ მიჰბაძოს მეზობელს. იქ ჯერ არ აპირებენ, ჯარში სავალდებულო გაწვევის წესი აღადგინონ.
petrioti
23 აგვისტო 2015 17:55
ვაი სჰენს პატრონს მაგისტრატურა დაამტავრე არა და ქვეყანას არ გინდა ემსახურო შენაირბს სამსახური არ ეკუტვნის და საერთოდ ვინ ჯარსჰი არ იმსახურებს არსად არ უნდა დაასაქმო, რადგან უვარგისია, სად გირჩიონ სამსახური ეხლა შენ, სჰენნაირები დასახვრეტია , ბირჟაზე დგანან ლაპარაკობ, ზუსტად რომ უსაქმურს არაფერი ესაქმმება ჯარში,
უბირი
15 აგვისტო 2015 19:53
Kaxeli- ს

როგორც 2008 წლის ომმა გვანახა ეს ქვეყანა უფულოების, უსწავლელების და უპატრონოებისაა. ვინც ფულიანი, ნასწავლი და პატრონიანია ყველამ მოხია საზღვარგარეთ.

DDD-ს შენი მსჯელობის ვერაფერი გავიგე, იმასაც შენ ამბობ არ ვიომებო და იმასაც შვილები ქართველებად დაზარდეთო. კაცურად თუ არ დაგეზარება, გვითხარი რამდენი წლის ხარ და 2008 წლის აგვისტოში რას აკეთებდი???

აქ ლაპარაკი ადვილია, კლავიატურით ომი ხომ სულ უადვილესი, როგორც ჩვენი წინაპარი იტყოდა ,,თეთრი და შავი ტრ...ი აბანოში გამოჩნდებაო"
leifmann
14 აგვისტო 2015 17:19
მაგისტრატურის 1ელ კურსზე ვარ, 2წელია ვმუშაობ და მაქვს ნორმალური სამსახური. მაგისტრატურას რომ მოვრჩები აი მანდ უკვე ცუდათაა საქმე, თუ გამიწვიეს ჯერ ერთი წყვეტა მექნება სამსახურში და 100%-ით დავკარგავ და ჯარის მოხდის მერე ან ვიშოვი სამსახურს ან არა, ყოველშელ მთხვევაში ისეთს ვერა როგორც ახლა მაქვს. ჩემი მუშაობით უფრო მეტს ვუკეთებ ჩემ ქვეყანას ვიდრე სდსს-ში საწყობის დაცვად,სადაც 100%-ით პახაობენ. იარაღის ხმარებაც კარგად ვიცი და ბევრ სამხედროს ვაჯობებ. გამანებეთ თავი და ის უსაქმურები წაიყვანეთ ვინც ბირჯაზე დგას, არ სწავლობს და ქვეყნისთვის არაფერს აკეთებს, მე და ჩემნაირებს თავი დაანებეთ.

რედაქტორის რჩევით