ვინ აგვიფეთქა რადარები აგვისტოს ომში
10-08-2015
ვინ აგვიფეთქა რადარები აგვისტოს ომში
აგვისტოს ომიდან მეშვიდე წლისთავზე გაირკვა,  თუ ვინ და როგორ აგვიფეთქა რადიოლოკაციური სადგურები გორთან,  ნაწრეტში და თბილისის ზღვასთან, ქვიშიანში...

ყველაფერი, ადრე თუ გვიან, ნათელი ხდება, ისევე როგორც "კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, თუ ვინ და როგორ მიაყენა ქართულ საჰაერო თავდაცვას წერტილოვანი დარტყმები აგვისტოს ომში, რის შემდეგაც რუსული ავიაცია საბოლოოდ გამეფდა ქართულ ცაში და უშიშრად დაფრინავდა.
მსოფლიოს ინტერნეტსივრცე შემოიარა ქართული საჰაერო თავდაცვის დაცხრილული მობილური სამკოორდინატიანი რადიოლოკატორის 36Д6-М-ის ფოტოსურათმა, რომელზეც კარგად ჩანდა, რომ ის
დიდი ალბათობით "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის მართვადმა რაკეტამ დააზიანა.

როგორც ირკვევა, ეს სპეციალური საჰაერო ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარეს რუსმა პილოტებმა, რაც მანამდე ქართულმა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა რამდენიმე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, მათ შორის შორი მოქმედებების ბომბდამშენი Ту-22М3.

რუსი გენერლები არცთუ შემთხვევით ეჭვობდნენ, რომ ქართველ მეზენიტეებს საქართველოს საჰაერო სივრცეში
შემოჭრილი რუსული თვითმფრინავების კოორდი­ნატებს გორთან, ნაწრეტ-შავშვების მონაკვეთში, მთაზე განთავსებული მძლავრი რადიოლოკატორი აწვდიდა.

ამ რადიოლოკატორის განადგურება რუსულმა მხარემ ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე ერთი წლით ადრე სცადა, მაგრამ მაშინ თვითმფრინავიდან გაშვებულმა რაკეტამ მართვა დაკარგა, რადიოლოკატორამდე ვერ მიაღწია და სოფელ წითელუბანში ჩამოვარდა.

როგორც ჩანს, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსმა სამხედროებმა უკვე უკეთესად მომზადებულებმა შეუტიეს იმ მძლავრ ქართულ რადიოლოკატორს, რომელიც ცხინვალის თავზეც აკონტროლებდა საჰაერო სივრცეს.
რუსმა პილოტებმა, მეთაურმა, მაიორმა სერგეევმა და შტურმანმა, კაპიტანმა შპიტონკოვმა ღამით Су-24М ტიპის საფრონტო ბომბდამშენიდან "ჰაერი-რადიოლოკატორის" კლასის Х-58У ტიპის მართვადი ორი რაკეტით მწყობრიდან გამოიყვანეს ნაწრეტ-შავშვების მონაკვეთზე განთავსებული ქართული 36Д6-М ტიპის რადიოლოკაციური სადგური.
რადარის ქართული გათვლა გადარჩა, რადგან რადიოლოკაციურ სადგურს რამ­დენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდებარე სანგრიდან დისტანციურად მართავდა.

რადიოლოკატორის დაკარგვამ მნიშვნელოვნად "დააბრმავა" ქართული საჰაერო თავდაცვა აგვისტოს ომის დღეებში, რასაც დაემატა თბილისის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, სოფელ ქვიშიანთან "საქ­აერო­ნავიგაციის" სამოქალაქო რადიოლო­კაციური სადგურის იმავე მეთოდით აფეთქება. ამ საჰაერო თავდასხმაშიც ფიგურირებს რუსი შტურმანის, კაპიტან შპიტონკოვის გვარი.

სხვათა შორის, დღემდე ბევრს ჰგონია, რომ რადარი რუსებმა მახათას მთაზე აგვიფეთქეს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. მახათას მთიდან პირდაპირი ხაზით სოფელ ქვიშიანამდე (თბილისის ზღვის ჩრდი­ლოეთ ნაწილში), არანაკლებ 7-8 კმ-ია.

ასევე გაბათილდა ვარაუდი იმის შე­სა­ხებ, თითქოს ორივე რადარი რუსმა პილოტებმა, თანამედროვე Су-34 საფრონტო ბომბდამშენის გამოყენებით აგვიფეთქეს, რაც მოსკოვის მიერ ასე რეკლამირებული ახალი ბომბდამშენის საბრძოლო ნათლობა გახდებოდა, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს.
სოსო
21 მაისი 2017 13:51
ამ ლოკატორებს საჰაერო დაცვა არ უნდა ჰყოლოდა?
qvemoqvishianeli
26 აგვისტო 2015 09:06
რა დამავიწყებს იმ საშინელ ღამეს...არადა ბავშვები გამოვაშორეთ თბილისს...ახლაც მესმის მძიმე,ყრუ ხმა საბრძოლო ტვიტმფრინავის,რომელიც დაბომბვის შემდეგ ნახევარი საათი კიდევ უვლიდა ამ ორ, პატარა უპატრონო სოფელს.მართლა რა გახდა ამ სოფლეBში ტრანსპორტის დანიშვნა,ტუნდაც კვირაში ორი დგე.
გერონტი
26 აგვისტო 2015 06:25
მიდი ახლა და იმსახურე ქართულ ჯარში. უპატრონო ქვეყანა არის. დამნაშავე არავინ არ ისჯება, არავინ პასუხს არ აგებს. ახალგაზრდებს მიერეკებიან სასაკლაოზე, თვითონ კიდევ ხელებს იბანენ. გულისამრევი ხალხი ვართ ქართველები. 10000 წელი ასე იყო და ასე იქნება 1000000 წელი.

რედაქტორის რჩევით