საზღვაოს მიყოლებით საჰაერო ძალებიც უქმდება?! - კვირის პალიტრა

საზღვაოს მიყოლებით საჰაერო ძალებიც უქმდება?!

ბოლო დროს აქტიურად ლაპარაკობენ, - საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალები უქმდება და საარმიო ავიაციის სახით სახმელეთო ჯარების შემადგენლობაში გადადისო.

აგვისტოს ომამდე საქართველოს შეიარაღებული ძალები, მსოფლიოს უმეტესი ქვეყნების მსგავსად, სამი კომპონენტისგან შედგებოდა: სახმელეთო ჯარები, სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალები.

რუსეთთან ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა სამხედრო-საზღვაო ძალები და ის სტრუქტურულად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას გადასცა.

ზოგმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აგვისტოს რამდენიმედღიანი ომის პერიოდში ქართულმა სამხედრო-საზღვაო ფლოტმა ვერც თავი გამოიჩინა, საკუთარი ბაზაც ვერ დაიცვა ფოთში და რამდენიმე კატარღაც მოწინააღმდეგის სადაზვერვო-სადივერსიო ჯგუფს ასაფეთქებლად დაუტოვა.

საზღვაო ძალებისგან განსხვავებით, ქართულმა სამხედრო ავიაციამ აგვისტოს ომში რამდენიმე საბრძოლო დავალება შეასრულა. Су-25 ტიპის ოთხმა მოიერიშემ ერთხელ დაბომბა ჯავა-ცხინვალის გზაზე მიმავალი რუსული ჯავშანკოლონა, ხოლო Ми-24 საბრძოლო შვეულმფრენების ჯგუფმა ოთხი საბრძოლო გაფრენა შეასრულა, ორჯერ საჰაერო დარტყმა მიაყენა მოწინააღმდეგის სახმელეთო მიზნებს.

ქართული ავიაციის მოქმედება აგვისტოს ოთხდღიანი ომის პერიოდში მაინც ეპიზოდურად უნდა შეფასდეს, რასაც ობიექტური მიზეზებიც ჰქონდა, რადგან ჰაერში რუსული გამანადგურებლები დაფრინავდნენ და ქართულ საფრენ აპარატებს ჩამოგდება არ ასცდებოდათ.

ომში ქართულ ავიაციას ჰაერში არც ერთი საფრენი აპარატი არ დაუკარგავს. ამასთან, ჩვენი მოიერიშეების ერთადერთი საბრძოლო გაფრენის შემდეგ, რუს და ოს მეზენიტეებს ჰაერში სულ ქართული თვითმფრინავები ელანდებოდათ და ორი საკუთარი Су-25 და ამდენივე უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ისევე, როგორც სამხედრო-საზღვაო ძალების შემთხვევაში, დღესაც, ეტყობა, ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ სამხედრო-საჰაერო ძალების ცალკეული ჯარების სახეობად არსებობა დიდი ფუფუნებაა და ჯობს ის სახმელეთო ჯარებს გადასცენ საარმიო ავიაციის სახით, რითაც არც ისე მცირე თანხა დაიზოგებაო.

ამ დროისთვის საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში სამხედრო ავიაცია და საჰაერო თავდაცვის ძალები შედიან. მისი შტატი 2971 კაცზეა განსაზღვრული; აქედან 1033 ოფიცერია, 1625 სერჟანტი და კაპრალი, 311 ვადიანი სამხედრო მოსამსახურე. მის განკარგულებაშია თვითმფრინავების მარნეულის და შვეულმფრენების ალექსეევკის ბაზები, საზენიტო-სარაკეტო დივიზიონები, რადიოლოკაციური დაზვერვის ბატარეები და ცენტრალური საკომანდო პუნქტი.

სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში საერთო ჯამში 40 ერთეულამდე საფრენი აპარატია, მათ შორის მოიერიშე Су-25-ები, სასწავლო-საბრძოლო L-39 "ალბატროსები", МИ-24, МИ-8 და UH-1  "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენები, АН-28 და АН-2 ტიპის სამგზავრო-სატვირთო თვითმფრინავები. საჰაერო თავდაცვის შეიარაღებაშია Бук-М1 და Spyder-ის ტიპის მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და 3Су-23-4 Шилка ტიპის თვითმავალი საზენიტო დანადგარები, ასევე რადიოლოკაციური სადგურები.

როგორც ხედავთ, მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების მთელი ინფრასტრუქტურა და შეიარაღება არც  ისე ხელწამოსაკრავია და ძალიან საეჭვოა, შეძლებს თუ არა ყველაფერ ამის შეთვისებას სახმელეთო ჯარები, თუკი მათ მართლაც გადაეცემა ის.

მფრინავები ფიქრობენ, რომ სამხედრო-საჰაერო ძალების, როგორც ჯარების ცალკეული სახეობის, გაუქმების შემთხვევაში ქართული სამხედრო ავიაციის მომავალი უპერსპექტივო გახდება და ახალგაზრდა კადრების მომზადება შეფერხდება.

თუკი ერთ დროს სამკომპონენტიანი საქართველოს შეიარაღებული ძალები მართლაც ერთკომპონენტიანამდე - მხოლოდ სახმელეთო ჯარებამდე შემცირდა, მაშინ აზრს დაკარგავს გაერთიანებული შტაბის არსებობა და იგი მთავარ შტაბად უნდა გადაკეთდეს.