ფრანგებმა "მისტრალები" რუსებს კი არა, ქართველებს მიჰყიდეს?!
17-08-2015
ფრანგებმა "მისტრალები" რუსებს კი არა, ქართველებს მიჰყიდეს?!
საჰაერო თავდაცვის რომელი სისტემის შეძენის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი საფრანგეთში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა

მსოფლიო დონის სკანდალი არ შედგა. რუსეთისა და საფრანგეთის მთავრობებმა კულუარული მოლაპარაკების შედეგად კონსენსუსს მიაღწიეს - საფრანგეთში აგებულ ორ უნივერსალურ სადესანტო-შვეულმფრენმზიდ ხომალდ Mistral-ს რუსეთი ვეღარ მიიღებს­, სამაგიეროდ, პარიზი მოსკოვს ავანსს დაუბრუნებს.

1,2 მლრდ ევროდ შეფასებული ორი "მისტრალის" ასაგებად ფრანგულ ვერფზე კრემლმა რამდენიმე წლის წინ ავანსად 892,9 მლნ ევრო გადაიხადა. "მისტრალების" მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოსკოვი თავდაპირველად 1,163 მლრდ ევროს დაბრუნებას ითხოვდა,
სადაც ავანსის გარდა, "მისტრალების" ორი ეკიპაჟის მომზადების ხარჯები და სხვა დანახარჯებიც შედიოდა. ფრანგული მხარე არა უმეტეს 784,5 მლნ ევროს გადახდაზე იყო თანახმა.
საბოლოო შეთანხმების თანახმად, სავარაუდოდ, საფრანგეთი რუსეთს დაახლოებით 850 მლნ ევროს დაუბრუნებს.
სხვათა შორის, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ფრანგული "მისტრალების" შეძენას რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის თავიდანვე
პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა. რუსი ადმირალები ეწინააღმდეგებოდნენ ასეთი გარიგების დადებას, მაგრამ მაშინ რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევისა და პრემიერ-მინისტრ პუტინის პირადმა გადაწყვეტილებებმა ითამაშა მთავარი როლი. დასავლეთი და თვით რუსი პოლიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავენ, რომ ამ 1,2 მილიარდიანი გარიგებით პუტინ-მედვედევის ტანდემმა ერთგვარად მადლობა გადაუხადა საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საერთაშორისო მომრიგებლის ფუნქციის შესრულებისთვის - ყველასთვის ცხადია, თუ როგორ ასრულებს რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის იმ ხელშეკრულებას, რომელიც მოსკოვიდან თბილისში პრეზიდენტმა სარკოზიმ ჩამოიტანა და ქართველ კოლეგას ხელი მოაწერინა.

არც ის არის გამორიცხული, რომ "მისტრალების" გაყიდვა-ყიდვის უკან სარკოზისა და პუტინის პირადი ფინანსური ინტერესებიც იდო და მათ ამ მილიარდიანი გარიგებიდან რამდენიმე მილიონიანი სარგებელი უნდა დარჩენოდათ. ასეთი ეჭვები არაერთხელ გამოითქვა დასავლურ მასმედიაში.
სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტი აღარ არის, რამაც, ეტყობა, განაპირობა რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი რამ - საფრანგეთმა "მისტრალები" რუსეთს კი არა, საქართველოს მიჰყიდა.
მკითხველი რომ არ დაიბნეს, განვმარტავთ: ლაპარაკია არა 199 მ სიგრძის საზღვაო "მისტრალებზე", არამედ 199 სმ სიგრძის საზენიტო "მისტრალებზე", რომელთა შესყიდვაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ცოტა ხნის წინ სავარაუდოდ ხელი მოაწერა პარიზში.

კონკრეტულად რომელი ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს ყიდულობს ქართული მხარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დღემდე არ ახმაურებს, თუმცა ფრანგულ მასმედიაში გაჟონილი ინფორმაციის საფუძველზე თავს უფლებას ვაძლევთ, ვივარაუდოთ, რომ საქმე სწორედ გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "მისტრალების" შეძენას ეხება.

VL Micaსაშუალო სიშორის საზენიტო-სარაკეტო სისტემებში ერთ-ერთი საუკეთესოა
გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი "მისტრალი" ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობებით დიდად ჩამოუვარდება SAMP/T-სა (Aster-30 ტიპის საზენიტო რაკეტებით) და VL Mica-ს, რომელთა შეძენაც საფრანგეთში უფრო უპრიანი იქნებოდა, თუმცა პირველ ეტაპზე ესეც მისასალმებელია, რადგან მომავალში ზემოხსენებული საზენიტო კომპლექსების დამატების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნეს ეშელონირებულ საჰაერო თავდაცვასთან მიახლოებული სისტემა.

თუკი ჩვენი ვარაუდი გამართლდა და მომავალი წლის დასაწყისიდან მართლაც ფრანგულმა "მისტრალებმა" დაიწყეს ქართული ცის დაცვის გაძლიერება, მათთვის საბრძოლო გათვლების მომზადება ძნელი არ იქნება, რადგან კრწანისის სასწავლო ცენტრში ისედაც ამზადებენ "სტრელას", "იგლასა" და "გრომის" ოპერატორებს, "მისტრალი" კი მათგან დიდი სირთულით არ გამოირჩევა.

როგორი უნდა იყოს ეშელონირებული საჰაერო თავდაცვა

ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის ეფექტური მოქმედებისთვის აუცილებელი იქნება საჰაერო სივრცის რადიოლოკაციური კონტროლი როგორც შორ მანძილებზე, ისე რაც შეიძლება დაბალ სიმაღლეებამდე, რათა დროულად იქნეს აღმოჩენილი მოწინააღმდეგის საფრენი აპარატი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გათვლებს მეტი დრო დარჩეთ რეაგირებისთვის.

თუკი საქართველოს ხელისუფლებამ ეროვნული საჰაერო თავდაცვის ეფექტური სისტემის შექმნის მიზნით აქცენტი საფრანგეთში წარმოებულ შესაბამის ტექნიკაზე გააკეთა, მაშინ ლოგიკური იქნებოდა მობილური სამკოორდინატიანი ფაზირებულანტენიანი GM200-ისა და, სავარაუდოდ, მცირე მანძილზე მოქმედი გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Mistral-ების შესყიდვების შემდეგ ყურადღება ახლო და შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებზე, VL Mica-სა და SAMP/თ-ზე გადატანილიყო.

თუკი SAMP/T-ეს Aster-30 ტიპის საზენიტო რაკეტებით შეუძლია მოწინააღმდეგის მფრინავი ობიექტის დაზიანება/ჩამოგდება 3-დან 100 კმ მანძილზე და 25 კმ სიმაღლემდე, VL Mica 10-20 კმ-ის რადიუსში და 9 კმ სიმაღლემდე აზიანებს საჰაერო სამიზნეს, ხოლო Mistral-ს კი - 6 კმ-ის რადიუსში და 3 კმ სიმაღლემდე. ასეთი ეშელონირებული საჰაერო თავდაცვის სისტემის აწყობა გაცილებით გაზრდის იმის ალბათობას, რომ მოწინააღმდეგის საჰაერო ობიექტები დროულად აღმოჩენილი და განადგურებული იქნეს მანამდე, სანამ ისინი საჰაერო დარტყმას მოგვაყენებენ.

"მისტრალის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების დამონტაჟება მაღალი გამავლობის ავტომობილზე მნიშვნელოვნად გაზრდის მის მობილურობას.

რითი იცავენ დღეს ქართულ ცას

საქართველოს საჰაერო სივრცის გაკონტროლებისთვის დღეს იყენებენ П-18, П-180 და 36LД-М ტიპის რადიოლოკაციურ სადგურებს, რადიოტექნიკური დაზვერვის პასიურ სადგურ "კოლჩუგას" და სხვ.
უშუალოდ საჰაერო მიზნის ჩამოსაგდებად ქართველი მეზენიტეების არსენალშია 23 მმ-იანი 3У-23-2 ტიპის საზენიტო ავტომატები, თვითმავალი 3У-23-4 Шилка, 57 მმ კალიბრის С-60 ავტომატური ქვემეხები, გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები Стрелка-2М Игла და Grom-ი, მობილური საზენიტო-სარაკეტო დანადგარები Оса-АКМ, Бук-М1, Spyder-ი და კიდევ ერთი კომპლექსი, რომელიც "დელტასა" და "თბილავიამშენის" სპეციალისტების მიერ "შეჯვარების" შედეგად არის შექმნილი, თუმცა ეს სხვა სტატიის თემაა, როდესაც ამის დრო მოვა.

ჩვენი დოსიე: რა შეუძლია "მისტრალს"

ფრანგული გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Mistral-ი გათვლილია მცირე სიმაღლეზე მფრენი მოწინააღმდეგის თვითმფრინავებისა და შვეულმფრენებისგან დასაცავად. ის ფრანგულმა არმიამ შეიარაღებაში 1988 წელს მიიღო. დღემდე "მისტრალის" დაახლოებით 16 ათასი საზენიტო რაკეტაა გამოშვებული. კომპლექსი შეიარაღებაში აქვს მსოფლიოს 25 ქვეყანას, ამჟამად აწარმოებენ მის გაუმჯობესებულ ვარიანტს - Mistral-2-ს.
"მისტრალის" ინფრაწითელი დამიზნებისთავიან 18,7 კგ მასის საზენიტო რაკეტას 1500 კმ/სთ სიჩქარით მფრენი საჰაერო ობიექტების დაზიანება/ჩამოგდება 500-დან 6000 მ-მდე მანძილისა და 5-დან 3000 მ-მდე სიმაღლის დიაპაზონებში შეუძლია.
თბილისელი
09 სექტემბერი 2015 09:42
რუსებმა თავიანთი მაყუთი უკან დაიბრუნეს, ქართველები იყიდიან, ჰოდა რუსები მოვლენ და მუქთად წაიღებენ
:DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
kaxeli
24 აგვისტო 2015 08:18
ირაკლის ვეთანხმები, თან როგორც ეტყობა ეგ მისტრალი ბუკს და აქამდე ჩვენს ხელთარსებულ ვერცერთ სისტემას ვერ ჯობს და რატო ვყიდულობთ ვერ გავიგე.
SDI
23 აგვისტო 2015 21:07
მაგარია!!!! რადარების შესყოდვა სასწრაფოდ აუცილებელია.დრო არ უნდა დაიკარგოს.რადგან ეს მტკივნეული იქნება!ფული არ დაიშუროთ.ტქვენს უკან ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალია!!!!

რედაქტორის რჩევით