სეტყვას მარტო "დელტა" ვერ "მოუგებს" - კვირის პალიტრა

სეტყვას მარტო "დელტა" ვერ "მოუგებს"

"მხოლოდ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა ფერმერებს სრულად დაცვის გარანტიას ვერ მისცემს. უფრო ეფექტური იქნებოდა ამ სისტემასთან ერთად ზვრებზე სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების გადაფარება და რაც მთავარია, მოსავლის დაზღვევა," - ვწერდით სტატიაში "სეტყვაც "ჩამოაგდო" და გლეხიც კმაყოფილი დაგრჩეს" ამა წლის 15 ივნისს.

20-21 აგვისტოს ღამეს კახეთში 1500-დან 2000 ჰექტრამდე ვენახი დაისეტყვა, მიუხედავად იმისა, რომ "დელტას" სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დანადგარებით სეტყვის ღრუბლებს 70-მდე რაკეტა ესროლეს.

როგორც "დელტაში" "კვირის პალიტრას" განუცხადეს, მეტი რაკეტის გაშვებას აზრი არ ჰქონდა, რადგან სეტყვის ღრუბლები ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან, დუშეთისა და თიანეთის გავლით, უკვე ჩამოყალიბებული შემოვიდა და ჯერ - ახმეტის, შემდეგ კი თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის რაიონების ნაწილი დაისეტყვა. ღრუბლებში უკვე ჩამოყალიბებული იყო 30-50 მმ დიამეტრის სეტყვის მარცვლები, რომელთა დაშლა წვიმის მარცვლებად შეუძლებელი გახლდათ, თუმცა, რაკეტიდან გაბნეულმა ვერცხლის იოდიდმა მათი დიამეტრის კიდევ უფრო ზრდას ხელი შეუშალა.

სეტყვის "აკრძალვის" 100%-იანი გარანტიის მიცემა "დელტას" რაკეტებს კი არა, თვითმფრინავებიდან შესაბამისი რეაგენტებით ღრუბლების რამდენიმესაათიან დამუშავებასაც არ შეუძლია, ამიტომაც რაგინდ მძიმე ეკონომიკურ ტვირთადაც უნდა დააწვეს ეს გლეხებს, საუკეთესო გამოსავალი მაინც მოსავლის დაზღვევაა.