ამერიკული მფრინავი "მტაცებელი"ევროპიდან დაიცავს NATO-ს - კვირის პალიტრა

ამერიკული მფრინავი "მტაცებელი"ევროპიდან დაიცავს NATO-ს

პენტაგონმა ევროპაში პირველად გადმოისროლა მე-5 თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავები - F-22 Raptor-ები

28 აგვისტოს გერმანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, ოთხი "რეპტორი" დაეშვა. მიუხედავად მათი რაოდენობის სიმცირისა, ევროპაში მე-5 თაობის ამერიკული გამანადგურებლების - F-22 Raptor-ების - გამოჩენა პოლიტიკური თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ამით თეთრი სახლი აჩვენებს თავის მზადყოფნას, დაიცვას ევროპელი პარტნიორები რუსული სამხედრო აგრესიისგან.

დღეს მსოფლიოში "რაპტორი" ბრძოლისთვის მზადმყოფი ერთადერთი მე-5 თაობის გამანადგურებელია. რუსული T-50 და ჩინური J-20 ჯერჯერობით მხოლოდ გამოცდებს გადის.

F-22 Raptor-ის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ის "სტელსის" ტექნოლოგიით არის დამზადებული და მისი შემჩნევადობა რადიოლოკატორით დასხივებისას მხოლოდ 0,0001 კვმ-ია (ანუ ისეთივე, რაც ბილიარდის ბურთს ექნებოდა), ამავე კლასის რუსული Cу-27-ის ანალოგიური მაჩვენებელი კი 12 კვმ-ს აღწევს. ამიტომ რუსული "სუები" და "მიგები" თავიანთი საბორტე რადილოკატორების ეკრანებზე "რაპტორს" გვიან აღმოაჩენენ, მაშინ, როდესაც მას უკვე გაშვებული ექნება "ჰაერ-ჰაერი"კლასის მართვადი რაკეტები.

აAმერიკელებმა 187 სერიული "რაპტორი" დაამზადეს. ის ყველაზე ძვირი გამანადგურებელია მსოფლიო ავიაციის ისტორიაში - თითოეული მათგანის დამზადებას 150 მლნ დოლარამდე დასჭირდა.

ოთხი "რაპტორის" ევროპაში გადმოსროლა შეიძლება სტრატეგიული თვალსაზრისით დღეს ვერაფერს ცვლის, მაგრამ მათი პილოტები A გაეცნობიან NATO-ს წევრი ქვეყნების გეოგრაფიულ მდებარეობას, რელიეფის თავისებურებებს, რაც აამაღლებს "რაპტორების" საავიაციო ესკადრილიების საბრძოლო მზადყოფნას ევროპის ცაში ეფექტურად სამოქმედოდ.