ზღვაში გაჭირვებულს "დელტა" სამაშველო რგოლს ჩაუგდებს
31-08-2015
ზღვაში გაჭირვებულს "დელტა" სამაშველო რგოლს ჩაუგდებს
წყალზე სამაშველო ოპერაციებისა თუ ტყის მონიტორინგის ჩასატარებლად "დელტა" "უპილოტო ოპერაციების ცენტრის" შექმნას აპირებს

ცოტა ხნის წინ თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ბრაკონიერების წინააღმდეგ ერთობლივი თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო სამხედრო-ტექ­ნიკურ ცენტრ "დელტას" მეშვეობით უპილოტო საფრენი აპარატებით ტყეების მონიტორინგს ჩაატარებს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო დანაყოფები უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატებით სათანადოდ აღჭურვილი რომ არ არის, სამხედრო საიდუმლოება აღარ გახლავთ, ეს სამწუხარო რეალობაა. ამას შეიძლება ობიექტურზე მეტი სუბიექტური მიზეზი
ჰქონდეს.
ამის ფონზე ერთგვარ გამონათებად ის რჩება, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო "დელტას" უპილოტო საფრენი აპარატების სამოქალაქო მიზნით გამოყენებით ინტერესდება, რაც ქვეყნისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ამ მეთოდით შეიძლება როგორც ტყეში შეპარული ბრაკონიერების ოპერატიულად აღმოჩენა, ისე ტყის ხანძრების ზონების დროულად დადგენა, ტყეში დაკარგულების მოძებნა, გარეული ცხოველების დაფიქსირება,
სასოფლო-სამეურნეო სავარგულების საჰაერო მონიტორინგი და ა.შ.
"დელტა" აპირებს, შექმნას "უპილოტო ოპერაციების ცენტრი", რომელსაც, ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების გარდა, შეიძლება ზღვაში ან მდინარეში ადამიანების გადარჩენაც დაევალოს.
როგორც "დელტას" სპეციალისტებმა "კვირის პალიტრას" განუცხადეს, სანაპირო სამაშველო ოპერაციებისას გამოიყენებენ დისტანციურად მართვად მულტიკოპტერს, რომელსაც 20 კგ-მდე ტვირთის წაღება შეეძლება. მის ქვეშ დამაგრდება სამაშველო რგოლი, რომელიც ნაპირთან მსხვილი ძუით იქნება დაკავშირებული. როგორც კი ნაპირზე მდგარი მაშველი კოშკურიდან დაინახავს,­ რომ ზღვის სანაპირო ზოლში მოცურავე შველას ითხოვს, მისკენ დისტანციურად მართვად მულტიკოპტერს გაუშვებს, რომელიც მაშველ რგოლს ჩაუგდებს, შემდეგ კი ნაპირისკენ ძუით გამოსწევენ.
"უპილოტო ოპერაციების ცენ­ტრი" "დელტას" ისეთივე სტრუ­ქტურული დანაყოფი იქნება, როგორიც "სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრია" და ის პასუხს აგებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო დისტანციურად მართვადი მოწყობილობებით რთულ გარემო პირობებში სწრაფი რეაგირების ოპერაციების ჩატარებაზე.
ამ უპილოტო მოწყობილობების აწყობას "დელტა" თვითონ აპირებს უცხოური მაღალტექნოლოგიური ნაწილების გამოყენებით.

პ.ს. ეს სტატია უკვე დაწერილი იყო, როდესაც შევიტყვეთ ჩვენი მეგობრისა და კარგი ჟურნალისტის, დათო დევიძის ქობულეთში ტრაგიკულად დაღუპვის შესახებ. სამწუხაროდ, ამ სეზონზე ზღვაში უკვე ათამდე დამსვენებელი დაიხრჩო. თუკი "დელტას" ეს პროექტი ამუშავდა, მომავალში, ალბათ, ბევრი ადამიანის გადარჩენას შევძლებთ.…
ლუკა
23 სექტემბერი 2015 11:45
კარგი მაგალითი არის თუ როგორ შეიძლება ქვეყანაში დასაქმება გაიზარდოს. დელტას გარშემო უნდა შეიქმნას სამეცნიერო ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც შექმნის მსგავს პროექტებს. ახალგაზრდა მეცნიერებს და ინჟინრებს სწავლის დამთავრების შემდეგ გაუჩნდებათ პერსპექტივა. ყველა მოგებული დარჩება.
S.o.s
07 სექტემბერი 2015 09:57
Tu eset martla karg da sachiro ragaceebs aketeben ratom at vigebt samxedro sheiRavebashi?an I'm qartul sabrdzolo avtomats G5 rom daarqves.
temuri
06 სექტემბერი 2015 10:24
ძალიან მისასალმებელი წამოწყებაა მე დიდი იმედებიტ შევყურებ დელტას ყველა იდეის განხორციელებას,ასე გააგრძელეთ მაგრები ხართ ძაან

რედაქტორის რჩევით