თვითმკვლელობები ჯარში - კვირის პალიტრა

თვითმკვლელობები ჯარში

აზარტულ თამაშებში ჩართულები, ნარკომანები და ბახუსის მოყვარულები შეიარაღებულ ძალებს დაემშვიდობებიან

ბოლო ტრაგედია ქართულ არმიაში რამდენიმე დღის წინ, 1-ელ სექტემბერს ნორიოს საწვრთნელ ცენტრში დატრიალდა. პირველი ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცმა, სავარაუდოდ, საშტატო იარაღით თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილზე წერილი იპოვეს.

ვერ გეტყვით, რა ეწერა ამ წერილში, მაგრამ მალევე თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საგანგებო განცხადება გააკეთა არმიაში მოხშირებული სუიციდის ფაქტებთან დაკავშირებით: "როგორც ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია და სტატისტიკა ადასტურებს, ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ ადამიანებს აქვთ ვალები. ისინი აზარტული თამაშებით არიან დაკავებული და ამის გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ".

აღსანიშნავია, რომ ახალდანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა ჯარში სუიციდის პრობლემის ერთობლივ შესწავლაში თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ სამი თვის წინ, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შეხვედრისას შესთავაზა.

სამწუხაროდ, ქართულ არმიაში ყოველთვის ხდებოდა თვითმკვლელობები, თუმცა, სხვადასხვა დროს ეს სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული.

როდესაც ქართული ჯარი მთლიანად სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ახალგაზრდებით კომპლექტებოდა, მაშინ სუიციდის ფაქტები, ძირითადად, "დედოვშჩინით" იყო გამოწვეული - წინა გაწვევის ჯარისკაცები ყაზარმებში გამოჩენილი ახალწვეულების დაჩაგვრას ცდილობდნენ.

არცთუ უცხო იყო "კუთხურობის" ფენომენიც - ყაზარმაში "ქალაქელებს" "სოფლელების" დამორჩილება სურდათ, "აღმოსავლელებს" - "დასავლეთელების" (თუკი სამხედრო ნაწილი თბილისში ან კახეთში იყო) ან პირიქით (მაგალითად, ქუთაისის და სენაკის სამხედრო ნაწილებში).

საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლის შემდეგ ქართულ არმიაში სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა და "დედოვშჩინის" ფენომენიც თითქმის გაქრა, მაგრამ როგორც ჩანს, წინ წამოიწია ახალმა სენმა სახელწოდებით - "აზარტულ თამაშებში ჩათრეული სამხედროები".

ეს საშინელება როგორც კონტრაქტით მომსახურე კაპრალს ან სულაც ოფიცერს, ისე - სავალდებულო სამსახურის იმ ჯარისკაცსაც შეიძლება დაემართოს, რომელსაც კანონი ნებას რთავს, კვირაში რამდენიმე დღე სამხედრო ნაწილის გარეთ გაატაროს. ნაწილის გარეთ ეს ჯარისკაცი თავისუფალია და მას ვერავინ დაუშლის, სათამაშო აპარატებში, ტოტალიზატორში ან სულაც - კაზინოში დახარჯოს თავისი ფული. მაგრამ ზემოხსენებულ "ეშმაკის მანქანებს" არაერთი ჩვეულებრივი მოქალაქე გადაურევია, თვითმკვლელობამდე მიუყვანია და ბუნებრივია, არც სამხედროფორმიანებს დაინდობს. ერთია, მხოლოდ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე "კალაშნიკოვით" ჯარისკაცის თვითმკვლელობას საზოგადოებაში უფრო მკვეთრი რეაქცია მოჰყვება, ვიდრე ტოტალიზატორის მოვალე სამოქალაქო პირის თავის ჩამოხრჩობას.

თავდაცვის მინისტრმა თავისებურად სცადა არმიისთვის ამ პრობლემის არიდება და განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელი - როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირები - აზარტულ თამაშებში მონაწილეობის ფაქტის გამოვლენის "პირველივე შემთხვევაში შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდებიან. როგორც ჩანს, ამ მუქარის ასასრულებლად კანონში სპეციალური პუნქტის ჩამატება იქნება აუცილებელი, რადგან დღეს არც ერთი კანონი არ უკრძალავს დათხოვნილ და შვებულებაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს სათამაშო აპარატთან მისვლას.

თავდაცვის მინისტრი აზარტული მოთამაშეების გარდა, ნარკოტიკებსა და ბახუსთან "დაძმობილებული" სამხედრო მოსამსახურეების გამოვლენასა და შეიარაღებული ძალებიდან მათ დათხოვნასაც აპირებს.

სამწუხაროდ, არც ეს პრობლემებია უცხო ქართული არმიისთვის. ავღანეთში საერთაშორისო ძალების არაერთი ქვეყნის სამხედრო კონტინგენტში გამოვლინდა ნარკოდამოკიდებულების ზრდა და ამ მხრივ გამონაკლისი, შეიძლება, არც ჩვენი არმია იყოს.

ნარკოდამოკიდებული და ბახუსის მოყვარული სამხედროს გამოვლენა უფრო ადვილია, ვიდრე აზარტულ თამაშებში "ჩაძირულების", თუმცა, თითოეული მათგანი დიდ საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო საკუთარი თავის, არამედ არმიისა და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ზოგიერთ მათგანს ავტომატის გარდა, შეიძლება მრისხანე საბრძოლო ტექნიკა ებაროს, ან სულაც სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოებებზე მიუწვდებოდეს ხელი და უცხოური დაზვერვისთვის შანტაჟის საუკეთესო ობიექტად იქცეს...