თვითმკვლელობები ჯარში
07-09-2015
თვითმკვლელობები ჯარში
აზარტულ თამაშებში ჩართულები, ნარკომანები და ბახუსის მოყვარულები შეიარაღებულ ძალებს დაემშვიდობებიან

ბოლო ტრაგედია ქართულ არმიაში რამდენიმე დღის წინ, 1-ელ სექტემბერს ნორიოს საწვრთნელ ცენტრში დატრიალდა. პირველი ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცმა, სავარაუდოდ, საშტატო იარა­ღით თავი მოიკლა. შემთხვევის ადგილზე წერილი იპოვეს.

ვერ გეტყვით, რა ეწერა ამ წერილში, მაგრამ მალევე თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა საგანგებო განცხადება გააკეთა არმიაში მოხშირებული სუიციდის ფაქტებთან დაკავშირებით: "როგორც ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია და სტატისტიკა ადასტურებს, ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ ადამიანებს
აქვთ ვალები. ისინი აზარტული თამაშებით არიან დაკავებული და ამის გამო სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ".

აღსანიშნავია, რომ ახალდანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა ჯარში სუიციდის პრობლემის ერთობლივ შესწავლაში თანამშრომლობა არასამთავ­რობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ჯერ კიდევ სამი თვის წინ, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე შეხვედრისას შესთავაზა.

სამწუხაროდ, ქართულ არმიაში ყოველთვის ხდებოდა თვითმკვლელობები, თუმცა, სხვადასხვა
დროს ეს სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული.
როდესაც ქართული ჯარი მთლიანად სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვეული ახალგაზრდებით კომპლექტებოდა, მაშინ სუიციდის ფაქტები, ძირითადად, "დედოვშჩინით" იყო გამოწვეული - წინა გაწვევის ჯარისკაცები ყაზარმებში გამოჩენილი ახალწვეულების დაჩაგვრას ცდილობდნენ.
არცთუ უცხო იყო "კუთხურობის" ფენომენიც - ყაზარმაში "ქალაქელებს" "სოფლელების" დამორჩილება სურდათ, "აღმოსავლელებს" - "დასავლეთელების" (თუკი სამხედრო ნაწილი თბილისში ან კახეთში იყო) ან პირიქით (მაგალითად, ქუთაისის და სენაკის სამხედრო ნაწილებში).

საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლის შემდეგ ქართულ არმიაში სავალდებულო სამსახურის ჯარისკაცების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა და "დედოვშჩინის" ფენომენიც თითქმის გაქრა, მაგრამ როგორც ჩანს, წინ წამოიწია ახალმა სენმა სახელწოდებით - "აზარტულ თამაშებში ჩათრეული სამხედროები".
ეს საშინელება როგორც კონტრაქტით მომსახურე კაპრალს ან სულაც ოფიცერს, ისე - სავალდებულო სამსახურის იმ ჯარისკაცსაც შეიძლება დაემართოს, რომელსაც კანონი ნებას რთავს, კვირაში რამდენიმე დღე სამხედრო ნაწილის გარეთ გაატაროს. ნაწილის გარეთ ეს ჯარისკაცი თავისუფალია და მას ვერავინ დაუშლის, სათამაშო აპარატებში, ტოტალიზატორში ან სულაც - კაზინოში დახარჯოს თავისი ფული. მაგრამ ზემოხსენებულ "ეშმაკის მანქანებს" არაერთი ჩვეულებრივი მოქალაქე გადაურევია, თვითმკვლელობამდე მიუყვანია და ბუნებრივია, არც სამხედროფორმიანებს დაინდობს. ერთია, მხოლოდ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე "კალაშნიკოვით" ჯარისკაცის თვითმკვლელობას საზოგადოებაში უფრო მკვეთრი რეაქცია მოჰყვება, ვიდრე ტოტალიზატორის მოვალე სამოქალაქო პირის თავის ჩამოხრჩობას.

თავდაცვის მინისტრმა თავისებურად სცადა არმიისთვის ამ პრობლემის არიდება და განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომელი - როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო პირები - აზარტულ თამაშებში მონაწილეობის ფაქტის გამოვლენის "პირველივე შემთხვევაში შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლდებიან. როგორც ჩანს, ამ მუქარის ასასრულებლად კანონში სპეციალური პუნქტის ჩამატება იქნება აუცილებელი, რადგან დღეს არც ერთი კანონი არ უკრძალავს დათხოვნილ და შვებულებაში მყოფ სამხედრო მოსამსახურეს სათამაშო აპარატთან მისვლას.
თავდაცვის მინისტრი აზარტული მოთამაშეების გარდა, ნარკოტიკებსა და ბახუსთან "დაძმობილებული" სამხედრო მოსამსახურეების გამოვლენასა და შეიარაღებული ძალებიდან მათ დათხოვნასაც აპირებს.

სამწუხაროდ, არც ეს პრობლემებია უცხო ქართული არმიისთვის. ავღანეთში საერთაშორისო ძალების არაერთი ქვეყნის სამხედრო კონტინგენტში გამოვლინდა ნარკოდამოკიდებულების ზრდა და ამ მხრივ გამონაკლისი, შეიძლება, არც ჩვენი არმია იყოს.

ნარკოდამოკიდებული და ბახუსის მოყვარული სამხედროს გამოვლენა უფრო ადვილია, ვიდრე აზარტულ თამაშებში "ჩაძირულების", თუმცა, თითოეული მათგანი დიდ საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო საკუთარი თავის, არამედ არმიისა და მთლიანად ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რადგან ზოგიერთ მათგანს ავტომატის გარდა, შეიძლება მრისხანე საბრძოლო ტექნიკა ებაროს, ან სულაც სამხედრო და სახელმწიფო საიდუმლოებებზე მიუწვდებოდეს ხელი და უცხოური დაზვერვისთვის შანტაჟის საუკეთესო ობიექტად იქცეს...
გიგა-ს
24 სექტემბერი 2015 11:31
დაასახელე რა ქმნის დოვლათს (საქართველოში)!! ან ვინ ქმნის!! ადამიანს ზომიერების გრძნობა არ ქონდეს რა ჩემი გადასახდელია?? თუ ადამიანს თავისი ნაციდვილარის ასე გამოყენება სურს მოს---- პატრონი. ისე, რატომ რჩებათ დრო ამისთვის ჯარში!!! ე.ი. ჯარი კი არა ბუტაფორია! და კიდე უკაცრავად და მოსქმებულის ჭამა რომ არ შეიძლება თუ გასაგებია, თამაში რომ კარგი არ არის რატომ არ არის გასაგები!!!!!!!!!!!!!!
rezo
11 სექტემბერი 2015 20:54
es ici ritia gamowveuli, rom jariskacs yoveldgiurad xeli ar unda miuwvdebodes sabrdzolo vaznebze. ra sachiroa? roca poligonze isvris gasagebia, magram roca bazazea ra azri akvs? tu mteri wamova magisi 4 mchidi verapers ushvelis.
kula
11 სექტემბერი 2015 10:41
საქართველოს ეკონომიკა ვითარდება თურმე.. იზრდებაო დასაქმებულთა რიცხვი ლომბარდებში... ეკონომიკის ასეთი აღმავლობის პერიოდში კაზინოები თუ გავაუქმეთ, რას ვთავაზობთ ტურისტებს? მაღალ ფასებს და წვიმის დროს ბათუმში ნავებივით მოცურავე მანქანებს?
რაც შეეხება კაზინომანიით დაავადებულ სამხედრო მოსამსახურეებს, სხვისი ანგარიშიდან ითამაშებენ და მაინც ითამაშებენ გაცილებით უფრო დიდ თანხაზე, სახლიდან გაუსვლელად... ნუთუ ვერ ხვდებიან....გამოსავალი სამართლიანი კარიერული გადაადგილების და მოტივაციის სისტემის ჩამოყალიბებაშია..რომელსაც სამწუხაროდ ეს ხელმძღვანელობა ვერ შეძლებს..

რედაქტორის რჩევით