რუსეთი სირიის ომში ჩაერთო? - კვირის პალიტრა

რუსეთი სირიის ომში ჩაერთო?

თუკი რუსეთი სირიაში "ისლამურ სახელმწიფოს" ღიად დაუპირისპირდება, არ არის გამორიცხული, ვაშინგტონმა თბილისს ურჩიოს მოსკოვისთვის სატრანზიტო-სახმელეთო გზის გახსნა...

ჩაერთო თუ არა პუტინი ღიად სირიის ომში? - ეს კითხვა აწუხებს დღეს თურქეთის, ისრაელისა და აშშ-ის სადაზვერვო ორგანიზაციებს. ის, რომ რუსეთი რამდენიმე წლის განმავლობაში გამუდმებით ამარაგებს პრეზიდენტ ასადს იარაღით, არავისთვის საიდუმლო არ არის, მაგრამ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოსკოვი გეგმავს სირიაში რამდენიმე ათასი რუსი სამხედროს გადასროლას, რომლებიც ღიად ჩაერთვებიან "ისლამური სახელმწიფოსა" და ასადის სხვა შეიარაღებული ოპოზიციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ამას ადასტურებს ასადის ოპოზიციის მიერ სირიის ცაში გადაღებული რუსული თვითმფრინავების სურათები, რომლებშიც რთულად, მაგრამ მაინც შეიძლება რუსული გამანადგურებლის Су-27-ის და საფრონტო ბომბდამშენ Су-34-ის ამოცნობა. ამ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ასადის ხელისუფლებისთვის მიყიდვის შესახებ აქამდე ინფორმაცია არ არსებობდა და არ არის გამორიცხული, ამ შედარებით თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებს სირიის ცაში რუსი პილოტები მართავდნენ.

თუკი პუტინი მართლაც ღიად ჩაერთვება სირიის სამოქალაქო ომში, რით უპასუხებს მას აშშ, თურქეთი, ისრაელი და არაბული სამყარო?

"ისლამურმა სახელმწიფომ" ყველა გადაიმტერა და მის წინააღმდეგ რუსული ავიაციის გამოყენებას, არა გვგონია, ვაშინტონისა თუ ანკარის პროტესტი მოჰყვეს, მაგრამ რუსული საბრძოლო კონტინგენტი აუცილებლად დაარტყამს ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგე იმ ზომიერ ოპოზიციურ ძალებსაც, რომელსაც თეთრი სახლი კვებავს, ეს კი აშშ-ის გაღიზიანებას გამოიწვევს.

ცალკე საკითხია ქურთების საბრძოლო დანაყოფები, რომლებიც ასადის რეჟიმსაც ებრძვიან და იმ თურქეთსაც, რომელსაც თვითონ სწადია პრეზიდენტ ასადის ხელისუფლების დამხობა.

სირიის ომში ღიად ჩართვის შემთხვევაში პუტინს ასარჩევი ექნება - დაუპირისპირდეს ასადის მოწინააღმდეგე ქურთებს თუ ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს იმ ქურთებთან ურთიერთობაში, რომლებთანაც ჯერ საბჭოთა, ახლა კი რუსულ სპეცსამსახურებს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ.

რუსული არმიის ღიად გამოჩენა სირიის ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გაზრდის მოსკოვის გავლენის სფეროებს ახლო აღმოსავლეთში და შეიძლება ოფიციალური ვაშინგტონიც გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააყენოს - ერთი მხრივ, თეთრ სახლში "ისლამურ სახელმწიფოსა" და უკრაინაში რუსულ სამხედრო აგრესიას ერთნაირ საფრთხედ აღიქვამენ, მაგრამ კრემლი თავისი ინიციატივით "ისლამურ სახელმწიფოს" უპირისპირდება და ძალაუნებურად ხდება იმ საერთაშორისო კოალიციის დაუპატიჟებელი წევრი, რომელიც მთელი წელია "ისლამურ სახელმწიფოს" უშედეგოდ ებრძვის.

თუკი საერთაშორისო კოალიციამ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში რუსეთი თავის სრულუფლებიან წევრად ჩათვალა, მაშინ დასავლეთს მოუწევს ბევრ ისეთ რამეზე თვალის დახუჭვა, რასაც რუსეთი დღეს სჩადის უკრაინაში ან უახლოეს მომავალში შეიძლება ჩაიდინოს საქართველოში.

საქმე ის არის, რომ სირიის ომში ჩაბმულ რუსეთს უეჭველად დასჭირდება სახმელეთო სატრანზიტო დერეფნის გაჭრა საქართველო-სომხეთი-ირანი-ერაყი-სირიის მიმართულებით იმ დიდი რაოდენობის საბრძოლო ტექნიკის, ტყვია-წამლისა და შეიძლება ცოცხალი ძალის გადასასროლადაც, რომელიც ასადის რეჟიმს "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად სჭირდება.

ამ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, ოფიციალურ თბილისს აშშ-ის ხელისუფლებამ ურჩიოს, მისცეს რუსეთს სატრანზიტო-სახმელეთო დერეფანი სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ საბრძოლო ტექნიკის გადასროლისთვის...